რესპუბლიკის ამბები

ნოე ჟორდანია ევროპულ პრესაში საქართველოს ოკუპაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას პასუხობს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 სექტემბერი, N9-10

ბოლშევიკების თავდასხმა საქართველოზე

(წერილი „ფორვარდის“ რედაქციას)

მ. ხ. მე დიდის ყურადღებით წავიკითხე თქვენს გაზეთში (20 აგვ. 3 სექტ. NN-ში) მოთავსებული წერილები ბ-ნ ა. პ. ლ-სი.

სიამოვნებით უნდა ავღნიშნო ის გარემოება, რომ თავის პასუხში ამ ავტორისადმი თქვენი რედაქცია მტკიცეთ აღიარებს ყველა სოციალისტისთვის დიდათ მნიშვნელოვან „ერთა თვითგამორკვევის უფლების“ პრინციპს.

ბოლშევიკების მთავარი დანაშაული ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორეთ ამ პრინციპის დარღვევაა, და როგორც თქვენ სამართლიანათ აღნიშნავს ბ-ნ ა. პ. ლ.-მ ერთი საბუთიც კი ვერ მოიყვანა იმ დანაშაულის გასამართლებლათ ან შესამსუბუქებლათ.

მაგრამ ბ-ნ  ა. პ. ლ. თავის წერილში ისეთ  რამეებს ამტკიცებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, და ამიტომ მე ჩემს მოვალეობათ მივიჩნევ თქვენი მკითხველების წინაშე ამ მცირე პასუხით გავფანტო ყოველივე გაუგებრობა.

1.საქართველოს მთავრობა ისეთსავე მდგომარეობაშია დღეს, როგორც იყო რუსეთის დროებითი მთავრობა 1917 წელს პეტროგრადში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგო, აცხადებს წერილის ავტორი. ეს შედარება მართალი იქნებოდა, რომ ჩვენში ადგილი ქონოდა შინაურ გადატრიალებას, როგორც ეს მოხდა რუსეთში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველოში არავითარი გადატრიალება არ მომხდარა, მოხდა მხოლოდ დაპყრობა ამ ქვეყნისა უცხო ჯარისაგან. მაშასადამე ჩვენ დაახლოვებით ისეთსავე მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორშიაც იყო ბელგიის მთავრობა, როცა თითქმის მთელი მისი ტერიტორია გერმანიის ჯარებს ეჭირა.

ცხადია, ბ-მ ა. პ ლ.-მა ამ უვარგისს შედარებას მიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მიეფუჩეჩებია უმთავრესი ფაქტი – სახელდობრ ის, რომ მოსკოვის მთავრობამ საქართველოს წინააღმდეგ ჯარები გამოგზავნა, რომ ჩვენი ხალხი მთელ თავის ძალღონით შეებრძოლა მათ, მაგრამ ვერ შესძლო შემოსეული მტრისგან დაცვა თავის ქვეყნის თავისუფლების, და რომ ახლა საქართველო ოკუპანტების ხელში იმყოფება.

2. წერილის ავტორი ამტკიცებს, თითქოს საქართველოს კავშირი ქონოდეს დენიკინთან. ეს ყოველივე სიმართლეს მოკლებული მტკიცებაა. ჩვენი დამოკიდებულება დენიკინთან პირველი დღიდან უკანასკნელამდე უარყოფითი იყო. ჩვენ არც შეგვეძლო სხვაგვარათ შეგვეხედა რეაქციონერ გენერლისთვის. გენერალი დენიკინი ერთში სავსებით ეთანხმებოდა ბოლშევიკებს – ეს იყო ერთა თვითგამორკვევის უფლების უარყოფა. მას სავსებით შესაძლებლათ მიაჩნდა გარეშე ძალის საშვალებით არსებული პოლიტიკურ წყობილების დანგრევა და მის ნაცვლათ ახალის დამკვიდრება. ჩენ კი ასეთ შეხედულებას არასოდეს არ ვიზიარებდით. ამიტომ ჩვენ გადაჭრით უარყავით დენიკინის წინადადება, რომელიც გვთხოვდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში დავხმარებოდით. ამან გამოიწვია ის, რომ დენიკინმა ჩვენ ბოლშევიკების მეგობრებათ გამოგვაცხადა და ჩვენს წინააღმდეგ თავის ჯარით გამოილაშქრა. თუ ბ-ნი ა. პ. ლ. კითხულობდა ინგლისურ გაზეთებს 1918-1919 წლებში, მას ეცოდინება, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში ფაქტობრივად ებრძოდა გენერალ დენიკინის ლაშქარს. საერთოთ დღიდან ბოლშევიკური გადატრიალებისა რუსეთში, ჩვენ ყოველთვის, ყველა კომპეტენტურ კრებებზე ვაცხადებდით, რომ წინააღმდეგი ვართ რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევის და ამ აზრს საერთაშორისო მასშტაბითაც ვიცავდით.

