მსოფლიო Zeitenwende-ს, ჟამთა ცვალებადობის წინაშეა – ეპოქალური მნიშვნელობის, ტექტონიკური ცვლილებების მომსწრენი ვართ. უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებით რუსეთმა ერთი ეპოქა დაასამარა. წინ წამოიწია ეკონომიკურად ძლიერმა და პოლიტიკურად თავნება ჩინეთმა. ახალ, მულტიპოლარულ სამყაროში, ქვეყნები და მმართველობის მოდელები ძალაუფლებისა და გავლენისათვის იბრძვიან.
გერმანია ყველაფერს აკეთებს გაეროს ქარტიის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად და განსავითარებლად. ჩვენი დემოკრატია, უსაფრთხოება და კეთილდღეობა საერთო წესების სავალდებულოობაზეა დამყარებული. სწორედ ამიტომ გერმანელებს სურთ, ევროპული უსაფრთხოების გარანტებად იქცნენ, სწორედ ისე, როგორც პარტნიორები მოელიან ჩვენგან, ხიდები გასდონ ევროკავშირის შიგნთ და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად დარაზმონ საერთაშორისო საზოგადოება. ჩვენი ეპოქის გეოპოლიტიკური ხაფანგებისგან თავის წარმატებით დასაღწევად გერმანიას სხვა გზა არ გააჩნია.
ჟამთა ცვალებადობა იმაზე მეტია, ვიდრე საკუთრივ უკრაინის ომი და ევროპული უსაფრთხოების საკითხი. მთავარი კითხვა ასე ჟღერს: როგორ შეგვიძლია ჩვენ, ევროპელებს და ევროკავშირს, დამოუკიდებელ აქტორებად დავრჩეთ სამყაროში, რომელიც სულ უფრო მულტიპოლარული ხდება?
გერმანიასა და ევროპას შეუძლიათ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა ისე, რომ არ იზიარებდნენ ბლოკებად ხელახლა დაშლილი მსოფლიოს ფატალისტური ხედვას. ჩემი ქვეყნის ისტორია განსაკითრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს, როცა საქმე ფაშიზმის, ავტორიტარიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. იდეოლოგიური და გეოპოლიტიკური შეჯიბრის ხანაში ჩვენი ქვეყნის ორად გაყოფის გამოცდილებამ კი განსაკუთრებით გაგვიმახვილა ახალი ცივი ომისაგან მოსალოდნელი ხიფათის განცდა.
ეპოქის დასასრული
მსოფლიოს დიდი ნაწილისათვის, რკინის ფარდის დაშლის შემდეგ გასული სამი ათწლეული მშვიდობისა და კეთილდღეობის ხანა იყო. ტექნოლოგიების განვითარებამ ურთიერთკავშირისა და ურთიერთთანამშრომლობის დონე განუზომლად გაზარდა. საერთაშორისო ვაჭრობა გაფართოვდა, წარმოების გლობალური ჯაჭვი შეიკრა, ხალხიცა და ცოდნაც საზღვრებს შეუფერხებლად კვეთდა და ამის წყალობით მილიარდამდე ადამიანმა სიღატაკეს დააღწია თავი. რაც მთავარია, მსოფლიოს გარშემო, მოქალაქეებმა თავიდან მოიშორეს დიქტატორები და ერთპარტიული მმართველობა. თავისუფლების, ღირსებისა და დემოკრატიისაკენ მათმა სწრაფვამ ისტორიის მიმართულება შეცვალა. ორი მსოფლიო ომით გამოწვეული გაპარტახებისა და ვარამის ხანა – რაშიც ჩემს ქვეყანას დიდი წვლილი მიუძღოდა – დაძაბულობისა და დაპირისპირების ოთხმა ათწლეულმა შეცვალა, თანაც ატომური აპოკალიფსის ჩრდილქვეშ. ოღონდაც 1990-იანი წლებისათვის თითქოსდა მსოფლიო წესრიგი, როგორც იქნა, უფრო მდგრადი გახდა.
გერმანელებს განსაკუთრებით გაგვიმართლა. 1989 წელს აღმოსავლეთ გერმანიის მამაცმა მოქალაქეებმა ბერლინის კედელი დაამხეს. სულ რაღაც თერთმეტი თვე იყო გასული და ჩვენი შორსმხედველი პოლიტიკოსების, ისევე როგორც დასავლელი და აღმოსავლელი პარტნიორების წყალობით, ჩემი ქვეყანა გაერთიანდა. ასრულდა ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის ნათქვამი – “რასაც ერთად უწერია ყოფნა, ერთად უნდა გაიზარდოსო.”
ეს სიტყვები მხოლოდ გერმანიას კიარა, დანარჩენ ევროპასაც ეხებოდა. ვარშავის ხელშეკრულების წევრმა ქვეყნებმა ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების (ნატოს) და ევროკავშირის წევრობა აირჩიეს. “ერთიანი და თავისუფალი ევროპა”, როგორც მაშინდელ აშშ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უფროსს უყვარდა თქმა, ფუჭი იმედად უკვე აღარ მოჩანდა. ამ ეპოქაში ისე ჩანდა, რომ რუსეთიც დასავლეთის პარტნიორად გადაიქცეოდა და საბჭოთა კავშირის დარად მის მეტოქეობაზე ხელს აიღებდა. ამ იმედით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ არმიები შეკვეცა და სამხედრო ხარჯებიც შეამცირა. გერმანიისთვის ეს ლოგიკურ ნაბიჯად მოჩანდა: რა აზრი ჰქონდა 500 ათასი ჯარისკაცის შენახვას, როცა გარშემო მეგობრები და პარტნიორები გვეკრა?!
