skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „ღია საზოგადოების ფონდმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ 9 თებერვალს გამოქვეყნებულ ერთობლივ დოკუმენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 2021 წლის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესრულება შეაფასეს. საგულისხმოა, რომ მმართველმა პარტიამ შეთანხმება გასული წლის ივლისში ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის „ანულირებულია“.

კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის რეფორმა

„ღია საზოგადოების ფონდმა“, რომელიც კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის ქვეთავზე მუშაობდა, განაცხადა, რომ მმართველი პარტია უარს ამბობს ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, „დახურულ კარს მიღმა“ მიმდინარეობს.

ორგანიზაციის თქმით, პარლამენტმა არ დაამტკიცა „ამბიციური სასამართლო რეფორმა“. „ღია საზოგადოების ფონდის“ განცხადებით, ქართულმა ოცნებამ მხოლოდ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები, ისიც შეთანხმებაზე ხელმოწერამდე და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე.

გარდა ამისა, ორგანიზაციის შეფასებით, არც სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების ეფექტიანობა შეფასებულა, რაც ასევე დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

ამასთან, „ღია საზოგადოების ფონდი“ აცხადებს, რომ პარლამენტმა არც სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნების გადავადების შესახებ რეკომენდაცია გაითვალისწინა. ქართული ოცნების დეპუტატებმა გასული წლის ივლისში, უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე დაამტკიცეს.

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, პარლამენტს არ მიუღია კანონი, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნებს მოაწესრიგებდა, გაზრდიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევას და პროცესის გამჭვირვალობას. აგრეთვე, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა გატარებულა.

გარდა ამისა, პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია კანონი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებების წესებს განსაზღვრავდა. ორგანიზაციის შეფასებით, ამ მიმართულებით შემუშავებული კანონპროექტი რიგ პრობლემურ ნორმებს შეიცავს, რომლებიც „ამარცხებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიზნებს“.

„ღია საზოგადოების ფონდის“ შეფასებით, პროკურატურის სისტემა „კვლავაც პოლიტიკურად მოტივირებულ, დახურულ უწყებად რჩება“. ორგანიზაციის განცხადებით, „მმართველ ძალას არ აქვს სამართალდამც[ველი] სისტემის დეპოლიტიზების ნება“, რამდენადაც უარყო მომდევნო ორი პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის 3/5-ით არჩევის შესახებ წინადადება.

საარჩევნო რეფორმა 

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ მომზადებულ თავში, რომელიც საარჩევნო რეფორმას ეხება, ნათქვამია, რომ ის დებულებები, რომელთა თანახმადაც შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული და 2%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, ასევე საპარლამენტო ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატების რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე შემცირდება, ნაწილობრივ შესრულდა. მიღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მხოლოდ პირველი საკითხი მოაგვარა.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ დეპუტატებმა შეასრულეს ვალდებულება საკრებულოებში პროპორციული ადგილების წილის ზრდის, ასევე ადგილობრივ არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის შემცირების, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების პარლამენტის სრულის შემადგენლობის 2/3-ით არჩევისა და ხმების ხელახალი გადათვლის კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე.

ამასთან, ორგანიზაციის თქმით, ნაწილობრივ შესრულდა დებულება, რომელიც ცხრავე პარტიას, რომელთაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს, ცესკოს წევრის წარდგენის უფლებას ანიჭებს.

„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ ცვლილებებმა ცესკოს წევრის წარდგენის საშუალება მისცა ევროპელ სოციალისტებს, რომლის შემადგენლობაშიც პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრები შედიან, მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ სოციალისტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ორგანიზაციამ ხაზი გაუსვა, რომ ასევე ნაწილობრივ შესრულდა დებულება ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებში პროფესიულ წევრთა რაოდენობის ზრდის თაობაზე.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე განაცხადა, რომ ნაწილობრივ შესრულდა ვალდებულებაც, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე სადავო კანონპროექტის გადახედვას ითვალისწინებს. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და თუ მისი დეპუტატების ნახევარზე მეტი არ დასწრებია პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს.

პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება 

რაც შეეხება ანგარიშის ნაწილს პარლამენტში ძალაუფლების განაწილების შესახებ, რომლის ავტორიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოა“, ორგანიზაციამ დაადგინა, რომ პარლამენტში ძალაუფლების განაწილების შესახებ 19 აპრილის შეთანხმების არცერთი დებულება არ შესრულებულა.

კერძოდ, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ არ გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის, რომ პარლამენტის წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან ეხელმძღვანელათ ხუთი კომიტეტისთვის, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი და საგარეო საქმეთა კომიტეტი.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრებს ოპოზიციური პარტიებიდან არ დაუკავებიათ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის ერთი პოზიცია იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

დოკუმენტის თანახმად, არ შეიქმნა „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი ევროპარლამენტთან და არ იქნა შემოღებული საპარლამენტო პოზიციების განაწილების „ინკლუზიური ფორმულა“.

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ განაცხადა, რომ შეთანხმებაში პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირების შესახებ ჩანაწერი ნაწილობრივ შესრულდა.

ორგანიზაციის განცხადებით, „პოლიტპატიმრები“ – ერთიანი ნაციონალური მოძრობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა გაათავისუფლეს.

„დემოკრატიული ინიციატივის“ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, ამ უკანასკნელთან მიმართებით მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button