skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირიდან კითხვარის მიღების ფონზე პრეზიდენტი ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრობაზე თვითშეფასების კითხვარის მიღებას გამოეხმაურა და ამ „ეროვნული ინტერესის საქმეში“ მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არის არაჩვეულებრივი, ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას“, რომელსაც, „ალბათ, უნდა ვუმადლოდეთ ამას უკრაინას და უკრაინის ბრძოლას“.

„ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი…, რომელზედაც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრებიც და ამ საქმის მიმართ [უნდა] ვიყოთ ჩვენ ყველანი გაერთიანებულნი, როგორც მოსახლეობა, ისე პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ხაზი გაუსვა რა, რომ საკითხის ირგვლივ „უნდა იყოს მობილიზებული ყველა ძალები“, – სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით“.

„ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვართ ყველანი დღეს პასუხისმგებელნი ჩვენი შემდეგი თაობის წინაშე… ჩვენ ან შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას ან ვერ შევძლებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მანვე დასძინა, რომ 1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მთელი ეს პერიოდი „იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით“.

„[ამიტომ], ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ [არა მხოლოდ] სრული არა სერიოზულობით, [არამედ] სრული ერთსულოვნებით“, – განაცხადა მან.

„ეს არის ეროვნული თანხმობა და ეროვნული ინტერესი ამ მიზნის ირგვლივ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button