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა სხვა საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაერთო. ბალკანეთის ომებმა და აშშ-ზე 11 სექტემბრის თავდასხმებმა, ავღანეთსა და ერყში მიმდინარე კონფლიქტებმა ყურადღება რეგიონული და გლობალური კრიზისების მართვის აუცილებლობისკენ მიმართეს. ნატოს მოკავშირეებთან სოლიდარობა შენარჩუნდა. 11 სექტემბრის შეტევების შემდეგ პირველად ამოქმედდა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი და ჩვენი სამხედროებიც ნატოელი მოკავშირეების მხარდამხარ დადგნენ ავღანეთში, ტერორიზმთან საბრძოლველად.
ამასობაში, გერმანიის ბიზნესმენებმა ისტორიის მდინარების ახალი მიმართლებიდან თავისი დასკვნები გამოიტანეს. რკინის ფარდის გაქრობამ და გლობალური ეკონომიკის ინტეგრირების ხარისხის ზრდამ ახალი შესაძლებლობები შექმნა, ახალი ბაზრები გახსნა, განსაკუთრებით ყოფილი აღმოსავლეთი ბლოკის ქვეყნებში და მათ მიღმა – მაგალითად, ჩინეთის სახით. რუსეთი ენერგეტიკული და ნედლეულის რესურსების საიმედო მომწოდებელი ჯერ კიდევ ცივი ომის დროს იყო. ამ პარტნიორობის გაფართოება და გაღრმავება, გარკვეული ხნის განმავლობაში სრულიად ლოგიკურად მოჩანდა.
ოღონდაც, რუსეთის მმართველებმა საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების დაშლა სულ სხვაგვარად გაიაზრეს. მათ ბერლინისა და დასავლეთ ევროპის შეხედულებებისაგან მკვეთრად განსხვავებული დასკვნებიც გამოიტანეს. იმის ნაცვლად, რომ კომუნისტების მმართველობის მშვიდობიან დასასრულში მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიის შესაძლებლობა ეხილათ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ამ მოვლენებს “მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა. პოსტ-საბჭოთა სივრცეში 1990-იან წლებში გამეფებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა არეულობამ რუსეთის მოქალაქეებს შორის გაამძაფრა დანაკარგისა და შიშის განცდა, რომელსაც ბევრი მათგანი დღესაც საბჭოთა კავშირის აღსასრულს უკავშირებს.
ამგვარ გარემოში ავტორიტარიზმისა და იმპერიული ამბიციები აღმოცენდა. 2007 წელს, პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას აგრესიული სიტყვით მიმართა, დასახა რა წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი ამერიკული ჰეგემონიის იარაღად. მომდევნო წელს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა, თავისი ჯარები კი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში გაგზავნა, როთაც პირდაპირ დაარღვია როგორც საერთაშორისო სამართალი, ისევე რუსეთის მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. მომდევნო წლებში, რუსეთმა ძირი გამოუთხარა იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეფერხებებს, გაზარდა სამხედრო პოტენციალი, მოწამლა და დახოცა რუსი დისიდენტები, გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და ბრუტალური სამხედრო ინტერვენციით გაუმაგრა ზურგი ასადის რეჟიმს სირიაში. ნაბიჯ-ნაბიჯ, პუტინის რუსეთი ევროპისაგან და მშვიდობიანი მსოფლიოსაგან დაშორების გზას დაადგა.
იმპერიის კონტრშეტევა
იმ რვა წლის განმავლობაში, რომელიც ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გაჩაღებას მოჰყვა, გერმანია, ევროპელ და დიდი შვიდეულის პარტნიორებთან ერთად ცდილობდა, უკრაინის სუვერენიტეტი და პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაეცვა ისე, რომ რუსეთის მხრიდან შემდგომი ესკალაციაც აერიდებინა თავიდან და ამით ევროპაში მშვიდობა შეენარჩუნებინა.
ჩვენი მიდგომა პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის კომბინაციას ეყრდნობოდა და ვცდილობდით, შეზღუდვების დაწესებასთან ერთად დიალოგისთვისაც კარი ღია დარჩენილიყო. საფრანგეთთან ერთად, გერმანია ე.წ. “ნორმანდიის ფორმატში” ჩაერთო, რის შედეგადაც მინსკის შეთანხმებები დაიდო, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ და გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებდნენ. კიევსა და მოსკოვს შორის ნდობის არარსებობისდა მიუხედავად, გერმანიამ და საფრანგეთმა შეძლეს ამ პროცესის შენარჩუნება. თუმცა, საბოლოოდ, რუსეთის რევიზიონიზმმა დიპლომატიის წარმატება შეუძლებელი გახადა.
2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ბრუტალურმა შეტევამ ახალი რეალობა შექმნა: ევროპაში იმპერიალიზმი დაბრუნდა. მეოცე საუკუნის ყველაზე არაადამიანური სამხედრო მეთოდების გამოყენებით, რუსეთი უკრაინელებს ენითაუწერელ ტანჯვას აყენებს. ომს უკვე ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა, ბევრად უფრო მეტი დაიჭრა ან ფსიქოლოგიურადაა ტრავმირებული. მილიონობით უკრაინელი იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა საკუთარი საცხოვრისი და თავშესაფარი პოლონეთსა თუ სხვა ევროპულ ქვეყნებში ეპოვა. მილიონი მათგანი გერმანიაშია. რუსულმა არტილერიამ, რაკეტებმა და ბომბებმა უკრაინული სახლები, სკოლები და საავადმყოფოები ნანგრევებად აქცია. მარიუპოლი, ირპინი, ხერსონი, იზიუმი – ეს ადგილები მსოფლიოს თვალში სამუდამოდ დაუკავშირდა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულს და ამ დანაშაულის ჩამდენებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.
