ახალი ამბები

არასამთავრობოები სახალხო დამცველის წინააღმდეგ კობახიძის განცხადებას გმობენ  

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის, „ღია საზოგადოების ფონდმა“, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“  ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, დეპუტატ ირაკლი კობახიძის ის განცხადება დაგმეს, სადაც მან სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას „უპასუხისმგებლო“ და „ოპოზიციის ომბუდსმენი“ უწოდა.

აღნიშნეს რა, რომ მმართველი პარტიის წევრებს უკვე ჩვევად ექცათ სახალხო დამცველის შესახებ „დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი“ განცხადებები, არასამთავრობოებმა მოუწოდეს ქართული ოცნების წევრებს თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები შეწყვიტონ.

„ამ განცხადებების ერთადერთი მიზანია, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა“, – ნათქვამია არასამთავრობოების მიერ 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

უფლებადამცველებმა განმარტეს, რომ სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა კანონმდებლობით ევალება.

„შესაბამისად, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი, ისევე როგორც,  გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, სახალხო დამცველის პირდაპირი და დღესდღეობით – ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოების თქმით, „ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა – დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია“. ამ კონტექსტში, არასამთავრობოებმა აღნიშნეს, რომ გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე გამოძიება ან საერთოდ არ დაწყებულა ან არ დასრულებულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button