skip to content
ახალი ამბები

სტოლტენბერგი: უმჯობესია საქართველოს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 6 აპრილს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ „უმჯობესია დავეხმაროთ [ღირებულ პარტნიორებს, როგორიც საქართველოა] ადრე, ვიდრე გვიან“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, სტოლტენბერგმა თქვა, რომ გაკვეთილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრისგან უნდა ვისწავლოთ „ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორებს, როგორიც საქართველოა“.

„ამიტომ, ერთერთი საკითხი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება დღეს და ხვალ არის, თუ როგორ გავაფართოვოთ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან და, რა თქმა უნდა, საქართველო მათ შორისაა“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, „ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მეტი დახმარება ყველა სფეროში, დაწყებული კიბერუსაფრთხოებით და უსაფრთხო კომუნიკაციებით და დამთავრებული შესაძლებლობების ზრდითა და სხვა მიმართულებებით, რათა გავაძლიეროთ საქართველო, რომ მან შეძლოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას“.

„ნატოს კარი ღია რჩება“, – ხაზი გაუსვა გენერალურმა მდივანმა და დასძინა, რომ „ნატოს გაფართოება მრავალი ათწლეულის განმავლობაში წარმატებით განხორციელდა და ევროპაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სტაბილურობისა და მშვიდობის გავრცელებას დაეხმარა“.

მისივე თქმით, წევრობის საკითხი მხოლოდ აპლიკანტ ქვეყანაზე და ალიანსის წევრებზეა დამოკიდებული. „რუსეთს და არცერთ სხვა ქვეყანას ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება არ აქვს“, – დასძინა მან.

ნატომ საქართველო, კიდევ რამდენიმე სხვა პარტნიორთან ერთად, 6-7 აპრილის მინისტერიალზე მიიწვია. დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება, რომელიც უკვე ბრიუსელში იმყოფება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button