skip to content
დაწურულადევროპამთავარი თემა

რატომ “ლეოპარდ-2”?

გერმანული ტანკი, რომელმაც კათხით გამოცდა პირველმა გაიარა

ხანგრძლივი ყოყმანისა და ორჭოფობის შემდეგ, ოფიციალური ბერლინი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას დათანხმდა. ამ ეტაპზე, გერმანია უკრაინას 14 ერთეულ მოდერნიზებული ლეოპარდ 2-ის გაგზავნას დაპირდა. უკრაინის გერმანული ტანკებით დახმარების მსურველთა სხვა ქვეყნებსაც ბერლინმა მწვანე შუქი აუნთო. გერმანული ტანკებით უკრაინის დასახმარებლად უკვე რა ხანია მზად არიან პოლონეთი, ფინეთი და ნორვეგია. პორტუგალიამ დღესვე განაცხადა, ოთხ “ლეოპარდს” დაუყოვნებლივ გამოვიყვანთო და ალბათ მათ სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. უკრაინა გერმანულ ტანკებზე დიდი იმედებს ამყარებს და თვლის, რომ ისინი რუსული აგრესიის მოგერიებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.

რატომ მაინცადამაინც “ლეოპარდები”?

გერმანული ტანკების მიმზიდველობა პირველ რიგში მათ რაოდენობაშია. ითვლება, რომ გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების სამხედრო არსენალებში დღეის მდგომარეობით, 2000-სზე მეტი გერმანული წარმოების ლეოპარდ 2-ი მოიძებნება. ამ ტანკების მხოლოდ რაოდენობრივი ხელმისაწვდომობა კი, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთთან ბრძოლაში გარდატეხის მისაღწევად, მას სულ მცირე ასი და საშუალოდ სამასი დასავლური ტანკი ესაჭიროება.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატოს ქვეყნებმა მძიმე შეიარაღების არსენალი საგრძნობლად შეამცირეს. ძველი ტანკები – რუსეთისაგან განსხვავებით – ჯართად ჩააბარეს. დღეს, როცა კრემლის აგრესიამ ევროპის შუაგულში კლასიკური სამხედრო კონფლიქტი დააბრუნა, აღმოჩნდა, რომ ბრიტანელებს სულ რაღაც სამასამდე “ჩელენჯერი” ჰყავთ, ხოლო ფრანგებს – ამდენივე “ლეკლერკი.” შედარებისთვის, რუსეთმა უკრაინასთან ომში დადასტურებულად უკვე 1600-ზე მეტი ტანკი დაკარგა.

ბევრი “ლეოპარდის” არსებობა ნიშნავს, რომ მისი სათადარიგო ნაწილებით მომარაგება, შეკეთება და მოვლა ადვილია. ამ ტანკების ტექნიკური მომსახურების ცენტრები უკრაინის საზღვრებთან ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე ბრიტანული თუ ამერიკული ტანკების  შემთხვევაში.

ასევე, გლუვლულიანი ქვემეხის მქონე “ლეოპარდ-2” ნატოს სტანდარტულ 120მმ-იან ჭურვებს ისვრის, რომლებიც ევროპაში მრავლადაა. ხოლო, მაგალითად, ხრახნილლულიან “ჩელენჯერს” თავისი განსაკუთრებული ჭურვები სჭირდება, რაც მომარაგებას ართულებს.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ გერმანული ლეოპარდი სისწრაფითა და მართვის მოხერხებულობით უფრო BMW-ს წააგავს, მაშინ როდესაც ბრიტანული “ჩელენჯერი” , თავის მახასიათებლებით – კომფორტულობით, ოღონდ ზოგჯერ კაპრიზული მექანიკით – უფრო Rolls Royce-სთან ასოცირდებაო.

მრისხანე, მაგრამ გამოუცდელი?

1986 წელს, გერმანელებმა ამ სამხედრო მანქანით საჯაროდ თავის მოსაწონებლად, ლუდით სავსე კათხა “ლეოპარდ-2”-ის ტანკის ლულის კიდეზე მოათავსეს, 60 ტონიანი მანქანა დაძრეს და ტყის ოღრო-ჩოღრო გზებზე ისე გაატარეს, რომ კათხიდან წვეთი ლუდიც არ გადმოღვრილა.

ეს მხოლოდ გერმანული ლუდისა და სამხედრო წარმოების უწყინარ მოყვარულთათვის მოწყობილი საჩვენებელი პერფომანსი როდი გახლდათ. ამით გერმანელმა სამხედროებმა ლეოპარდ 2-ის ქვემეხის სტაბლიზაციის სისტემაზე გაამახვილეს ყურადღება და მტერს თუ მოყვარეს აჩვენეს, რომ ლეოპარდებს არათანაბარ ზედაპირზე მოძრაობისას ზუსტი სროლა შეუძლიათ.

ამგვარი სისტემები დღეს იშვიათი აღარაა და, როგორც ვიდეოში ხედავთ, უკრაინაში მოდერნიზებულ T-64-ებსაც არ უჭირთ მსგავსი ფოკუსის ჩატარება.

