ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა საქართველოში ვიზიტი პრემიერთან და „ოცნების“ ლიდერებთან შეხვედრებით დაასრულეს

ევროპარლამენტის დელეგაციამ საქართველოში ორდღიანი ვიზიტი 21 ივლისს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრებით დაასრულა.

მანამდე, ასევე გუშინ, ისინი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისსაც ეწვივნენ.

ევროპარლამენტართა დელეგაცია თბილისს 20-21 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ეწვია და მის შემადგენლობაში შემადგენლობაში იყვნენ: ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი, ასიტა კანკო. დელეგაციას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობდა.

პრემიერმინისტრთან შეხვედრა

ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებსა და ევროკომისიის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა, რომ საქართველოს მიმართ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული მიდგომა გამოიყენეს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

„თუმცა, საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო [ევროპული] საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა [და] რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით“.

ამავე ინფორმაციით, მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებაზე, ასევე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ იმსჯელეს.

მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, ამ კონტექსტში, პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ევროპარლამენტარებთან შეხვედრას პრემიერთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რევაზ ჯაველიძე.

ქართული ოცნების ლიდერებთან შეხვედრა

პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარები ქართული ოცნების ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და სხვა ლიდერებს შეხვდნენ.

ქართული ოცნების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნის დღის წესრიგის მთავარ საკითხზე – კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს. „ამ თემას ამომწურავად შევეხეთ, გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიც არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებაში“, – დასძინა მან.

„მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button