skip to content
ევროპამათი თვალით

მოსაზრება: უსაფრთხოების როგორი გარანტიები სჭირდება უკრაინას?

დოქტორი ულრიხ შპეკი გერმანელი ანალიტიკოსია, ამჟამად „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგის“ გეოპოლიტიკური თემების ანალიტიკოსად მუშაობს და საკუთარ გამოცემასაც აქვეყნებს. ეს მოსაზრება მან საკუთარ გამოცემასა და ტვიტერის ქსელში გამოაქვეყნა.


რუსეთთან უკრაინის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მონახაზზე და განსაკუთრებით, მასში დასავლეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტის როლზე საუბრისას, უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების პრობლემა ახალი როდია. შესაბამისად, ამ მხრივ, გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა და მისი გათვალისწინება აუცილებელია.

პრობლემის საფუძველი ისაა, რომ რუსეთი (და პირადად პუტინი თავისი გარემოცვით) არ აღიარებს უკრაინის უფლებას, იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული, რუსეთისაგან ცალკე არსებული სახელმწიფო. სწორედ ესაა მიმდინარე კონფლიქტის ერთადერთი მიზეზი, კონფლიქტისა, რომლის აქტიური ფაზაც 2014 წელს დაიწყო.

საკითხავი ისაა, შეიცვლება კი ეს მოცემულობა ახლა, როცა რუსეთი ვერ აღწევს სამხედრო გამარჯვებას უკრაინაში? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ასეთია: გააჩნია, როგორ დამთავრდება ომი.

თუკი რუსეთი დამარცხდება და ეს მარცხი აშკარა იქნება, შესაძლებელია მოსკოვმა აღიაროს რეალობა, რომლის შეცვლაც მას აღარ შეეძლება. და პირიქით, თუკი რუსეთმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის თუნდაც მცირე ნაწილის მიტაცებაც კი, მის ნეოიმპერიალისტურ ოცნებებს დავიწყება არ უწერია.

გვახსოვს, რომ 2014-2015 წლებში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი მოიპოვა, რაც უმალ უკრაინის სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად გამოიყენა. როცა ამ გზით პუტინმა უკრაინის სახელმწიფოებრიობა ვერ დაასრულა, პუტინმა ღია ომი დაიწყო.

რაც არ უნდა იყოს რუსეთის სურვილი და მიზანი, უკრაინის უსაფრთხოებისათვის საკვანძო საკითხი რუსეთის შეკავების სისტემის შექმნაა მას შემდეგ, რაც ბრძოლის ეს ეტაპი დასრულდება. წარსულში, აშშ და ევროპა რამდენჯერმე შეეცადა უკრაინას რუსეთთან დაპირისპირებაში დახმარებოდა და ამისთვის სხვადასხვა გზა გამოსცადა.

1994 წლის ბუდეპეშტის მემორანდუმი უბრალოდ დაპირება გახლდათ, რომელსაც არანაირი რეალური ღირებულება არ გააჩნდა — მისი მთავარი ამოცანა უკრაინის მიერ ატომური იარაღის რუსეთისთვის გადაცემის მირწევა იყო. 2008 წელს უკრაინისთვის მიცემული პირობა, რომ ის ნატოს წევრი გახდებოდა — წევრობის სამოქმედო გეგმის მიუცემლად — ასევე არ გამოდგა საკმარისი რუსეთის შესაკავებლად. ეს არც იყო მოულოდნელი, რადგან გადაწყვეტილება აშშ-სა და გერმანიის პოზიციებს შორის უგერგილო კომპრომისს წარმოადგენდა. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სახის კომპრომისით შესაძლოა რუსეთის აგრესია უფრო წახალისდა კიდეც.

2013 წელს ევროპის ლიდერებმა ჩათვალეს, რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება რუსეთს არ გააღიზიანებდა. ევროპაში მაშინ დომინირებდა აზრი, რომ რუსეთი ნატოსთან უკრაინის ურთიერთობით და გაწევრიანების პერსპექტივით იყო გაღიზიანებული და რომ ევროკავშირი, ნატოსაგან განსხვავებით, რუსეთისთვის საფრთხედ არ აღიქმებოდა. ეს წარმოდგენაც მცდარი აღმოჩნდა. რუსეთისათვის „საფრთხე“ თავად დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინაა. ბუნებრივია, ეს საფრთხეა არა იმდენად თავად რუსეთის არსებობისათვის, არამედ მისი ნეოიმპერიული ამბიციის აღსრულებისათვის, რომელსაც მიზნად დაუსახავს სამეზობლოს გაკონტროლება, რასაც კრემლი რუსეთის „დიადი ქვეყნის“ გადაქცევის განუყოფელ წინაპირობად აღიქვამს.

ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის პირველი ეტაპის შემდეგ, ევრპელების მონაწილეობითა და შუამავლობით 2015 წლის მინსკის მეორე შეთანხმება შედგა და ე.წ. „ნორმანდიის ფორმატი“ შეიქმნა. ეს გეგმა ანგელა მერკელმა შეიმუშავა, ისევე, როგორც 2014-2015 წლის ევროპული პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა როგორც სანქციებს (რუსეთისთვის მათრახს), ისე — მოლაპარაკებების პროცესს (თაფლაკვერს).

