Placeholder canvas
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა რეგიონებისთვის „მასშტაბური განახლების“ პროგრამა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 აპრილს საქართველოს რეგიონებისთვის „მასშტაბური განახლების“ პროგრამა წარადგინა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ინიციატივის ფარგლებში დაახლოებით 15 000 ადამიანი დასაქმდება და მისი პირველი ფაზა მთავრობას 500 მილიონი ლარი დაუჯდება.  

ინფრასტრუქტურული პროექტები ითვალისწინებს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების, ადმინისტრაციული ცენტრების და საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამას გარდა, ინიციატივა მოიცავს რეკრეაციული ზონების მოწყობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და „ყველა ქალაქის, ყველა მუნიციპალიტეტის, კურორტებისა და დასახლებების ურბანულ განახლებას“.  

„ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „ჩვენი მოქალაქეების ადგილზე ცხოვრების, შრომისა და განვითარების პირობების გაუმჯობესება ყველგან სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს“.  

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საჭირო თანხები გამოიყოფა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებიდან. შესაბამისი ტენდერები პროექტების განსახორციელებლად მიმდინარე კვირას გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები, სავარაუდოდ, ივნისში დაიწყება.  

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივა წინ უძღვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც 2021 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი. საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პროპორციული სისტემით ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button