ლეოპარდ 2-ი საკმაოდ ძველი, ცივი ომის პერიოდის, დასავლეთ გერმანული ტანკია, ის გასული საუკუნეების 70-იან წლებში შექმნეს და ექპლუატაციაშიც ამავე ათწლეულის ბოლოს – 1979 წელს შეიყვანეს. ცივი ომის ცხელად გარდაქმნის შემთხვევაში, ლეოპარდებს აღოსავლეთ ევროპის პლატოებზე ჭარბი რაოდენობის საბჭოთა ტანკები უკეთესი ხარისხისა და მობილურობის ხარჯზე უნდა შეეკავებინათ.

თავისი გენეტიკურ-ტექნოლოგიური კოდით, ეს გერმანული ტანკები სწორედ რუსული T-72-ისა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. რუსული T-90-იც, რომელიც დღევანდელი რუსეთის მთავარი საბრძოლო ტანკია, ტ-72-ის ოჯახს განეკუთვნება.

ცივი ომის პერიოდში, გერმანულ და რუსულ ტანკებს ერთმანეთთან შერკინება არ მოუწიათ. ზოგადადაც, “ლეოპარდები” დიდ ომში არასოდეს მოხვედრილან.

ისინი მშვიდობის იძულების ოპერაციებში მონაწილეობდნენ კოსოვოსა და ავღანეთში. საბრძოლო ვითარებაში ეს ტანკები თურქეთმაც გამოიყენა სირიაში. შედარებითი გამოუცდელობის მიუხედავად, “ლეოპარდ-2” „ოქროს სტანდარტის“ ტანკად ითვლება და მას შესანიშნავი საერთაშორისო რეპუტაცია გააჩნია.  

შექმნიდან 40 წლის შემდეგ, ლეოპარდებსა და T-72-ებს შორის სატანკო დუელი, ჩანს, გარდაუვალი გახდა. უკრაინაში ისინი მსხვილი შეიარაღებულ კონფლიტქის პირობებში პირველი საბრძოლო ნათლობას მიიღებენ, რამაც მისი დამატებითი უპირატესობები ან/და პირიქით ხარვეზები შეიძლება გამოავლინოს.


Leopard 2 A6 – ტექნიკური მახასიათებლები

ლეოპარდი 2A6 ის მოდელია, რომელსაც გერმანია უკრაინას გადასცემს. სრული აღჭურვილობთ ის 62 ტონას იწონის და რუსულ მეტოქეზე, T-90-ზე მძიმეა. მისი ეკიპაჟი ოთხი ადამიანისგან შედგება, რაც ერთით მეტია ვიდრე უკრაინული ტანკების შემთხვევაში. ტანკი მრავალფენიანი კომპოზიტური ჯავშანით არის დაფარული, აღჭურვილია თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით, რაც ეკიპაჟს სამიზნის შერჩევაში ეხმარება.

მასზე დამონტაჟებულია ლაზერული და სტერეოსკოპიული მანძილმზომი, ასევე ღამის ხედვის აპარატურა. ტანკს აქვს Rheinmetall-ის წარმოების 120-მმ-იანი გლუვლულიანი ლულა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება და ამერიკულ, იაპონურ თუ სამხრეთ კორეულ ტანკებშიც გამოიყენება. A6 მოდელს გაუმჯობესებული ქვემეხი და ცეცხლის კონტროლის სისტემა აქვს.

ტანკს აქვს შეწყვილებულ-ტურბინიანი დიზელის ძრავა, იტევს დაახლოებით 1160 ლიტრ საწვავს, მოძრაობისას, ავითარებს დაახლოებით 68კმ/სთ სიჩქარეს და სავსე ავზით შეუძლია 500კმ-მდე მანძილი დაფაროს.


გერმანული და რუსული ტანკებს ერთმანეთისთვის თვალი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გაუსწორებიათ. უკრაინის ფრონტი გერმანულ ლეოპარდებს ფართომასშტაბიან ბრძოლაში გამოცდის. ბრძოლის ველზე დანაკარგებიც იქნება და უკრაინის პარტნიორების სატანკო საცავებს შევსებაც დასჭირდებათ.

ამიტომ, არ არის გამორიცხული ამ გერმანული ტანკის სახელოვან მწარმოებლებს Krauss Maffei Wegmann-ს (KMW) და Rheinmetall-ს სატანკო წარმოების გაფართოებაც მოუწიოთ. KMW ამასობაში ფრანგული “ლეკლერკის” მშობელ Nexter-თან ერთად ახალი, საერთო-ევროპული სატანკო პლატფორმის შექმნაშია ჩართული და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალ ტანკს, რომელსაც ლეოპარდის სავალი ნაწილი და “ლეკლერკის” კოშკურა ექნება, კარგი დახლი დაუდგება.

 ჩვენ კი, წარმატება ვუსურვოთ ლეოპარდებსაც და მათ მამაც უკრაინულ ეკიპაჟებსაც.

მსგავსი/Related

Back to top button