skip to content
ევროპამთავარი თემა

მოლდოვა: რუსეთის ომის აჩრდილი

რა მოხდა

თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული მოლდოვას გარშემო სიტუაცია იძაბება, რაშიც აშკარად ურევია კრემლის ხელი.


გიორგი ბილანიშვილი, საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

კრემლი, უკრაინაში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, ხელს არ იღებს მისი მეზობლების მიმართ სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობაზე, რაც საქართველოსაც საყურადღებოა. უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები რუსეთის გავლენის შესუსტებას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცდილობენ.

რა თქვა უკრაინის პრეზიდენტმა მოლდოვაში რუსეთის გეგმებზე

17 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვს მოლდოვის „მოხრჩობის“ გეგმა გააჩნია, რომლის სისრულეში მოყვანასაც ცდილობს.  მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვა გამონაკლისს არ წარმოადგენს, და მოსკოვი საბჭოეთის ბლოკში შემავალ სხვა ქვეყნებშიც გეგმავს ვითარების არევას.

როგორც გაირკვა მანამდე უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა რუსეთის გეგმების თაობაზე, თავიანთ მოლდოველ კოლეგებსაც მიაწოდეს ცნობები და სხცა პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებსაც.

მოლდოვას ხელისუფლების პოზიცია

მოლდოვას პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, უკრაინისგან მიღებულ სადაზვერვო მონაცემებში ასახული იყო მოლდოვაში სიტუაციის არევის კონკრეტული გეგმა და საშუალებები.

მოსკოვის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, უახლოეს მომავალში პოლიტიკური არეულობა ძალადობაში უნდა გადაზრდილიყო, დაგეგმილი იყო სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და მძევლების აყვანა. ამის გაკეთება ევალებოდათ სამხედრო მომზადებგავლილი დივერსანტებს მიერ, რომლებიც სამოქალაქო პირებად იყვნენ შენიღბული. მოლდოვის ხელმძღვანელობის ცნობით, საქმეში რუსეთის, ბელარუსის, სერბეთის და მონტენეგროს მოქალაქეები იყვნენ გარეული.  

საგულისხმოა, რომ ამ განცხადებების შემდეგ მოლდოვაში შესვლა აუკრძალეს მონტენეგროელ მოკრივეებსა და სერბული საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრების ჯგუფს.

უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიერ ნომინალურად სამოქალაქო პირების გამოყენება უცხო ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეციალურ ღონისძიებებში სიახლე როდია: ასე იყო მაგალითად, ყირიმის ანექსიისას, პუტინის მხარდაჭერით ცნობილი რუსეთის მოტოკლუბის „ღამის მგლების“ დაჯგუფება გადასროლილი იყო ყირიმში, სადაც ასრულებდა კონკრეტულ დავალებებს, რუსეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სერბული დაჯგუფებებისა და ეკლესიის ელემენტების მონაწილების გადატრიალების მოწყობის სცენარი, რომელსაც მონტენეგროს პროკურატურის ცნობით, ორი რუსი აგენტი კურირებდა, ჩაფლავდა თავად მონტენეგროში, 2016 წელს.

დაპირისპირების პოლიტიკური განზომილება     

ბოლო ხანებში მოლდოვის მთავრობა კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და ცდილობს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. 16 თებერვალს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნული დორინ რეჩანის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულება დნესტრისპირეთში უკანონოდ განთავსებული სამხედრო კონტიგენტისა და შეიარაღების ევაკუაციასთან დაკავშირებით. იგი ასევე მიიჩნევს, რომ მოლდოვა გათვლას მხოლოდ საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებზე და ნეიტრალიტეტზე აღარ უნდა აკეთებდეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ბევრად უფრო ქმედითი ზომების მიღებაა საჭირო.

მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრის ნიკუ პოპესკუს განცხადებით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების საპასუხოდ, მოლდოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ეგიდით გაფორმებულ მთელ რიგ საერთაშორისო შეთანხმებებს გააუქმებს. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოლდოვამ უარი თქვა ომის დასრულებამდე დსთ-ის ფორმატში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე.

რუსეთის მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებში მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი 22 თებერვალს პუტინის მიერ 2012 წლის ბრძანებულების გაუქმებას გულისხმობდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ხელს შეუწყობდა დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებას მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.      

თავის მხრივ, ოფიციალური მოსკოვიც ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას მოლდოვას მიმართ. პუტინის პრეს-სპიკერის პესკოვის განცხადებით, მოლდოვას ხელისუფლება ისედაც ფოკუსირებულია ანტირუსულ ქმედებებში და ანტირუსულ ისტერიაში ეფლობა. რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ამ უწყებამ სულაც დნესტრისპირეთის წინააღმდეგ თავდასხმის მზადებაში უკრაინას დასდო ბრალი.

რას ფიქრობენ დასავლეთში

დასავლეთში მოსკოვის მიერ მოლდოვას წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაციებს, როგორც ჩანს სერიოზულ საფრთხედ განიხილავენ. დასტურად იმის ხსენებაც კმარა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში ამასწინათ განხორციელებული ვიზიტისას მოლდოვას ღია და მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა. აშშ-ის პრეზიდენტის ამ გამოსვლას მოლდოვას პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელიც შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე ჯოზეფ ბაიდენმა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა.      

თანმხვედრი კონტექსტი

ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთის საექსპერტო წრეებში ხშირად საუბრობდნენ, რომ მოსკოვმა ახალი ინტეგრაციული პროექტი უნდა შექმნას, რომელშიც საბჭოთა კავშირში შემავალ ზოგიერთ ქვეყნას გააერთიანებს. განსაკუთრებით ხშირად ამ თემაზე მსჯელობისას ბელარუსი მოიხსენიებოდა. ასევე ახსენებდნენ ყაზახეთსა და სომხეთსაც. სუვერენული სახელმწიფოების გარდა საუბრობდნენ ამ ინტეგრაციულ პროექტში აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, დნესტრისპირეთისა და ყარაბაღის გაერთიანებაზე.

ფედერალური საკრებულოსადმი მიმართვის წინ, რომელიც 22 თებერვალს გაკეთდა, გახშირდა იყო საუბარი, რომ პუტინი სწორედ ასეთ ინტეგრაციულ პროექტზე გააკეთებდა განცხადებას, რომელშიც ბელარუსთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი გაერთიანდებოდნენ.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ასეთი პროექტის არსებობა ბელარუსთან მიმართებაში დასტურდება. მართალია პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ ფიგურირებენ, მაგრამ მათ მიმართ რუსეთის გეგმებზე ამ ოკუპირებული ტერიტორიების ლიდერების მოსკოვში გახშირებული ვიზიტები და ბჟანიასა და ლუკაშენკას შორის ურთიერთობების გახშირება მიუთითებს.

გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ მოსკოვი მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპირებს „ზრუნვას“ ხოლო დანარჩენ საქართველოზე არა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინაში შეჭრის კვალდაკვალ საქართველოში მკვეთრად არის გაძლიერებული ანტიდასავლური ვექტორი, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციასა და პრო-რუსული განწყობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.          

მსგავსი/Related

Back to top button