რუსეთის მიერ წარმოებული ომი მხოლოდ უკრაინაზე როდი ახდენს გავლენას. მაშინ, როცა პუტინმა შეტევის ბრძანება გასცა, ამით მან ევროპისა და საერთაშორისო მშვიდობის ის არქიტექტურა დაამსხვრია, რომლის აგებასაც ათწლეულები დასჭირდა. პუტინის მეთაურობით, რუსეთმა გაეროს ქარტიაში გადმოცემული, საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებიც უგულვებელჰყო: საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენებაზე უარის თქმა, ყველა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი იმპერიული სახელმწიფოსდარად იქცევა და ცდილობს ძალით შეცვალოს საზღვრები, კიდევ ერთხელ დაჰყოს მსოფლიო ბლოკებად და გავლენის სფეროებად.
უფრო ძლიერი ევროპა
მსოფლიომ პუტინს წარმატების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს. რუსეთის რევანშისტული იმპერიალიზმი უნდა შევაჩეროთ. გერმანიას, როგორც ევროპაში უსაფრთხოების ერთ-ერთ ძირითადი შემოქმედს, საკვანძო როლის შესრულება შეუძლია, თუკი არმიაში ინვესტიციას გავზრდით, ევროპის თავდაცვით ინდუსტრიას გავაძლიერებთ, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ჩვენს მონაწილეობას გავზრდით და უკრაინას კი შეიარაღებული ძალებს წვრთნისა და აღჭურვის საქმეში დავეხმარებით.
გერმანიის ახალი როლი ახალი სტრატეგიული კულტურის შექმნას მოითხოვს. ეს ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშიც აისახება, რომელსაც ჩვენი მთავრობა რამდენიმე თვეში მიიღებს. უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში, გერმანიის უსაფრთხოების, ჩვენი ჯარების აღჭურვის შესახებ გადაწყვეტილებებს მშვიდობიანი ევროპის პირობებში ვიღებდით. დღეს, იმ საფრთხეს უნდა გავუსწოროთ თველი, რომელიც ჩვენი და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების წინაშე დგას და რომელიც, უპირველესად, სწორედ რუსეთის მხრიდან მოდის. ამ საფრთხეებს შორისაა მოკავშირეთა ტერიტორიაზე პოტენციური თავდასხმები, კიბერშეტევები და ატომური ომის შესაძლებლობაც კი, რითაც პუტინი საკმაოდ ღიად იმუქრებოდა.
ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ყოველთვის ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას ენიჭებოდა და ეს დღესაც ასეა. აშშ პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, და მისი ადმინისტრაცია მადლობას იმსახურებენ მთელს მსოფლიოში პარტნიორებისა და მოკავშირეების ქსელის ჩამოყალიბებისა და გაძლიერებისათვის. ოღონდაც, თუკი გვინდა რომ ტრანსატლანტიკური პარტიორობა უფრო დაბალანსებული და გამძლე იყოს, გერმანიამ და ევროპამაც უნდა გამოიღონ ხელი. უკრაინაზე რუსეთის შეტევის დაწყებისთანავე, ჩემმა მთავრობამ 100 მილიარდი დოლარი გამოყო სპეციალური ფონდის სახით, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალები – ბუნდესვერი – უკეთ იყოს აღჭურვილი. ამის გასაკეთებლად კონსტიტუციაც კი შევცვალეთ. ამგვარი გადაწყვეტილება გერმანიის უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა მას შემდეგ, რაც 1955 წელს ბუნდესვერი შეიქმნა. ჩვენი ჯარისკაცები ყოველგვარ მხარდაჭერას მიიღებენ: პოლიტიკური იქნება ეს, მატერიალური თუ წვრთნის სახით, იმისთვის, რომ შეძლონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოკავშირეები დაიცვან. ისეთი ბუნდესვერი უნდა გვყავდეს, რომლის იმედი ჩვენც გვექნება და ჩვენს მოკავშირეებსაც. ამისათვის, გერმანია ერთიანი ეროვნული შემოსავლის ორ პროცენტს თავდავცვის მიზნებისათვის გამოყოფს.
ეს ცვლილებები გერმანული საზოგადოების ახალ მენტალობას შეესაბამება. გერმანელების დიდი ნაწილი დღეს იმ აზრზეა, რომ ქვეყანას მოწინააღმდეგეების შეკავებისა და მოკავშირეების დაცვის შემძლე არმია სჭირდება. გერმანელები უკრაინელებს მხარს უჭერენ რუსული აგრესიის მოგერიების საქმეში. 2014-2020 წლებში გერმანია უკრაინაში უდიდესი ინვესტორი იყო – როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ინვესტიციების მხრივ. მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესია დაიწყო, გერმანიამ კიდევ უფრო გაზარდა უკრაინის ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, ხოლო დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის ფარგლებში საერთაშორისო მხარდაჭერის კოორდინაციაც იკისრა.
ჩვენი დროის სულისკვეთებამ აიძულა ჩემი მთავრობა სხვაგვარად გაეაზრებინა იარაღის ექსპორტთან დაკავშირებული, დამკვიდრებული პრინციპები, რომლებსაც ათწლეულებია ჩვენი ქვეყანა მისდევდა. გერმანიის უახლოეს ისტორიაში პირველად, იარაღს ვაწვდით ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრებში მე ნათლად განვაცხადე: გერმანია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. უკრაინას დღეს არტილერია და საჰაერო თავდაცვის საშუალებები ყველაზე უფრო სჭირდება და ეს სწორედ ისაა, რასაც გერმანია მათ აწვდის, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მჭიდრო თანამშრომლობით. უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა მოიცავს ასევე ანტისატანკო იარაღს, შეჯავშნულ მანქანებს, საჰაერო თავდაცვის ქვემეხებსა და რაკეტებს, კონტრ-ბატარეული ცეცხლის მართვის სარადარო სისტემებს. ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ახალი მისიის ფარგლებში, 15 ათასი უკრაინელი სამხედრო გაიწვრთნება, მათგან ხუთი ათასი – მთელი ბრიგადა – გერმანიაში.