3. წერილების ავტორი ჩემს ინტერვიუში, რომელიც გაზ. „ტაიმს“-ში დაიბეჭდა,  ბურჟუაზიულ პაციფიზმის (ზავის მომხრეობა) ნიშნებს პოულობს და აქედან ასკვნის: სჩანს, მას (ე. ი. მე) და საქართველოს მთავრობას „ბურჟუაზიული პსიხოლოგია“ ქონიათ. მაგრამ ამის მთქმელს ცხადია ნათელი წარმოდგენა არ უნდა ქონდეს იმაზე, თუ რა განსხვავებაა ბურჟუაზიულ და სოციალისტურ პაციფიზმს შორის. ეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ბურჟუაზიული პაციფისტები კაპიტალისტური წყობილების ფარგლებში ერთგვარ შეთანხმების საშუალებით ცდილობენ სამუდამო მშვიდობიანობას მიაღწიონ. ჩვენ, სოციალისტები, კი ვფიქრობთ, რომ „ბურჟუაზიული სამუდამო მშვიდობიანობა“ სრული უტოპიაა, და რომ ომების თავიდან ასაცილებლათ დღევანდელი საზოგადოების ძირიანათ გარდაქმნა აუცილებელია. მაგრამ ეს განსხვავება თეორიტიულ შეხედულებაში ხელს არ უშლის სოციალისტებს ბურჟუაზიულ ფაციფისტებთან ერთად იმოქმედონ ამა თუ იმ კონკრეტულ შეიარაღებულ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლათ ან გამოსძებნონ საშვალება უკვე დაწყებული ომის და სისხლის ღვრის შესაჩერებლათ. და რა გასაკვირია, რომ ჩემი ნაჩვენები ზოგიერთი ზომები ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანობის ჩამოსაგდებათ ეთანხმებოდეს ბურჟუაზიულ პაციფისტების შეხედულებას ამავე საგანზე.

4. საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გასამართლებლათ ავტორს ის მოყავს საბუთათ, რომ ამით ბოლშევიკებმა გააფართოვეს საზღვრები იმ ძალა-უფლების, რომელსაც იგი „საბჭოთა ძალა-უფლებას“ უწოდებს და რომელიც ნამდვილათ მხოლოდ სამხედრო დიქტატურას წარმოდგენს. ეს ამაო ცდაა – ბოლშევიკების იმპერიალისტური შემოსევისთვის იაკობინელების „რევოლუციონურ ომების“ და „საპროპაგანდო ომების“ თეორიის მიყენების. ნამდვილათ იმ ომებს შორის, რომელსც აწარმოებდა საფრანგეთის რევოლუციონური კონვენტი ევროპის ფეოდალურ არმიების წინააღმდეგ და პატარა თავისუფალ საქართველოს რესპუბლიკაზე რუსეთის თავდასხმას შორის არავითარი მსგავსება არ მოიპოვება. ამას გარდა, როგორ გნებავთ შეუთანხმოთ ხიშტებით იდეის პროპაგანდა – ხალხთა თვითგამორკვევის იდეას? საფრანგეთის დიდ რევოლუციაში იაკობინელებმა წამოაყენეს ლოზუნგი „რევოლუციური ომების“, იმიტომ, რომ ეგონათ გარედან შესევითა და დაპყრობით შეიტანდნენ ევროპის ხალხში ახალ წყობილებას. სოციალისტები კი ასეთ თეორიას უარყოფენ არა მარტო იმ პრაქტიკული მოსაზრებით, რომ ამ ომებმა იაკობინელების და ნაპოლეონის ეპოქაში სრული დამარცხება განიცადეს, არამედ წმინდა თეორიული მოსაზრებითაც. თანამედროვე სოციალიზმის მოძღვრება კლასთა ბრძოლის თვალსაზრისზე დგას და ამიტომ იგი აღიარებს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ წყობილების შეცვლას მხოლოდ კლასთა ბრძოლით და არა გარედან თავდასხმის მოწყობით. ამაზეა აშენებული პრინციპი ერთა თვითგამორკვევის. სამხედრო ავანტიურები კი მხოლოდ აბნელებენ პროლეტარიატის კლასობრივ შეგნებას და იწვევენ ნაციონალურ მტრობის გამწვავებას. ცხადია იაკობინელების თვალსაზრისზე დადგომით ბოლშევიკებმა საბოლოოთ გასწყვიტეს კავშირი სოციალიზმის მთავარ საფუძვლებთან.

