skip to content
ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების უფროსების კანდიდატურები შეარჩიეს

საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ საკონკურსო კომიასიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების უფროსების თანამდებობებზე კანდიდატები შეარჩია.

თითოეულ თანამდებობაზე შერჩეული 3-3 კანდიდატი საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს წარედგინა, რომელიც, თავის მხრივ, თითოეული პოსტისთვის ორ კანდიდატს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ქუთაისის რაიონული პროკური, ემზარ გაგნიძე; საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი, კარლო (კოკა) კაციტაძე; და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ელენე ალავერდაშვილი შეარჩიეს.

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას, კომისიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ლელა ჯანაშვილი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების პროფესორი, 2020 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და 2019 წლის შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი, თამარ ალფაიძე, ასევე კახა მაღრაძე („სამოქალაქო საქართველომ“ მისი ვინაობის დადგენა ვერ მოახერხა) შეარჩია.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი იმ ფონზე იმართება, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თოლორაია აცხადებს, რომ მისი უფლებამოსილების ექვსწლიანი ვადის გასვლამდე შეწყვეტა და ორი ახალი სამსახურის ხელმძღვანელების შერჩევის პროცესის დაწყება საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ, რომელიც შესარჩევი კომისიის წევრი იყო, განაცხადა, რომ ექვსი კანდიდატიდან მან მხოლოდ ერთს დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, დანარჩენ კანდიდატებს პროფესიული კომპეტენციის ან დამოუკიდებლობის კუთხით ჰქონდათ პრობლემები. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ერთის გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გაკრიტიკება ვერცერთმა კანდიდატმა გაბედა.

იმავდროულად, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ მმართველი პარტია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად კაციტაძის, ხოლო მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ჯანაშვილის კანდიდატურებს დაუჭერს მხარს.

ქართული ოცნების დეპუტატებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე სამი მოსმენით მიიღეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველი ქართული ოცნების ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებდნენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის გამო.

მართალია, მმართველმა პარტიამ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა კრიტიკა უგულებელყო, საბოლოოდ მაინც უკან დაიხია და სამსახურის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სამსახურებში დარჩენა შესთავაზა. თუმცა, ეს ინიციატივა სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიასა და მის მოადგილეებს არ ეხებათ.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ერთი სამსახურის ორი სამსახურით ჩანაცვლებით არავითარი ფორმით არ იკვეცება კომპეტენციები, პირიქით ფართოვდება კიდეც საგამოძიებო ნაწილის უფლებამოსილებები“.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 1 თებერვალს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობა იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button