ამასობაში, ჩეხეთმა, საბერძნეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ უკრაინას 100-მდე ტანკი მიაწოდეს ან მალე მიაწვდიან, სანაცვლოდ კი მათ გერმანულ, განახლებული ტანკებს მივაწვდით. ამგვარად უკრაინა იმ ტანკებს მიიღებს, რომელსაც მისი შეიარაღებული ძალები უკვე კარგად იცნობენ და ამგვარად, არსებულ ლოგისტიკურ და მომსახურების ჯაჭვში მათი ინტეგრირება არ გაუჭირდებათ.
ნატოს მოქმედებებმა რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია არ უნდა გამოიწვიოს, თუმცაღა ალიანსმა რუსული აგრესიის შეკავება უნდა შეძლოს. ამ მიზნის მისაღწევად გერმანიამ საგრძნობლად გაზარდა საკუთარი ძალები ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე: გაძლიერდა გერმანიის თაოსნობით მოქმედი დაჯგუფება ლიტვაში და ერთი ბრიგადა გამოიყო ამ ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. გერმანია ასევე ეხმარება ნატოს საბრძოლო დაჯგუფებას სლოვაკეთში, ხოლო გერმანიის საჰაერო ძალები ესტონეთისა და პოლონეთის საჰაერო სივრცის კონტროლსა და დაცვაში მონაწილეობენ.
ამასობაში, გერმანიის საზღვაო ძალებმა მონაწილეობა მიიღეს ბალტიის ზღვაში მიმდინარე ნატოს ღონისძიებებში, რაც შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას ემსახურებოდა. გერმანია შეჯავშნულ დივიზიას და საზღვაო აქტივებს შემატებს ნატოს “ახლებური ძალების მოდელს” რომლის მთავარი მიზანიც ნებისმიერ საფრთხეზე სწრაფი რეაგირების შესაძლებლობის გაუმჯობესებაა. და ბოლოს, გერმანია კვლავაც განაგრძობს ნატოს ატომური პოტენციალის გაზიარების ძალისხმევაში მონაწილეობას და ამ მიზნით ორმაგი დანიშნულების F-35 ტიპის ახალ საბრძოლო თვითმფრინავებსაც შეიძენს.
ჩვენი გზავნილი მოსკოვისადმი ნათელია: ჩვენ ნატოს ტერიტორიის თითოეული გოჯის დასაცავად ვართ მზად. ჩვენ აღვასრულებთ ნატოში მიცემულ პირობას, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ამასთან, ჩვენ რუსეთს ისიც განვუმარტეთ, რომ ატომურ იარაღთან დაკავშირებული მათი ბოლოდროინდელი გამონათქვამები უპასუხისმგებლო და სახიფათოა. როცა ნოემბერში პეკინს ვეწვიე, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი და მე შევთანხმდით, რომ ატომური იარაღაის გამოყენებით მუქარა მიუღებელია, ხოლო ამგვარი საზარელი იარაღის გამოყენება კი იმ წითელ ხაზს გადაკვეთს, რომელიც მთელმა კაცობრიობამ დააწესა. პუტინს უჯობს, ყური მიუგდოს ამ სიტყვებს.
პუტინის მრავალი შეცდომათაგან ერთ-ერთი ის იყო, რომ ის უკრაინის მოკავშირეებს შორის უთანხმოებაზე ჩამოვიდა ფსონს. სინამდვილეში, საპირისპირო რამ კი მოხდა: ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური ალიანსი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ყველაზე ნათლად ეს იმ არნახულ ეკონომიკურ სანქციებში მოჩანს, რომელიც რუსეთს დაუწესდა. ომის დაწყებისთანავე ცხადი იყო, რომ ეს სანქციები დიდხანს უნდა გაგრძელდეს, რადგანაც მათი ეფექტი ყოველკვირეულად იზრდება. პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ერთი სანქციაც კი არ შემსუბუქდება, თუკი რუსეთი ჩვენს თავს მშვიდობის საკთარი პირობების მოხვევას შეეცდება.
დიდი შვიდეულის ყველა ლიდერი მიესალმა ზელენსკის მზადყოფნას, მიიღოს სამართლიანი სამშვიდობო პირობები, რომელიც აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს უკრაინის თავდაცვით პოტენციალს მომავალშიც. ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით, გერმანია მზადაა, შექმნას ისეთი პირობები, რომლებიც ომისშემდგომი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების პირობებში, უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენ არ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას, რაც ცუდად შენიღბული ყალბი რეფერენდუმებით გაფორმდა. თუკი ამ ომის დასრულება სურს, რუსეთმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.
ცუდი რუსეთისთვის და კარგი – კლიმატისთვის
რუსეთის ომმა არა მხოლოდ ნატო, ევროკავშირი და დიდი შვიდეული გააერთიანა მისი აგრესიის წინააღმდეგ. ომი ეკონომიკური და ენეგეტიკული პოლიტიკის ისეთი ცვლილებების კატალიზატორიც აღმოჩნდა, რომლებიც გრძელვადიან პერიოდში რუსეთს ავნებს და თან სუფთა ენერგიაზე გადასვლის უკვე დაწყებულ და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესსაც წაეშველება. 2021 წლის დეკემბერში, გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავებისთანავე, დავეკითხე ჩემს მრჩევლებს, თუ გვქონდა რაიმე გეგმა იმ შემთხვევისთვის, რუსეთს უცებ ევროპისთვის გაზის მიწოდება რომ შეეწყვიტა. გაირკვა, რომ ასეთი გეგმა არ გვქონდა, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთზე სახიფათოდ ვიყავით დამოკიდებულები ენერგომატარებლების მხრივ.
ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ მზადება ყველაზე უარესი სცენარისთვის. უკრაინაზე რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიამ ნებართვა შეუწყვიტა გაზსადენს “ჩრდილოეთს ნაკადი – 2”, რომელსაც მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდა ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდება. 2022 წლის თებერვალში უკვე განიხილებოდა ევროპის გარეთ, გლობალური ბაზრიდან, გათხიერებული ბუნებრივი გაზის იმპორტის საკითხი. უახლოეს თვეებში გერმანიის სანაპიროზე გათხიერებული ბუნებრივი გაზის პირველი მოტივტივე ტერმინალი ამუშავდება.
ყველაზე უარესი მოლოდინები მალევე აგვიხდა: პუტინმა გადაწყვიტა ენერგეტიკა იარაღად გამოეყენებინა და გერმანიისა და ევროპისთვის გაზის მოწოდება შეეზღუდა. თუმცაღა, ამ დროისთვის გერმანიამ უკვე დაასრულა რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის ეტაპობრივი შემცირების პროცესი და მალე დასრულდება ევროკავშირში რუსული ნავთობის ნავთობსადენით იმპორტიც. ჩვენ გაკვეთილი ვისწავლეთ: ევროპის უსაფრთხოება ენერგეტიკული რესურსების მიმწოდებლების და კორიდორების დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში დაბანდებას ეფუძნება. სექტემბერში “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენზე მომხდარმა საბოტაჟმა ამის ინგორირება შეუძლებელი გახადა.
გერმანიასა და, ზოგადად, ევროპაში ენერგიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად, ჩემმა მთავრობამ დროებით ისევ აამუშავა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები და დაგეგმილზე უფრო დიდხანს მისცა მუშაობის უფლება ატომურ ენერგოსადგურებს. ასევე, თანდათანობით გავზარდეთ კერძო მფლობელობაში არსებული გაზსაცავებისათვის მინიმალური სისავსის დონეები. დღეს ჩვენი გაზსაცავები პირამდეა სავსე, მაშინ, როცა შარშან ამ დროს მარაგი უჩვეულოდ დაბალ დონეზე იყო. ეს გვაძლევს რწმენას, რომ გერმანია და ევროპა ამ ზამთარს გაზის დეფიციტის გარეშე გადაიტანენ.
რუსეთის მიერ გაჩაღებულმა ომმა დაგვანახა, რომ ამ ამბიციური მიზნების მიღწევა როგორც ჩვენი, ისე ევროპის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვისაა აუცილებელი. წიაღისეულ ნედლეულზე უარის თქმა ელექტროენერგიასა და მწვანე წყალბადზე მოთხოვნას გაზრდის. ამისათვის გერმანია განახლებად – მაგალითად, ქარის და მზის – ენერგიაზე გადასვლის პროცესის დაჩქარებით ემზადება. მიზნები ნათლად გვაქვს დასახული: 2030 წლისათვის გერმანელების მოხმარებული ენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან იქნება. 2045 წლისათვის გერმანია მიაღწევს სათბურის აირების ჯამურად ნულოვან ემისიას, ანუ „კლიმატურ ნეიტრალურობას“.
პუტინის საზარელი კოშმარი
პუტინს სურდა, ევროპა გავლენის ზონებად და მსოფლიო კი დიდი სახელმწიფოებისა და მათი ვასალების ბლოკებად დაეყო. ამის მაგივრად, მისმა ომმა ევროკავშირის წინსვლა გამოიწვია. 2022 წლის ივნისში, ევროპულ საბჭოზე ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინას „წევრობის კანდიდატის“ სტატუსი მიანიჭა და ისიც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ევროკავშირში შესვლა წარმატებით უნდა დასრულდეს. მე პირადად ვარ ამ მიზნის ერთგული და ამისათვის აღვადგინე ე.წ. ბერლინის პროცესი დასავლეთ ბალკანეთისათვის, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების დაახლოებას და ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მათ მომზადებას.
მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ ევროკავშირის გაფართოება და ახალი წევრების ინტეგრაცია რთული იქნება: მილიონობით ადამიანს ფუჭი იმედების არ უნდა ჩავუნერგოთ. თუმცაღა, გზა ხსნილია და მიზანი ნათელი: ევროკავშირი 500 მილიონზე მეტ თავისუფალ მოქალაქეს გააერთიანებს, ის იქმება მსოფლიოს უდიდესი შიდა ბაზარი, ის დაადგენს გლობალურ სტანდარტებს ვაჭრობის, განვითარების, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის სფეროებში, ის უმასპინძლებს მსოფლიოს წამყვან კვლევით ინსტიტუტებსა და ინოვაციურ ბიზნესებს. მომავლის ევროპა იქნება სტაბილური დემოკრატიების ოჯახი, არნახული დონის სოციალური დაცვითა და საჯარო ინფრასტრუქტურით.
ამ მიზნისკენ სვლისას, ევროკავშირის მოწინააღმდეგეები წევრებს შორის შუღლის ჩამოგდებას შეეცდებიან. პუტინი არასოდეს აღიქვამდა ევროკავშირს პოლიტიკურ მოთამაშედ. ევროკავშირი – თავისუფალი, სუვერენული, დემოკრატიული ქვეყნების კავშირი, რომელის სამართლის უზენაესობაზეა დაფუძნებული – მისი იმპერიალისტური და ავტოკრატიული კლეპტოკრატიის სრული ანტიპოდია.
