ახალი ამბები

სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს  

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციური სამსახური 7 ნოემბერს გამოქვეყნებული იმ კადრების გამოქვეყნების გამო გააკრიტიკა, სადაც ჩანს, თუ როგორ ღებულობს მოშიმშილე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 იზოლატორის სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამედიცინო მიზნით, მცირე რაოდენობით წვენსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.

კადრები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა გაემყარებინა ხელისუფლების რიტორიკა, რომ პატიმარმა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. სახალხო დამცველი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამედიცინო მიზნებით დანამატების მიღება შიმშილობის შეწყვეტას ნიშნავს და მტკიცებულებად სამედიცინო და ციხის ჩანაწერები მოჰყავს.

სახალხო დამცველმა განაცხადა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რეკომენდირებული დანამატების მიღების შიმშილობის შეწყვეტად წარმოჩენამ შესაძლოა მოშიმშილე პატიმრებს ყველა სახის სითხისა და მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმისკენ უბიძგოს. მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება ზიანს აყენებს არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის უფლებებს.

სახალხო დამცველმა დაადასტურა, რომ სააკაშვილს 1 ოქტომბერს შიმშილობის გამოცხადების დღიდან არაფერი უჭამია. ციხის სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების შემდეგ, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მხოლოდ მცირე რაოდენობით წვენს და მინერალური შემცველობის პიურეებს იღებდა, რასაც თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა.

სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილმა საკვები დანამატების მიღება 30 ოქტომბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ციხის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა დაარწმუნა ის, რომ მცირე დოზით, თხევადი სახით ამ პროდუქტების მიღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აუცილებელი იყო.

გავრცელებული ჩანაწერის საპასუხოდ, სააკაშვილმა ციხიდან გავრცელებულ წერილში აღნიშნა, რომ იგი საკვებ დანამატებს აღარ მიიღებს.

თავის მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 7 ნოემბერს განაცხადა, რომ მან ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოშიმშილე პატიმრის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და რომ თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ჩანაწერი მას შემდეგ გაავრცელა, რაც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უთხრა, რომ სააკაშვილი  „საკვებ პროდუქტებს“ იღებდა. „მან მიიღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები, ასევე ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“, – განაცხადა მინისტრმა.

ქართული ოცნების პასუხი  

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკი“ (ქართულად ნიშნავს ყალბს – რედაქტორის შენიშვნა) აღმოჩნდა. მან ჩანაწერის გამოქვეყნების თაობაზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ 6 ნოემბერს სააკაშვილის შიმშილობას „ფეიკშიმშილობა“ (ქართულად: მოგონილი შიმშილობა – რედაქტორის შენიშვნა) უწოდა და აღნიშნა, რომ „კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა“.

უფრო ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატმაც გამოთქვეს ეჭვები, ნამდვილად შიმშილობდა თუ არა სააკაშვილი. მათი თქმით, ექს-პრეზიდენტი თაფლს თუ სხვადასხვა ტიპის საკვებ დანამატებს იღებდა.

ნაციონალური მოძრაობის პასუხი  

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სააკაშვილის ჩანაწერის გამოქვეყნებას ექს-პრეზიდენტის „წამება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა“ უწოდა. მისი თქმით, ჩანაწერში ჩანს, რომ სააკაშვილი ექიმის კაბინეტში იმყოფება და ექიმის მეთვალყურეობით საჭირო დანამატებს იღებს.

გიგი უგულავამ ჩანაწერს „გულისამრევი პროპაგანდა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ „პროვოკაციის მიზანია, რომ მოშიმშილე ადამიანმა უარი თქვას სამედიცინო დანამატებზე და მივიდეს სიკვდილამდე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button