skip to content
ახალი ამბები

გალის აფხაზურ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 5 დეკემბერს გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ნადარაია თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე კი, ომარ ბგანბა დანიშნა.

ნადარაია, რომელიც 1992-93 წლებში აფხაზი სეპარატისტების მხარეზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა, გალის რაიონის ადმინისტრაციას სათავეში 2014 წლის ნოემბრიდან ედგა. მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გალის აფხაზური ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ტყვარჩელში დაბადებული 50 წლის ომარ ბგანბა 2016-2019 წლებში დაბა გულრიფშის ადმინისტრაციის უფროსი იყო, მანამდე კი, კომერციულ საქმიანობას ეწეოდა.

სოხუმის სტატისტიკური მონაცემებით, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, გალის რაიონის ტერიტორიაზე, 30259 პირი ცხოვრობდა. 2014 წელს მათ უმრავლესობას სოხუმმა ე.წ. მოქალაქეობა ჩამოართვა და 2017 წლიდან ბინადრობის ნებართვა გასცა, რაც გალელებს პოლიტიკურ უფლებებს ართმევს და არ აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სოხუმის მიერ ორგანიზებულ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში.

აფხაზური კანონმდებლობის თანახმად, რაიონის ადმინისტრაციის უფროსს პრეზიდენტი ნიშნავს. ადგილობრივ მოსახლეობას კი რაიონული საკრებულოს არჩევის უფლება აქვს, თუმცა გალელებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკანასკნელად 2011 წელს მიიღეს.

რაიონის მოსახლეობისათვის 2014 წელს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, სოხუმი გალში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვერ ატარებს.

2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, სოხუმმა გალში არჩევნების ჩატარება ჯერ 2017 წლამდე, შემდეგ კი, 2020 წლამდე გადადო, პარალელურად კი, 2011 წელს არჩეულ გალის 26-წევრიან საკრებულოს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელა.

2019 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, აფხაზურ საარჩევნო ადმინისტრაციას გალში 900-მდე ამომრჩეველი (ანუ, აფხაზეთის პასპორტის მქონე პირი) ჰყავდა დარეგისტრირებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button