პუტინი და სხვები ეცდებიან, რომ ჩვენი ღია, დემოკრატიული სისტემები ჩვენსავე საწინააღმდეგოდ შემოგვიბრუნონ დეზინფორმაციის კამპანიებისა და უკანონო ზეგავლენების გამოყენებით. ევროპის მოქალაქეებს ძალიან მრავალფეროვანი შეხედულებები აქვთ, ევროპის პოლიტიკური ლიდერები მსჯელობენ და ხანდახან კამათობენ იმაზე, თუ რა გზას დაადგნენ, განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეების ჟამს. ეს თვისებები ჩვენი ღია საზოგადოებების მახასიათებლებია და არა მისი სისუსტე: სწორედ ესაა გადაწყვეტილების დემოკრატიულობის არსი. თუმცა, დღეს, ჩვენი მიზანია, გავერთიანდეთ იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც განხეთქილება ევროპას უცხოთა ჩარევის მიმართ უფრო დაუცველს გახდის. ამ მიზნის მიღწევისათვის გადამწყვეტია გერმანიისა და საფრანგეთის, რომლებსაც ძლიერი და სუვერენული ევროკავშირის საერთო ხედვა აქვთ, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
უფრო ზოგადად, ევროკავშირმა უნდა დაძლიოს ძველი კონფლიქტები და პრობლემების გადაწყვეტის ახალი გზები მოიძიოს. მიგრაცია და ფისკალური პოლიტიკა ყველაზე საშური თემებია. ადამიანები კვლავაც შემოვლენ ევროპაში და ევროპასაც სჭირდება მიგრანტები, ასე რომ, ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს მიგრაციის სტრატეგია, რომელიც პრაგმატულიცაა და მის ღირებულებებსაც ასახავს. ეს ნიშნავს უკანონო მიგრაციის შეზღუდვას და ამასთან, ევროპაში შემოსვლის ლეგალური გზების გაფართოებას, განსაკუთრებით კვალიფიციური სამუშაო ძალისთვის, რომელიც ჩვენს შრომის ბაზარს სჭირდება. ფისკალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ენერგორესურსებზე მაღალი ფასებით გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად დააარსა აღდგენისა და განვითარების ფონდი (recovery and resilience fund). კავშირმა ასევე უნდა მოიშოროს გადაწყვეტილებების მიღების ბლოკირების ეგოისტური ტაქტიკა, სპეციფიურ საკითხებზე გადაწყვეტილებებისთვის ერთპიროვნული ვეტოს გაუქმებით. ევროკავშირის გაფართოების და გეოპოლიტიკურ ძალად ქცევის კვალდაკვალ, გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი საკვანძო მნიშვნელობისა იქნება მისი წარმატებისთვის. ამიტომ, გერმანიის შეთავაზებაა, რომ თანდათანობით გაიზარდოს იმ საკითხთა წრე, რომლებზეც გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღება და არა ერთხმად. ეს უნდა ეხებოდეს ევროკავშირის საგარეო და საგადასახადო პოლიტიკის საკითხებიც.
ევროპამ უნდა განაგრძოს უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ უსაფრთხოებაზე, რაც საჭიროებს კოორდინირებულ და ინტეგრირებულ მიდგომას თავდაცვის ძალების შენებისადმი. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯარები გაუმართლებლად მრავალგვარი ტიპის შეიარაღების სისტემებს იყენებენ, რაც პრაქტიკულად და ეკონომიკურად არაეფექტურია. ამ პრობლემების დასაძლევად ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი შიდა ბიუროკრატიული პროცედურები, რასაც გამბედავი პოლიტიკური გადაწყეტილებები დასჭირდება; ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის – გერმანიასაც, დასჭირდებათ ერთობლივად წარმოებული სამხედო სისტემების ექსპორტზე ეროვნული სამრეწველო პოლიტიკისა და რეგულაციების მორგება.
ერთი სფერო, სადაც ევროპას სასწრაფოდ სჭირდება პროგრესი, არის საჰაერო და კოსმოსური თავდაცვა. ამიტომაც, გერმანია უახლოეს წლებში ნატოს ფარგლებში თავის საჰაერო თავდაცვას დამატებითი აღჭურვილობით გააძლიერებს . მე ჩვენს ევროპელ მეზობლებსაც შევთავაზე ამ ინიციატივაში მონაწილეობა და ამის შედეგია “ევროპის ცის ფარის” ინიციატივა, რომელსაც გასულ ოქტომბერში 14 სხვა ევროპული ქვეყანა შეურთდა. ევროპაში ერთობლივი საჰაერო თავდაცვა უფრო ეფექტური და ხარჯთ-ეფექტიანი იქნება, ვიდრე ცალკე მდგომი ეროვნული პროგრამები და შესანიშნავი მაგალითი იქნება იმის საჩვენებლად, თუ რას ნიშნავს ნატოს ევროპული საყრდენის გაძლიერება.
ნატო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმთავრესი გარანტორია და მისი ძალა მხოლოდ გაიზრდება ორი მდიდარი დემოკრატიის, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებით. მაგრამ, ნატო ასევე ძლიერდება მაშინ, როცა მისი ევროპელი წევრები დამოუკიდებლად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის ფარგლებში საკუთარი თავდაცვის სტრუქტურების ურთიერთთავსებადობის გასაძლიერებლად.
ჩინეთის გამოწვევა… და მის მიღმა
შესაძლოა, ჟამთა ცვალებადობის საბაბად რუსეთის აგრესიული ომი ჩავთვალოთ, თუმცა მისი ფესვები ბევრად ღრმადაა: ზოგიერთის წინასწარმეტყველების საპირისპიროდ, ცივ ომთან ერთად ისტორია არ დასრულებულა, თუმცა – არც მეორდება. ბევრი ფიქრობს, რომ სადაცაა, საერთაშორისო წესრიგში ორპოლუსიანობა დაიწყება. ბევრი ახალ ცივ ომს მოელის, სადაც ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი დაუპირისპირდება.
