skip to content
ახალი ამბები

საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ტელეფონით ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე 19 აპრილს უკრაინელ კოლეგა დმიტრო რაზუმკოვს ტელეფონით ესაუბრა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თალაკვაძემ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე მიმდინარე მილიტარიზაციის გამო, რაც „ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“.

მისი შეფასებით, მოსკოვის 2008 წლის სცენარს იმეორებს, როდესაც „რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის გამოიყენა სამხედრო წვრთნების მიზნით მობილიზებული სამხედროები“.

თალაკვაძემ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობიანი განვითარების უფლებისადმი საქართველოს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, ამჟამინდელი ესკალაცია საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ — მთლიანად ევროპისთვის.

„საქართველო იყენებს ყველა პლატფორმას, რათა მოუწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიონ უკრაინას და შეაჩერონ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული პოლიტიკა“, – დასძინა მან.

უკრაინის „უმაღლესი რადას“ თავმჯდომარემ დმიტრო რაზუმკოვმა მადლიერება გამოხატა თბილისის პოზიციისადმი და განაცხადა, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე პარტნიორების მხარდაჭერა და აგრესორის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა ეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

„აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, თქვენ იცით რასაც ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების [ქონა]. ასეთ პარტნიორებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ დამოუკიდებლობის დაცვას“, – დასძინა რაზუმკოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button