აქ უადგილო არ იქნება მოვაგონო იმათ, ვისაც ასე იზიდავს „საპროპაგანდო ომების“ თეორია, რომ ასეთ ომებს თავის ლოგიკა აქვს – ისინი ნიადაგს უმზადებენ გაბედულ გენერლის გაბატონებას და ბონაპარტიზმის დამყარებას.

5. როცა ავტორი საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმის გამართლებას ცდილობს, იცის კი მან რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო საქართველოში ბოლშევიკური ჯარის შემოჭრის წინ? იცის, რომ ჩვენში გაბატონებული იყო სრული დემოკრატია? გვგონია, რომ არ იცის. ჩვენში კი ამ დროს ხალხი თავის არჩეული პირების საშვალებით განაგებდა ყველა თავის საქმეებს დიდი ხმის უმრავლესობით მან სოციალისტებს ჩააბარა ქვეყნის მართვა-გამგეობა. და სოციალისტურმა მთავრობამ გაატარა რადიკალური მიწის რეფორმა, ჩამოართვა მსხვილ მემამულეებს მიწა უფასოთ და დაუტოვა თვითეულ მათგან იმდენი, რამდენის მოვლაც მათ თავის შრომით შეეძლოთ. ჩამორთმეული მიწის ერთი ნაწილი შემდეგ გლეხებს გადასცა. დანარჩენი მიწები კი, კერძოთ მსხვილი კულტურული მამულები, სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმმართველობებს დარჩა საექსპლოატაციოთ. მუშათა კანონმდებლობის სფეროში საქართველოს მთავრობამ ჩაატარა შემდეგი რეფორმები: 8 საათიანი სამუშაო დრო, შრომის ფართო დაცვა, ბავშთა ან ქალთა შრომის შეზღუდვა, კოლექტიური მუშათა ხელშეკრულება, არჩეულ მუშათა ინსპექცია, მიღება-დათხოვნა მუშათა კავშირების და პარიტეტული შრომის ბირჟის საშუალებით, სატარიფო პალატა შრომის ყველა სადაო საკითხების მოსაწესრიგებლათ და განსაკუთრებით სამუშაო ხელფასის საერთო სიძვირესთან [ინფლაციასთან] შესათანხმებლათ და სხვა. ეკონომიურ სფეროში განხორციელებულ იქნა ნაციონალიზაცია რკინიგზების, მადნები, ტყეების, წყლის, ენერგიის ან საგარეო ვაჭრობის მთავარი დარგების. ამ ზომების მიღებით და დემოკრატიული ადგილობრივ თვითმმართველობათა და კოოპერატივთა სამეურნეო მოღვაწეობით საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიულათ მოწყობილ სახელმწიფოს გარდაქმნას სამეურნეო ორგანიზაციათ, რომელიც სავსებით შეეფერება ჩვენს სოციალისტურ იდეალებს. მოკლეთ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა სავსებით სოციალისტური პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმის განხორციელების წინაშე დადგა. თუ ყოველივე ეს „ბურჟუაზიული ფსიხოლოგიის“ გამოხატულებაა, მაშინ რაღა მიაჩნია ბ-ნ ა. პ. ლ-ს „პროლეტარული ფსიხოლოგია“ იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობის ნება უარყო, უხეშ ძალაზე დაეყრდნო, ტერორით მართო ქვეყანა და ყოველივე დაანგრიო და სამაგიერო კი არაფერი შექმნა?

ასეთი პოლიტიკის შედეგი მას უკვე აქვს საბჭოთა რუსეთში. ჩვენ, სოციალისტები, რომელთაც საქართველოს ხალხმა მოგვანდო მართვა-გამგეობა შეგნებულათ ვამაყობთ იმით, რომ სამნახევარი წლის განმავლობაში (1917 წლის ოქტომბრიდან) ვიფარავდით ქვეყანას ამ დამღუპველი პოლიტიკის გავლენისაგან.

დღეს ეს პოლიტიკა მეფობს საქართველოშიაც, მაგრამ მეფობს მხოლოდ მოსკოვის ხიშტების წყალობით, ხალხის ნება-სურვილის წინააღმდეგ. და მე არ მეგონა, თუ გამოჩნდებოდა თუნდაც ერთი კეთილგონიერი ინგლისელი, რომელიც გაბედავდა საჯაროთ ტაში დაეკრა ამ ბოროტმოქმედებისთვის!

ნოე ჟორდანია

მსგავსი/Related

Back to top button