მე ამ მოსაზრებას არ ვიზიარებ. პირიქით, მჯერა, რომ გლობალიზაციის განსაკუთრებული ფაზის დასასრულის მოწმეები ვართ. ეს ისტორიული ძვრა გარე შოკებმა – კოვიდის პანდემიამ და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ – დააჩქარა, თუმცა მხოლოდ ამ მიზეზებს ის არ გამოუწვევია. გლობალიზაციის ამ ფაზის დროს, 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში გვქონდა სტაბილური ზრდა, დასაქმების მაღალი მაჩვენებელი და დაბალი ინფლაცია. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს წამყვან ძალად ჩამოყალიბდა და ამ როლს ის 21-ე საუკუნეშიც შეინარჩუნებს.
ოღონდაც, გლობალიზაციის ცივი ომის შემდგომი ფაზის განმავლობაში, ჩინეთიც მსოფლიო მასშტაბის მოთამაშედ იქცა და დაიბრუნა მსოფლიო ისტორიის ადრინდელი, ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში მისთვის ჩვეული როლი. ჩინეთის აღზევება პეკინის იზოლირებას ან მასთან თამაშრომლობის შეზღუდვას არ საჭიროებს. თუმცა აზიასა თუ მის მიღმა ჰეგემონობაზე მოთხოვნას არც ჩინეთის მზარდი ძალა ამართლებს. არცერთი ქვეყანა სხვა ქვეყნის უკანა ეზო არ არის – ეს ერთნაირად ეხება ევროპას, აზიას თუ ნებისმიერ სხვა რეგიონს. პეკინში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მტკიცე მხარდაჭერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მიმართ – ისეთი სისტემის მიმართ, როგორიც გაეროს წესდებით არის განსაზღვრული. ასევე გამოვხატე მხარდაჭერა ღია და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ. ევროპელ პარტნიორეთან ერთად გერმანია ევროპული და ჩინური კომპანიებისათვის თანაბარი პირობების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მხრივ ჩინეთი ძალიან ცოტას აკეთებს და ის უკვე შესამჩნევად დაადგა იზოლაციისა და ჩაკეტილობის გზას.
პეკინში ასევე გამოვთქვი შეშფოთება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანის სრუტეში მზარდი საფრთხის გამო და კითხვები დავსვი ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ ჩინეთის მიდგომებთან დაკავშირებით. ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ცალკეული სახელმწიფოებისთვის ვერასდროს იქნება „ქვეყნის შიდა საქმე“, რადგან ამ უფლებების დაცვას გაეროს წევრი ყველა ქვეყანა კისრულობს. სანამ ჩინეთი და ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნები გლობალიზაციის ახალი ფაზის ცვალებად რეალობასთან მისადაგებას ცდილობენ, აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვისა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა – რომელმაც საქონლისა და ნედლეულის დაბალ ფასად წარმოებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა განიცადა, ახლა თანდათანობით უფრო მდიდარდება და რესურსებზე, საქონელსა და მომსახურებაზე საკუთარი მოთხოვნები უჩნდება. ამ რეგიონებს ყველანაირი უფლება აქვთ, გლობალიზაციის მიერ წარმოქმნილი შესაძლებლობები გამოიყენონ და მსოფლიო საქმეებში უფრო ხელშესახები როლიც მოითხოვონ – მათი მზარდი ეკონომიკური და დემოგრაფიული წონის შესაბამისად. ეს ევროპის ან ჩრდილოეთ ამერიკის მოქალაქეებს საფრთხეს არ უქმნის. პირიქით, ჩვენ უნდა წავახალისოთ საერთაშორისო წესრიგში ამ რეგიონების მზარდი მონაწილეობა და ჩართულობა. ეს მრავალპოლუსიან მსოფლიოში მულტილატერალიზმის შენარჩუნების საუკეთესო გზაა.
სწორედ ამიტომ, გერმანია და ევროკავშირი ინვესტიციას აბანდებენ ახალ პარტნიორულ ურთიერთობებში და აფართოებენ არსებულ კავშირებს აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვის და ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყანასთან. ბევრი მათგანთან მთავარი მახასიათებელი გვაქვს საერთო: ისინიც დემოკრატიული სახელმწიფოები არიან. ეს მსგავსება გადამწყვეტ როლს თამაშობს. არა იმიტომ, რომ გვსურს, დემოკრატიები ავტორიტარულ სახელმწიფოებს დავუპირისპიროთ, რაც სამყაროს ორ ნაწილად გახლეჩვას მხოლოდ ხელს შეუწყობს; არამედ იმიტომ, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების გაზიარება 21-ე საუკუნის ახალ, მრავალპოლუსიან რეალობაში ერთობლივი პრიორიტეტების განსაზღვრასა და საერთო მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. ეკონომისტ ბრანკო მილანოვიჩის რამდენიმე წლის წინ წარმოთქმული არგუმენტის პერიფრაზირება რომ გავაკეთოთ, ჩვენ ყველანი შეიძლება გავმხდარიყავით კაპიტალისტები (ჩრდილოეთ კორეისა და რამდენიმე სხვა ქვეყნების გამოკლებით), მაგრამ დიდი განსხვავებაა, ეს კაპიტალიზმი ლიბერალური, დემოკრატიული გზით არის მოწყობილი თუ ავტორიტარულით.
