ახალი ამბები

ევროპარლამენტარები ქართული ოცნების ლიდერებსა და დეპუტატებს შეხვდნენ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაცია 10-14 აპრილს საქართველოს სტუმრობს, რათა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგები შეაფასოს.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან – ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლუკას მანდლი (სახალხო პარტია, ავსტრია); ქვეკომიტეტეის წევრები – ოლეკას იუაზასი (სოციალ-დემოკრატები, ლიეტუვა) და ელენე იონჩევა (სოციალ-დემოკრატები, ბულგარეთი) და ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი (ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი, გერმანია).

გუშინ ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ასევე ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდნენ.

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ გააგრძელებს „აქტიურ ჩართულობას“ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა“. ,,ჩვენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ევროპულ და არა ომის პერსპექტივას ვთავაზობთ“, – განაცხადა მან.

საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე. „მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებიც განიხილეს. ამასთან, შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების კუთხით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის მიმართულებით რეფორმებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელეს.

პარლამენტში ვიზიტისას, ევროპარლამენტარები ქართული ოცნების დეპუტატებს – მაკა ბოჭორიშვილს, ლევან ქარუმიძეს მარიამ ლაშხს, ირაკლი ჩიქოვანს ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და თამარ ტალიაშვილს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა რუსული ოკუპაცია, ჰიბრიდული საფრთხეები და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს“, – ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

ასევე 11 აპრილს, ევროპარლამენტარებს ოპოზიციონერი დეპუტატებიც შეხვდნენ – ლევან იოსელიანი მოქალაქეებიდან; ხატია დეკანოიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან; ანა ბუჩუკური პარტიიდან საქართველოსთვის; ხათუნა სამნიძე რესპუბლიკელებიდან; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლიდან; ფრიდონ ინჯია ევროპელი სოციალისტებიდან; ჰერმან საბო ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩიდან; სალომე სამადაშვილი ლელოდან.

გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ორ მთავარ საკითხზე – უკრაინასთან მიმარტებით „საქართველოს პოზიციონირებასა“ და ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე იმსჯელეს.

„ამისთვის საქართველოს სჭირდება რეფორმები, პირველ რიგში სასამართლო რეფორმა“, – თქვა დეპუტატმა.

„საქართველოს ყველა მეგობარი და მოკავშირე ევროპარლამენტში გულშემატკივრობს ჩვენს ქვეყანას, მის უსაფრთხოებას, მაგრამ ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირთან მიმართებაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„მათ სურთ რომ წარმატებული იყოს საქართველოს აპლიკაცია ევროკავშირში კანდიდატის [სტატუსის] მიღების გზაზე. ამავე დროს, ნათელია იმ რეფორმების გატარების გარეშე, რომელიც საქართველოს ესაჭიროება, წარმატება ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ ექნება“, – დასძინა მანვე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button