ამ მიდგომის არსი ის იყო, რომ პუტინის დაყაბულება შეიძლებოდა ორმხრივი მოგების პოსტ-მოდერნულ, კომპრომისებზე დაყრდნობილ მიდგომაზე. ზოგიერთს გერმანიაში იმის იმედიც ჰქონდა, რომ თუკი კომპრომისების ძიების პროცესი გაიწელებოდა, რუსეთი საბოლოოდ უკრაინიის მიმართ ინტერესს დაკარგავდა და თავს გაანებებდა მას.

პუტინისთვის, ამ პროცესში ჩართვის მიზეზი იმთავითვე იგივე იყო, რაც ადრე: მისი გამოყენება უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესარყევად. ამისათვის, რუსეთი დაჟინებით ითხოვდა ოკუპირებული ტერიტორიებისათვის უკრაინისათვის სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო საკითხებში გადამწყვეტი ხმის მინიჭებას.

ბუნებრივია, თუკი პუტინი თავის მიზანს ომის გარეშე მიაღწევდა, ეს უფრო „იაფი“ გამოსავალი იქნებოდა, პირველ რიგში იმიტომაც, რომ რუსეთი დასავლეთთან საქმიან ურთიერთობას შეინარჩუნებდა. ასეც მოხდა — პუტინმა მიიღო კონკრეტული სარგებელი. ყველაზე ცხადი და მნიშვნელოვანი საჩუქარი „ჩრდილოეთი ნაკადი-2-ის“ პროექტი გახდა, მაგრამ არც მაკრონის მიერ პუტინისთვის წითელი ხალიჩის გაფენა და „უსაფრთხოების ახალ სისტემაზე“ საუბარი უნდა დაგვავიწყდეს.

ბოლოს ნორმანდიის ფორმატიც წარუმატებელი აღმოჩნდა. დონბასის სისხლმდენი ჭრილობის მიუხედავად, უკრაინა დასავლეთის დახმარებით მოძლიერდა და სულ უფრო დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. პუტინმაც — ვისი მმართველობის ამოცანაც ყოველთვის უკრაინის გაკონტროლება იყო — ტაქტიკა შეცვალა. ის შეეცადა უკრაინისა და დასავლეთის დაშინებას უკრაინის საზღვრებთან ჯარის შეგროვებით. როცა არც უკრაინამ დათმო და არც დასავლეთმა, პუტინმა მნიშვნელოვანი მიჯნა გადაკვეთა და ღია, სრულმასშტაბიან ომზე წასვლა გარისკა.

როცა რუსეთსა და უკრაინას შორის მომავალ შეთანხმებაზე და მასში რუსეთის როლზე ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთის ოთხი ეს წარუმატებელი მცდელობა, დახმარებოდა უკრაინას თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში.

უნდა გვახსოვდეს სამი საკვანძო მომენტი:

  • რუსეთი ცდილობს უკრაინას დამოუკიდებლობა წაართვას;
  • უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით რუსეთზე სუსტია (თუმცა ეს შეხედულება ახლა გარკვეულწილად იცვლება);
  • დასავლეთს სურს დაეხმაროს უკრაინას, მაგრამ არ სურს ომი რუსეთთან.

კიევი ამბობს, რომ მას სურს დასავლეთისაგან უსაფრთხოების გარანტიების მიიღოს. ამგვარი გარანტია 1994 წელს დასავლეთმა გასცა, თუმცა ის ფარატინა ქაღალდად დარჩა. მსგავსი გარანტიის მიცემაზე დასავლეთმა უარი თქვა 2008 წელს. პრაქტიკული თვალსაზრისით, დასავლეთმა თავი შეიკავა უკრაინის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერისაგან 2013-2014 წლებში და ახლაც, 2022 წელს. თუკი დასავლეთი ხელს მოაწერს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, მაგრამ მზად არ იქნება დაიცვას უკრაინის საზღვრები რუსეთის წინააღმდეგ და გადაიხადოს ესკალაციის ფასი, მაშინ ვითარება ხარისხობრივად არ შეიცვლება. ქაღალდზე დაწერილი გარანტიები არ იმუშავებს. რუსეთთან კონფლიქტის სურვილი ბერლინსა და პარიზში ფრიად დაბალია და სავარაუდოდ ფუნდამენტურად განსხვავებული დამოკიდებულება არც ლონდონსა თუ ვაშინგტონშია.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხდება ორი რამ:

პირველი, რუსეთმა აშკარა დამარცხება უნდა იწვნიოს, მარცხი. რომელიც დრამატულად შეამცირებს უახლოეს მომავალში პუტინის მიერ ახალი ომის დაწყების შესაძლებლობას. თუკი მიმდინარე ბრძოლების შედეგად რუსეთმა უკრაინის ხელშესახები ტერიტორია დაიპყრო, უახლოეს მომავალში ახალი ომის შესაძლებლობა საგრძობლად გაიზრდება.

მეორე, და ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც: დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უკრაინის არმიის შესაიარაღებლად და გასაწვრთნელად, განსაკუთრებით ომის დასრულების შემდეგ. რაც უფრო უკეთ იქნება უკრაინა მზად საკუთარი საზღვრების რუსეთისაგან დასაცავად, მით უფრო დაცული იქნება ის და მით უფრო შესაძლებელია, რომ სანქციების მოქმედების ფონზე რუსეთს მოუწევს ახალი რეალობასთან შერიგება.

მსგავსი/Related

Back to top button