skip to content
ახალი ამბები

შარლ მიშელი პარლამენტში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, 20 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტსაც ეწვია, სადაც იგი ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, საპატიმროდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების გზებიც განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას შეწყალის თაობაზე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. რაც შეეხება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ გირაოს თანხის გადახდას ევროკავშირი უზრუნველყოფს.

შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის გუშინ გაფორმებული შეთანხმებისთვის, აუცილებელია, რომ ნიკა მელიამ და გიორგი რურუამ საპატიმროები დატოვონ. „მომავალ ორშაბათ ამნისტიის კანონი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში. თუ მანამდე მოიძებნება რაიმე საშუალება ნიკა მელიას გათავისუფლების, ვნახოთ, იმიტომ, რომ ამის მექანიზმები ნამდვილად აქვს ხელისუფლებას“, – განაცხადა მანვე.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ გიორგი რურუას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამშაბათს, 27 აპრილს შეიწყალებს, ნიკა მელია კი – საპატიმროს ამნისტიის კანონის საფუძველზე დატოვებს, რომელიც მხოლოდ იმ საქმეებზე გავრცელდება, რომლებიც „ამჟამად არის გამოძიებაში“.მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამით „სპეკულაციები, რომ ვიღაცაზე კიდევ მომავალში გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია“.

„მელიას თანხმობის გარეშე, ძალით გირაოს არავინ გადაიხდის“, – განაცხადა ლელო საქართველოსთვის ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. „შესაბამისად, ამ შეთანხმების სულისკვეთებიდან გამომდინარე მოძებნილ უნდა იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომელზეც არ შეიქმნება წინააღმდეგობა“, – ხაზი გაუსვა მანვე და დაამატა, რომ როგორც კი ნიკა მელია და გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი სუბიექტები პარლამენტში მუშაობას შეუდგებიან.

ევროპული საქართველოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ „მხარეებმა პატივი უნდა სცენ ნიკა მელიას პერსონალურ ნებას და მის გადაწყვეტილებას და ამ ფარგლებში უნდა იქნეს მოძებნილი გამოსავალი“. ცნობილია, რომ მელიამ გირაოს, როგორც მისი გათავისუფლების ინსტრუმენტის გამოყენებაზე უარი უკვე განაცხადა.

პარლამენტში შარლ მიშელთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი; სალომე სამადაშვილი (ენმ), როგორც ინდივიდუალური დეპუტატი; მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ლელოდან; ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებიდან; ზურაბ ჯაფარიძე გირჩი მეტი თავისუფლებიდან; ვახტანგ მეგრელიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩიდან; გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლიდან; ხათუნა სამნიძე რესპუბლიკური პარტიიდან; დავით ბაქრაძე, როგორც ინდივიდუალური დეპუტატი; დავით ზილფიმიანი ევროპელი სოციალისტებიდან და არმაზ ახვლედიანი, რომელიც პარლამენტში ევროპული საქართველოს პროპორციული სიით შევიდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button