რესპუბლიკის ამბები

გერმანიის ელჩი ულრიხ რაუშერი საბჭოთა საქართველოში დარჩა სამუშაოდ

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 25 მარტი, N19

გერმანელ ელჩის რაუშერის განცხადება

ამხანაგ შეინმანთან ერთად თბილისში ჩამოსულმა გერმანიის ელჩმა რაუშერმა განუცხადა გრუსტას თანამშრომელს: ეხლახან გათავებულ ომის დროს მე უნდა ვყოფილიყავი იქ, სადაც იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი მთავრობა, რომელთანაც მე ვიყავი წარმოგზავნილი. როდესაც ამ მთავრობამ დატოვა სახელმწიფო და ჩამოერთვა მას ფაქტიური ხელისუფლება, მე აუცილებლათ ვთვლიდი, როგორც საქართველოს, აგრეთვე გერმანიის ინტერესებისთვისაც, რაც შეიძლება ჩქარა დავბრუნებულიყავი საქართველოდ დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა ძალიან ძნელი იყო აფეთქებულ ხედების გამო. მე მაინც ჩქარა ჩამოვედი თბილისში და მაშინვე შევუდექი ჩემი მოვალეობის აღსრულებას.

 გაზეთების ცნობა იმის შესახებ, ვითომ და მე განზრახული მქონდა ევროპაში წასვლა, სიმართლეს მოკლებულია. სხვა დიპლომატიურ წარმომადგენელთა გადაწყვეტილების წინააღმდეგ, მე მუდამ იმ აზრის ვიყავი, რომ არ წავსულიყავი კავკასიიდან. მე დავრჩე აქ, რასაკვირველია. არა მარტო ჩემი სურვილის თანახმად, არამედ ჩემი მთავრობის ნებართვითაც. ეს გარემოება იმის დამამტკიცებელია, თუ რა დიდი ინტერესით ეპყრობა გერმანია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიურ ბედს. თბილისი დიდათ მნიშვნელოვანია გერმანიისათვის, განსაკუთრებულათ მნიშვნელოვანია მით, რომ ანტანტას და ოსმალეთს შორის დროებითი ზავის პირობათა ერთ-ერთ შესანიშნავი მუხლით სასტიკათ ეკრძალება ყველა გერმანელს არა თუ ცხოვრება, არამედ დროებით გადმოსვლაც კი კონსტანტინეპოლში. უნდა გითხრათ, რომ საბჭოთა თბილისმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე მაკვირვებს ორი რამ წესრიგი და სრული სიმშვიდე ქალაქში. აგრეთვე ყველა ხალხისათვის აუცილებელ დაწესებულების წესიერი მუშაობა, სახელდობრ წყალსადენის, ელექტრონების სადგურების და ტრამვაის.

უნდა ვთქვათ, რომ კავკასიას შეუძლია გამოიყენოს თავისი სიმდიდრე მხოლოდ ბაქოსა და ბათომის შორის პირდაპირი დამოკიდებულებით. ბათომი არის ისეთი ნავთსადგური, საიდანაც უნდა შემოვიდეს იმპორტი მთელ კავკასიაში. ბაქოს კი შეუძლია მისცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია კავკასიის მრეწველობის და ვაჭრობის განვითარებისათვის. ყოველგვარი პოლიტიკა, რომელიც ავიწროებს ან შლის ბაქოსა და ბათომს შუა პირდაპირ მიმოსვლას, შეავიწროებს და დაანგრევს კავკასიის საცხოვრებელ ძალღონეს და შესწყვეტს მეზობელ რესპუბლიკისადმი საჭირო საგნების მიწოდებას. ის გარემოება, რომ ჩემმა მთავრობამ თანხმობა განაცხადა თფილისში ჩემ დარჩენაზე, აშკარათ ამტკიცებს მის განზრახვას, პოლიტიკური კავშირის დაცვას კავკასიასთან.

მე არ შემიძლია ვსთქვა, თუ როგორი ფორმა იქნება მიღებული ჩემი მთავრობის მიერ, საერთაშორისო უფლების თვალსაზრისით, კავკასიასთან პოლიტიკურ დამოკიდებულების განსამტკიცებლათ, როგორ დიპლომატიურ ნაბიჯებს გადადგამს ის ამ შემთხვევაში. მე ჯერ არ მაქვს ინსტრუქცია ბერლინიდან, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მზიანი იქნება გერმანიის და საქართველოს ერთა შორის მეგობრული წყობილების განმტკიცება, მიუხედავათ ორივე სახელმწიფოს ამა თუ იმ შინაგან რეჟიმისა ორივე ერთა შორის მეგობრული განწყობილების განმტკიცება გაუმჯობესება გერმანიისა და საქართველოს ეკონომიურ მდგომარეობას, რასაც მე დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველოს რევოლუციონური კომიტეტი და მთელი ქართველი ხალხი.

[ულრიხ რაუშერი (1884-1930) საქართველოში  ელჩად გერმანიის მიერ საქართველოს დე იურედ აღიარების შემდეგ 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა, თბილისში კი 1921 წლის იანვრის დასაწყისში ჩამოვიდა. ჩამოსვლისთანავე, რაუშერმა ახლო ურთიერთობა დაამყარა ნოე ჟორდანიასთან. 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, რაუშერი დარჩა საქართველოში და აგრძელებდა დიპლომატიურ საქმიანობას, აქტიურად ეხმარებოდა პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს საბჭოთა საქართველოს დატოვებისა და გერმანიაში სწავლის გაგრძელების საქმეში. ამ პროცესში რაუშერი ფიქტიურ საფუძვლებსაც აქტიურად იყენებდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ამ ახალგაზრდების (ძირითადად პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრების) საქართველოში დარჩენა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მათ საპატიმროში გამოკეტვას ნიშნავდა. 1921 წლის მეორე ნახევრიდან საბჭოთა ხელისუფლება ღიად გამოხატავდა უკმაყოფილებას რაუშერის საქმიანობისადმი (მათ შორის, მის კავშირებზე სოციალ-დემოკრატებისადმი. თავად რაუშერიც  სოციალ-დემოკრატი გახლდათ).  1922 წლის დასაწყისში რაუშერმა საქართველო დატოვა და მალევე დაინიშნა პოლონეთში გერმანიის ელჩად (ამ პოზიციაზე მუშაობდა გარდაცვალებამდე). – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button