ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა და იუსტიციის ახალი მინისტრები დანიშნა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აპრილს ლაშა ხუციშვილი ფინანსთა მინისტრად დანიშნა, რომელიც ამ პოსტზე ივანე მაჭავარიანს შეცვლის. ამ უკანასკნელმა თანამდებობა გუშინ დატოვა. იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა, რომელიც გოჩა ლორთქიფანიძეს ჩაანაცვლებს, მას შემდეგ, რაც იგი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლე გახდა.

ლაშა ხუციშვილი, რომელსაც 2014 წლიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის ხელმძღვანელი ჯგუფის (Steering group) წევრია. 2013-2014 წლებში მას შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. უფრო ადრე კი – 2008-2013 წლებში, საერთაშორისო კომპანია Ernst & Young თბილისის ოფისში მუშაობდა.

რატი ბრეგაძე, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორია. 2017-2019 წლებში, იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2012-2015 წლებში, მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button