ახალი ამბები

შვედეთის თავდაცვის მინისტრი თბილისში იმყოფება

შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი, პეტერ ჰულთქვისტი, რომელიც თბილისს სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიასა და თავდაცვის სფეროში შვედეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

„ძალიან მნიშვნელოვანია შვედეთსა და საქართველოს შორის ხედვების გაზიარება უკრაინაში მიმდინარე საშინელ ომზე, რეგიონულ სიტუაციაზე, შავი ზღვის მომავალსა და ასევე, იმ შესაძლებლობების ფანჯარაზე რასაც ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ჰქვია“, – დაწერა Facebook-სა და Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვედეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

რეგიონული უსაფრთხოება და ამ კონტექსტში არსებული გამოწვევები, აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო საქართველო-შვედეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სამხედრო აგრესია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევაა და საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივ და მრავალმხრივი ფორმატებში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

„დღევანდელი გამოწვევების პირობებში, შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპისთვის, ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან“, – თქვა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შვედ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

შენიშვნა: მასალა 19:30 სთ-ზე შვედეთის თავდაცვის მინისტრის პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციის შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button