skip to content
რესპუბლიკის ამბები

სოციალ-დემოკრატიული პარტიის 1921 წლის 10 აპრილის ყრილობის რეზოლუცია

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 26 ივლისი, N4

საქარ. სოც. დემ პარტიაში

ისტორიული დოკუმენტი

(რეზოლუცია, თფილისის სოც-დემ ყრილობის მიერ მიღებული 10 აპრილს. 1921 წელს)

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ძირითადათ შეიცვალა საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საზღვრებში შემოიჭრა უცხოეთის ჯარები, რომლებმაც ბრძოლით დაიკავეს რესპუბლიკის მთელი ტერიტორია ფოილოდან შავ ზღვამდე და შემოიღეს რევკომების ხელისუფლება.

შეიარაღებული თავდაცვითი ბრძოლის შემდეგ, რომელსაც აწარმოებდა რესპუბლიკა ჩვენი პარტიის მხურვალე მონაწილეობით, ჩვენ ვდგევართ  ომისა და მისი შედეგების მიერ შექმნილ ახალი მდგომარეობის წინაშე და გვიხდება მოღვაწეობა ამ ახალი ურთიერთობის ფარგლებში.

საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური, ქალაქ თფილისის და თფილისის მაზრის კომიტეტების თათბირი იღებს რა მხედველობაში ერთის მხრით ამ ახალ შექმნილ ვითარებას და მეორეს მხრით საქართველოს რევკომის და მისი პასუხისმგებელი წარმომადგენლების განცხადებებს ქართველი ხალხის წინაშე, სახელდობრ:

ა) რომ, საქართველოს რევკომი სდგას საქართველოს დამოუკიდებლობის ნიადაგზე და რომ მისი პოლიტიკა იქნება მიმართული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცებისაკენ.

ბ) რომ, ის საჩქაროთ შექმნის საქართველოს წითელ არმიას, რომელიც იქნება ერთად-ერთი სამხედრო ძალა რესპუბლიკაში.

გ) რომ, ის საქართველოში უახლოეს მომავალში მისცემს მშრომელ მასსას თავისუფალ არჩევნების უფლებას და რომ ჩვენში საბჭოთა წყობილების განხორციელებას და საბჭოთა სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას შეუფარდებს ადგილობრივ პირობებს და ჩვენი ქვეყნის თავისებურებებს [ქართველ კომუნისტებისადმი ლენინის დირექტივა განსაზღვრავდა ამ მიმართებას – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

) რომ, საქართველოში მოქმედ სოციალისტურ პარტიებს, რამდენადაც ისინი აქტიურად არ ეომებიან არსებულ წყობილებას შეძლება ექნებათ ლეგალურად იმოქმედონ.

იღებს რა ყოველივე ამას მხედველობაში იმ იმედით, რომ ზემო აღნიშნული განცხადებანი ს. ს. ს. რესპუბლიკის რევოლუციონური კომიტეტი ურყევლად და სრულად იქნებიან გატარებული ცხოვრებაში, თათბირი აცხადებს:

