ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს 2023–2024 წლების პოლიტიკური მოვლენების შესახებ ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის, პროგრესის შესახებ პირველი ანგარიში მიიღო,  რომელიც 2023–2024 წლების პოლიტიკურ მოვლენებზეა ფოკუსირებული. დოკუმენტის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა ევროპის სახალხო პარტიიდან.

კენჭისყრას წინ უძღოდა 8 ივლისს გამართული დებატები, რომლის დროსაც რამდენიმე ევროპარლამენტარმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, მარტა კოსმა, მკვეთრად გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის გამო.

რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც „ოდესღაც დემოკრატიის მედროშე“ იყო, „ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად“ იქცა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ელჩებსა და ევროპარლამენტარებზე „ივანიშვილის რეჟიმის“ წარმომადგენლების თავდასხმებმა მხოლოდ გაამყარა პარლამენტის საერთო პოზიცია.

იუკნევიჩიენე ანგარიშში რამდენიმე შესწორების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. „ოპოზიციის ძირითადი ლიდერების დაპატიმრების გამო, ეს არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც თავისუფალი და სამართლიანი“, – აღნიშნა მან.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებამ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე ძირი გამოუთხარა ქვეყნის სუვერენულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

დოკუმენტი გმობს მომიტინგეებზე „სასტიკ თავდასხმებს“, „ძალადობრივ რეპრესიებს“, „თვითნებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს“, ასევე ცნობებს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების „სისტემური წამების“ შესახებ.   

ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას“. ანგარიში ასევე მოუწოდებს ძალადობის აქტების საფუძვლიანი გამოძიებისკენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მხოლოდ ახალ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული „პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის“ მოგვარება.

ანგარიში ასევე გმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობის მცდელობებსა და  გრანტების შესახებ ახლად მიღებულ კანონს, რომელიც უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის თანხმობას მოითხოვს. ის მოუწოდებს ევროკომისიას გაზარდოს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

დოკუმენტში სინანულია გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველომ ვერ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში, და იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ქვეყნის შესაბამისობის დონე „მნიშვნელოვნად დაბალი“ რჩება.

This post is also available in: English

Back to top button