ახალი ამბები

ილია დარჩიაშვილი სტამბოლში თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ყაზახეთის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც 28 ივლისს, თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, ქალაქ სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყნას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს, მათ შორის, სავაჭრო- ეკონომიკური კავშირების გამყარების მიმართულებით.

დარჩიაშვილმა და ჩავუშოღლუმ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველო-თურქეთს შორის მაღალი დონის „ურთიერთკავშირების გააქტიურება“ და მომავალში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების მზაობაც გამოხატეს. „ამ მხრივ საუბარი შეეხო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტს საქართველოში“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილეს და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით თურქეთის ძალისხმევის მნიშვნელობა აღნიშნეს.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში, თავის მხრივ, „საქართველოს მნიშვნელოვან როლსაც“ გაუსვეს ხაზი.

„ამ მხრივ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა თბილისში გამართულ პირველ შეხვედრას აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მომავალშიც პოზიტიურ როლს შეასრულებს კონკრეტულად ამ პროცესსა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათვე აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც „წარმატებით ვითარდება“.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ სატრანსპორტო კავშირებს ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით შუა დერეფანში“, – დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter-ზე შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 28 ივლისს, ილია დარჩიაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მუსტაფა შენთოფსაც შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, კომიტეტების დონეზე.

მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის კონტექსტში მხარეთა ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 29 ივლისს, 17:00 სთ-ზე, ილია დარჩიაშვილისა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button