skip to content
ახალი ამბები

წამყვანი ევროპარლამენტარები ნინო ლომჯარიას მხარდაჭერას უცხადებენ

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე მომუშავე ორმა წამყვანმა ევროპარლამენტარმა – მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც პატიმრობაში მყოფი მოშიმშილე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის მოთხოვნით გაკეთებული განცხადებების გამო ქართული ოცნების ლიდერებისგან შეტევის ობიექტი გახდა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობას, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი გაწეული საქმიანობისთვის ქებას იმსახურებენ და მათ დამოუკიდებლობაზე შეტევები ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ევროპელი კანონმდებლების თქმით, 2017 წელს, პოსტზე არჩევის შემდეგ, ნინო ლომჯარია არის მაგალითი, რომელიც „არ იშურებს ძალისხმევას ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის ხელშესაწყობისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში“.

„აღნიშნული საკითხები არის საკვანძო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების და ამ სფეროებში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი – განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „ამ ფონზე, მით უფრო მეტად მნიშვნელოვანია სახალხო დამცველი, რომელიც მის უფლებამოსილებას გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ასრულებს“.

ევროპარლამენტარებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტის და გრანტების, აგრეთვე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპული ინსტრუმენტის პროექტები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის ოფისს, რაც მოწმობს მის მნიშვნელობას.

მათივე თქმით, „საკუთარი მოვალეობების მაქსიმალური თავდადებით შესრულებით, ქალბატონმა ლომჯარიამ და მისმა კოლეგებმა შეიტანეს წვლილი საქართველოს მიერ ევროპული გზის შენარჩუნებაში“. ევროპარლამენტარების თქმით, მათ აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობა და საზოგადოების მხარდაჭერა. „უდავოა, რომ ისინი უნდა შეაქო და არა გააკრიტიკო საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი მათი ერთგულებისთვის“.

ევროპარლამენტარებმა – კალიურანდმა და მიკსერმა ასევე აღნიშნეს, რომ მხედველობაში მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ღირსების, უსაფრთხოებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების პატივისცემის საჭიროებაზე, ასევე მისი ჯანმრთელობის დაცვისა და გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის გარშემო არსებული გარემოებების შესახებ. „ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენებს და ველით, რომ მისი უფლებები იქნება დაცული“, განხცხადეს მათ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button