ავიღოთ კოვიდზე რეაქცია. პანდემიის დასაწყისში ზოგი ამტკიცებდა, რომ ავტორიტარული სახელმწიფოები კრიზისს უფრო კარგად გაუმკლავდებოდნენ, რადგან მათ შეუძლიათ, უკეთ დაგეგმონ გრძელვადიან პერსპექტივაში და უფრო სწრაფად მიიღონ მტკივნეული გადაწყვეტილებები. ოღონდაც, ავტორიტარული ქვეყნების პანდემიასთან გამკლავების გამოცდილება ამ მოსაზრებას არ ადასტურებს. იმავდროულად, კოვიდის საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ვაქცინები და მკურნალობა თავისუფალ დემოკრატიებში შემუშავდა. უფრო მეტიც, ავტორიტარული სახელმწიფოებისგან განსხვავებით, დემოკრატიებს აქვთ თვითგამოსწორების უნარი, რადგან მოქალაქეები თავიანთ შეხედულებებს თავისუფლად გამოხატავენ და თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებს ირჩევენ. მუდმივი დებატები და კითხვები ჩვენს საზოგადოებებში, პარლამენტებსა და თავისუფალ მედიაში შეიძლება ზოგჯერ დამღლელი იყოს, მაგრამ სწორედ ეს ანიჭებს ჩვენს სისტემებს მეტ მოქნილობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და თითოეული ადამიანის ღირსება არ არის მხოლოდ დასავლეთის ექსკლუზიური ღირებულებები. პირიქით, ამ ღირებულებებს იზიარებენ მოქალაქეები და მთავრობები მთელს მსოფლიოში და გაეროს წესდება თავის პრეამბულაში ადასტურებს მათ, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ავტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმები ამ უფლებებსა და პრინციპებს ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ ან უარყოფენ. ამ ღირებულებების დასაცავად ევროკავშირის ქვეყნებმა, მათ შორის გერმანიამ, დასავლეთის მიღმა არსებულ დემოკრატიებთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. წარსულში, ჩვენ აზიის, აფრიკის, კარიბის ზღვის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ვითომდა როგორც თანასწორს, ისე ვეპყრობდით, თუმცა, ძალიან ხშირად ჩვენი სიტყვები საქმით არ იყო გამყარებული. ეს უნდა შეიცვალოს. დიდ შვიდეულში გერმანიის პრეზიდენტობის დროს, დღის წესრიგის გარშემო მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ინდონეზიასთან, რომელიც დიდი ოციანის თავმდჯომარეა. ჩვენს განხილვებში ასევე ჩავრთეთ სენეგალი, რომელიც აფრიკის კავშირის თავმჯდომარეა; არგენტინა, რომელიც თავმჯდომარეობს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების გაერთიანებას; ჩვენი G-20 პარტნიორი სამხრეთ აფრიკა; და ინდოეთი, რომელიც მომავალ წელს G-20-ის პრეზიდენტობას დაიკავებს.
საბოლოო ჯამში, მრავალპოლუსიან სამყაროში დიალოგი და თანამშრომლობა დემოკრატიული კომფორტის ზონას უნდა გასცდეს. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია სამართლიანად ადასტურებს ურთიერთობის აუცილებლობას „ქვეყნებთან, რომლებიც არ იზიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მაგრამ მაინც დამოკიდებულნი არიან და მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას“. მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს მოუწევთ ამ ქვეყნებთან მუშაობა, რათა დაიცვან და შეინარჩუნონ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ძალაუფლებას წესებით ზღუდავს და რომელიც უპირისპირდება რევიზიონისტულ აქტებს, როგორიცაა რუსეთის აგრესიული ომი. ამ ძალისხმევას დასჭირდება პრაგმატიზმი და ცოტა თავმდაბლობაც.
გზა იმ დემოკრატიული თავისუფლებისაკენ, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ, წარუმატებლობებითა და შეცდომებით იყო სავსე. თუმცა გარკვეული უფლებები და პრინციპები საუკუნეების წინ დამკვიდრდა. ჰაბეას კორპუსი, თვითნებური დაკავებისგან დაცვა, ერთ-ერთი ასეთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც პირველად არა დემოკრატიულმა მთავრობამ, არამედ ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის აბსოლუტისტურმა მონარქიამ აღიარა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ძირითადი პრინციპი, რომ არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალით მიითვისოს ის, რაც მეზობელს ეკუთვნის. ამ ფუნდამენტური უფლებებისა და პრინციპების პატივისცემა ყველა სახელმწიფოს უნდა მოეთხოვოს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სისტემებისა.
კაცობრიობის ისტორიაში შედარებითი მშვიდობისა და კეთილდღეობის პერიოდები, როგორიცაა ის, რაც მსოფლიოს უმეტესმა ნაწილმა ცივი ომის შემდგომ ადრეულ პერიოდში განიცადა, არ უნდა იქცეს გადახვევად იმ ისტორიული ნორმიდან, სადაც წესებს უხეში ძალა კარნახობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკან დატრიალება, აგრესიისა და იმპერიალიზმის ტალღის უკუქცევა კი ძალგვიძს. დღევანდელი რთული, მრავალპოლუსიანი სამყარო ამ ამოცანას უფრო ართულებს. მის განსახორციელებლად გერმანიამ და მისმა პარტნიორებმა ევროკავშირში, შეერთებულმა შტატებმა, დიდმა შვიდეულმა და ნატომ უნდა დაიცვან ჩვენი ღია საზოგადოებები და დემოკრატიულ ღირებულებები და გააძლიერონ ჩვენი ალიანსები და ჩვენი პარტნიორობა. ამასთან, მსოფლიოს ხელახლა ბლოკებად დაყოფის ცდუნებაც უნდა ავირიდოთ თავიდან. ეს ნიშნავს, რომ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა ავაშენოთ ახალი, პარტნიორული ურთიერთობები – პრაგმატულად და იდეოლოგიური პრიზმების გარეშე. დღევანდელ მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, მშვიდობის, კეთილდღეობისა და ადამიანის თავისუფლების გამყარების მიზანი განსხვავებულ აზროვნებასა და განსხვავებულ ინსტრუმენტებს მოითხოვს. სწორედ ამ აზროვნებისა და ამ ინსტრუმენტების შემუშავებაა საბოლოო ჯამში, ჩვენი დროის ახალი სულისკვეთება.
თარგმანი: მარი გაბედავა, თამარა სართანია, ჯაბა დევდარიანი
Olaf Scholz: The Global Zeitenwende | Foreign Affairs