Placeholder canvas
ახალი ამბები

სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების უფროსების პოსტებზე „ოცნების“ რჩეულები ცნობილია

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები დღეს სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების უფროსებად კარლო კაციტაძისა და ლელა ჯანაშვილის კანდიდატურებს დაუჭერენ მხარს.

ორი ახალი სააგენტო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაანაცვლებს, რომლის გაუქმების გადაწყვეტილება ქართული ოცნების დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე სამი მოსმენით მიიღეს.

35 წლის კარლო კაციტაძე მანამდე საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი იყო.

51 წლის ლელა ჯანაშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად შეარჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. ჯანაშვილს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი აქვს.

14 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე საუბრისას, მდინარაძემ კაციტაძისა და მისი კონკურენტის, ქუთაისის რაიონული პროკურის ემზარ გაგნიძის დამსახურებებს გაუსვა ხაზი, თუმცა აღნიშნა, რომ კაციტაძეზე არჩევანი პროკურატურაში დეპარტამენტის უფროსად მუშაობის გამოცდილების გამო გააკეთეს.

სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიები მხარს არცერთ კანდიდატს დაუჭერენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ახალ რანგში კაციტაძის დამოუკიდებლობის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა და მას გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მსახური უწოდა.

თავის მხრივ, გუშინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, კაციტაძე დაინტერესდა „თუ ამ [სახელმწიფო ინსპექტორის] სამსახურმა, რომელსაც ყოფილი პროკურორები ხელმძღვანელობდნენ, დამოუკიდებლად იმუშავა და თქვენი მოწონება დაიმსახურა, მაშინ ჩემთან მიმართებით ეს ლოგიკა რატომ მუშაობს საწინააღმდეგოდ?“

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების უფროსების თანამდებობებზე კანდიდატები საკონკურსო კომისიამ შეარჩია. თითოეულ თანამდებობაზე შერჩეული 3-3 კანდიდატი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს, რომელმაც, თავის მხრივ, თითოეული პოსტისთვის ორი კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი იმ ფონზე იმართება, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

თოლორაია აცხადებს, რომ მისი უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადის გასვლამდე შეწყვეტა და ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელების შერჩევის პროცესის დაწყება საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

ერთი კვირის წინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლომ მანამდე დაასრულოს საქმე, სანამ „ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი კანდიდატები შეირჩევიან“.

„ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. საჭიროა, რომ ისინი იყვნენ ძალიან კვალიფიციურები. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება ნაჩქარევი პროცესი,“ – აღნიშნა ელჩმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button