ახალი ამბები

ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ევროკავშირის ანგარიშს პოლიტიკოსები ეხმიანებიან

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 13 აგვისტოს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო და მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს არსებული გამოწვევები „ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა“, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებული ხარვეზები; 2021 წლის 5-6 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა და სხვ.

დოკუმენტში ასევე ნათქვმია, რომ „2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%-მდე შემცირდა“.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშს პოლიტიკოსთა გამოხმაურება მოჰყვა. ქვემოთ ანგარიშზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებული მოსაზრებებია წარმოდგენილი:

მმართველი გუნდის გამოხმაურება

ილია დარჩიაშვილი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „ღია და მიმდინარე დიალოგი გვაქვს ევროკავშირთან. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასამკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით გვაქვს ძალიან დინამიკური პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველა ერთად ჩვენი ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში გვექნება კონკრეტული ხელშესახები შედეგები ძალიან მალე და საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“.

ბექა დავითულიანი – ქართული ოცნება: „ევროკავშირის ზოგადი შეფასება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში საქართველო რეფორმების თვალსაზრისით იყო მოწინავე ქვეყანა და ჯერჯერობით ამად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი მიმართულებებით… თუმცა, 12 პუნქტი მათი თვალსაზრისით არის ის გზამკვლევი, რომელიც მიგვიყვანს მათთვის და ჩვენთვის სასურველ შედეგამდე და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს 12 პუნქტი აღვასრულოთ და ყველა ის კრიტიკული მოსაზრება, რომელიც მათ შორის ამ დასკვნაში იყო დაწერილი, იმ 12 პუნქტში ასახულია…“.

ოპოზიციის გამოხმაურება

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე: „ამ დოკუმენტის მიხედვით საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე. მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 ნაბიჯის გადადგმისკენ, რომელიც გვაქცევს ევროპის ნაწილად. მაგრამ უსამშობლოების პარტია არ აპირებს ამ რეკომენდაციების შესრულებას, რაც დასტურდება ამ პერიოდში რუსული ოცნების მიერ განხორციელებული ქმედებებით და უმოქმედობით. პასუხიმგებლიანი, ეროვნული მთავრობა, დღესა და ღამეს უნდა ასწორებდეს, მუხლჩაუხრელად შრომობდეს ამ მოთხოვნების შესასრულებლად. ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს კი არ უნდა ლანძღავდეს, მათ დამატებით რეკომენდაციებს, რჩევებს სთხოვდეს და ასრულებდეს… თუმცა, რას ვთხოვთ მათ, ვინც უკვე უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე – აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია, არც აქ – საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა!“.

გრიგოლ გეგელია – ლელო საქართველოსთვის: „…ჩვენ კიდევ ერთხელ, აბსოლუტურად ნათლად, გავიგეთ და მოვისმინეთ, რომ საქართველოს აქვს ძირითადი და ფუნდამენტური პრობლემები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების მიმართულებებით…, ეს ანგარიში ძალიან ნათლად კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ან ამ მიმართულებებით ადგილი ექნება ძირეულ ცვლილებებს ან საქართველო დაკარგავს სრულად და საბოლოოდ ევროპულ პერსპექტივას“.

პაატა მანჯგალაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „მათ [ევროკავშირმა] გვითხრეს, რომ საქართველოში სუსტია დემოკრატია, სუსტია სახელმწიფო ინსტიტუტები. კვლავ არის საუბარი იმაზე, რომ, ფაქტობრივად, მიტაცებულია ძალაუფლება და ჩვენ შეგვიძლია შეფასება გავაკეთოთ პირდაპირ, რომ ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია ევროპასთან. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენ გავხდეთ ევროპის ნაწილი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი [და] შემდეგ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრები, აუცილებელია, ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა. დღეს ძალაუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს. არ პარლამენტი, არც მთავრობა… არაფერს ნიშნავს, სამწუხაროდ“.

გიგი წერეთელი – ევროპული საქართველო: „რა პოლიტიკასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს ანგარიში როგორ შეიძლება იყოს რამენაირად დადებითი? არაფერს ვამბობ [მათ] ანტიდასავლურ პოლიტიკაზე… ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, პრაქტიკულად, ეწინააღმდეგება იმ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ ევროკომისიას [და] კანდიდატის სტატუსს…“.

ელენე ხოშტარია – დროა: „… მას შემდეგ, რაც ჩვენ, ერთი მხრივ, გვითხრეს, რომ ხალხი იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას და, მეორე მხრივ, ოლიგარქიის პირობებში ეს შეუძლებელია, გასულია უკვე თითქმის ორი თვე და ამ ორი თვის შემდეგ, ჩვენ ვკითხულობთ ანგარიშს, რომელშიც არა თუ პროგრესი, არამედ მთელი ფუნდამენტური მიმართულებით გვაქვს სერიოზული ჩავარდნები. აქ ლაპარაკია როგორც შიდა ასევე გარე პოლიტიკაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button