  1. ჩვენი პოლიტიკური ხაზი ახალ პირობებშიაც საერთოდ იგივე რჩება, როგორშიც წინეთ იყო. ეს ხაზი გამოიხატება ფორმულით -„ დემოკრატიზმის გზით სოციალიზმისაკენ“.
  2. საქართველოს დამოუკიდებლობა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას დღესაც მიაჩნია თავის მოღვაწეობის ერთ-ერთ საფუძვლად. მისი მუშაობა წინებურად მიმართული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამაგრებისაკენ.
  3. სოციალ-დემოკრატიული პარტია მუდამ იყო მასიური, განსაკუთრებით საქართველოში, და დღესაც ამგვარივე რჩება. მას მიუღებლათ მიაჩნია შეთქმულებითი მეთოდები, ის სდგას იდეურ ლეგალურ მოღვაწეობის ნიადაგზე და გადაჭრით აფრთხილებს თავის თანამგრძნობთ და მთელ ხალხს შეიარაღებული გამოსვლებისგან.
  4. ყოველგვარ თავისუფალ არჩევნებში, რომელშიც დაინტერესებულია ხალხის ფართო მასსები, ჩვენი პარტია მიიღებს მხურვალე მონაწილეობას და შეებრძოლება ბოიკოტისტურ მეთოდებს. წარმომადგენლობითი დაწესებულებებში ის სოციალ-დემოკრატიულ კრიტიკასთან ერთად აწარმოებს ორგანულ მუშაობასაც.
  5. ჩვენ ეხლავე მივიღებთ მონაწილეობას ყოველგვარ კულტურულ ეკონომიურ სააღმშენებლო მუშაობაში და მოვუწოდებთ ამხანაგებს და თანამგრძნობთ გადაჭრით უარყონ საბოტაჟი.
  6. საგარეო პოლიტიკაშ ჩვენ ვეყრდნობით საერთაშორისო მუშათა კლასის თანაგრძნობასა და გადაჭრით ვუარყოფთ კავშირს იმპერიალისტურ ძალებთან.
  7. ამავე დროს იმ არაჩვეულებრივ და რთულ პირობებში, რომელშიაც ამ ჟამად იმყოფება საქართველო და მისი მშრომელი ხალხი, ჩვენ მიზანშეწონილათ მიგვაჩნია, რომს აქართველოს მუშათა კლასის შინაურ ურთიერთობის მოგვარების საქმეში ამხანაგურათ და მეგობრულათ ჩავრიეთ მუშათა ინტერნაციონალი შემდეგი ფორმით:

დასავლეთ ევროპის მუშათა მოძრაობის ორივე ფრთა – სოციალისტური და კომუნისტური ადგენენ შერეულ კომისიას, რომლის კონტროლს ქვეშ ხდება საქართველოში თავისუფალი არჩევნები მშრომელი ხალხის ნების გამოსახატავად. ამ საკონტროლო-საარბიტრაჟო კომისიის შემადგენლობის შესახებ ცენტრალური კომიტეტი შეუთანხმდება კომუნისტურ პარტიას.

ეს დადგენილება გამოცხადდეს საჯაროს [კომუნისტურმა პრესამ საქართველოში არ გამოაქვეყნა რეზოლუციის ტექსტი,   რეზოლუციას   შემდგენლებს ბრალად დასდო საბჭოთა საქართველოს მტრობა და დაგმო ყრილობის საქმიანობა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], გაეგზავნოს საქართველოს რევკომს, საქართველოს კომუნისტურ და სოციალისტურ პარტიას და ეცნობოს მეორე ინტერნაციონალს, რეკონსტრუქტორებს და მესამე ინტერნაციონალს.

ეს რეზოლუცია ათ აპრილს, სახელმწიფო თეატრში მომხდარ პარტიულ კრება, რომელსაც დაესწრო პარტიის 3000-მდე  წევრი, მიღებულ იქნა ერთხმად.

პარტიული კრების თავმჯდომარე – ვლადიმერ ჯიბლაძე

თავმჯდომარის ამხანაგი – ვასო ნოდია

მდივანი – შლავა აბდუშელაშვილი

[საბჭოთა ხელისუფლებამ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ 1921 წლის 10 აპრილს მიღებული რეზოლუცია დაგმო, ყრილობის თავმჯდომარე ვლადიმერ ჯიბლაძე 1921 წლის 30 აპრილს  დააპატიმრა, 1921 წლის 22 მაისს დააპატიმრეს ყრილობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასო ნოდია და ყრილობის არაერთი დელეგატი. სოციალ-დემოკრატიულ პარტიას აეკრძალა ყრილობების გამართვა, ასევე ნება არ დაერთო გამოეცა გაზეთი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button