skip to content
ახალი ამბები

19 აპრილის შეთანხმება: მელიას გათავისუფლების მექანიზმები დავის საგანი გახდა 

იმ ფონზე, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების უმეტესობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული კომპრომისული დოკუმენტის ხელმოწერაზე დათანხმდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების მექანიზმი კვლავაც დავის საგნად რჩება. მელიას გათავისუფლების მექანიზმების შესახებ პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ხელმომწერებს შორის უთანხმოებას იწვევს.

თავად შეთანხმების თანახმად, „პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული“ ორი საკითხი, მათ შორის, ნიკა მელიას და გიორგი რურუას პატიმრობა, დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადაწყდეს „ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს“.

სწორედ ეს „ზომები“ გახდა პოლიტიკურ პარტიებს შორის დამატებითი გაურკვევლობისა და მიკერძოებული ინტერპრეტაციების წყარო. თავად ნიკა მელიამ არაერთხელ ისაუბრა ამნისტიის წინააღმდეგ, რომელიც ყველა იმ პირს შეეხება, რომელთაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ წაყენებული ბრალი, მათ შორის, „მოძალადე თანამდებობის პირებს და პოლიციელებს“. იგი მკაცრად ეწინააღმდეგება ვინმეს, მათ შორის, ევროკავშირის მიერ, მისი გირაოს გადახდას და აცხადებს, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

მიუხედავად 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერისა, ქართული ოცნება მელიას წინააღმდეგ კვლავაც კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 22 აპრილს განაცხადა, რომ ამნისტია ყველა იმ პირს უნდა შეეხოს, რომელთაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ ბრალი წაყენებული. „თუ ამნისტია შეეხება ნიკა მელიას, ბუნებრივია, უნდა შეეხოს ვინმე სხვასაც, ვისაც შეიძლება რაიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი იმ ღამეს“, – განაცხადა მან.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკური კრიზისის მედიაციის პროცესში, ამნისტიის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იგი „არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას მაშინდელ მოვლენებზე, თუმცა ქვეყანას წინსვლის საშუალებას აძლევს“. „რა თქმა უნდა, თავად მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება მოიცავს მელიას გათავისუფლების მექანიზმს“, – განაცხადა ელჩმა.

იმავდროულად, პარტია ლელოს ლიდერებმა – მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ, რომლებიც 21 აპრილს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრნენ, მელიას გათავისუფლების ალტერნატიული გზა გამოძებნეს. ლელოს ლიდერებმა ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებში ჩადგომა შესთავაზეს, რათა „დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთი ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება“. ლელოს თქმით, ევროპარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ პროცესში.

მაშინ, როდესაც მელიას მოსაზრება ლელოს შემოთავაზებაზე უცნობია, ნაციონალური მოძრაობის წევრები მზად არიან, რომ ის კომპრომისულ ნაბიჯად განიხილონ. პარტიის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს უკეთესი შემოთავაზებაა, ვინაიდან როგორც ამნისტია, ისე გირაო „კატეგორიულად მიუღებელია“ ნაციონალური მოძრაობისთვის. ახალ შემოთავაზებას სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი, თუმცა ეჭვი გამოთქვეს, რომ მმართველი პარტია მზადაა მის მისაღებად.

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა ეს ეჭვები და ლელოს შემოთავაზებას „არასერიოზული“ უწოდა, ვინაიდან ის, მისი თქმით, შეთანხმების სულისკვეთებას ძირს უთხრის.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მელიას გათავისუფლების კიდევ ერთი ვარიანტი გაახმოვანა და აღნიშნა, რომ „სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომლის თანახმად, პროკურატურას შეუძლია პირის მიმართ შეწყვეტოს დევნა თუ მიიჩნევს, რომ არსებითად შეცვლილია გარემოებები და ეს გარემოებები პირის მიმართ დევნის შეწყვეტის სამართლიანობას განაპირობებს“.

მისივე თქმით, „დღეს პოლიტიკური შეთანხმება მელიას საქმის გარშემო უკვე არსებობს და, შესაბამისად, გარემოებები უკვე მზად არის დევნის შესაწყვეტად“. პროკურატურას სახალხო დამცველის შემოთავაზებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button