ალის ვაიდელის პარადოქსი
ცისფერი თვალების გამჭოლი მზერა, შეკრული ქერა თმა, კლასიკური პერანგი, ხშირად პიჯაკიც, მარგალიტის მძივი, საუბრის მკაცრი, შიგადაშიგ ცინიკური ტონი – ასეთად იცნობენ გერმანელები ალის ვაიდელს (Alice Weidel), რომელიც პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უძღვება და ევროპელი მემარჯვენე პოპულისტების ერთ-ერთ იმედადაც ითვლება. სულ უკანასკნელ ხანებში ვაიდელი კვლავაც მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღებიც ცენტრში, როცა მას საჯაროდ და აგრესიულად მისცა მხარი ილონ მასკმა და თავის მედია პლატფორმაზეც უმასპინძლა. როგორც ამბობენ, ინტერვიუ უღიმღამო გამოვიდა: მასკმა ევროპული პოლიტიკის სრული უცოდინრობა გამოიჩინა იმდენად, რომ ვაიდელიც კი დააბნიაო, საუბრობენ მიმომხილველები. თუმცაღა, გერმანიის არჩევნები კარზეა მომდგარი და მის პარტიას კიდევ ერთი წარმატების საფუძვლიანი იმედი აქვს.
ევროსკეპტიციზმი, მიგრანტებზე პრობლემების გადაბრალება თუ სექსუალური უმცირესობებისადმი ზიზღი მემარჯვენე პოპულისტური მოძრაობებისა თუ პარტიების საერთო თვისებაა. ისინი არც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გახლავთ უცხო. პარტიის პოლიტიკურ მიდრეკილებებს შორისაა მიგრანტების გაძევება, გერმანიის ევროკავშირიდან გამოსვლა, ევროს გაუქმება და ათასი სხვა რამ, რაც ნებისმიერი ხელისუფლებამოწყურებული პოპულისტი ულტრამემარჯვენის განჯინაშია. ამ პოლიტიკურ ხედვებს, გამოკითხვების მიხედვით, უკვე გერმანიის მოსახლეობის თითქმის 18 პროცენტი უჭერს მხარს.
ალის ვაიდელი ამ ხედვებს იზიარებს და პარტიის გენერალურ ხაზსაც ერთგულად მიჰყვება, მაგრამ, როგორ იქცა დასავლეთ-გერმანელი, საერთაშორისო კარიერის მქონე ეკონომისტი, ლესბოსელ პარტნიორთან ოჯახად უცხო ქვეყანაში მცხოვრები ქალი ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტიის ვარსკვლავად, გამოცანად რჩება.
ბავშვობა ფიურერის ჩრდილქვეშ?
45 წლის წლის წინ, ალის ვაიდელი გერმანიაში, გუთერსლოჰში, ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ მაინც უჩვეულო ოჯახში დაიბადა. უჩვეულო ის გახლდათ, რომ ბაბუა, ჰანს ვაიდელი, ნაცისტების ერთგული სამხედრო მოსამართლე ყოფილა, რომლის კისერზეც ბევრი ადამიანის სიკვდილია.
ალის ვაიდელი ბაბუის იდეოლოგიის გავლენას ყოველთვის უარყოფდა, მეტიც, დღემდე ამბობს. რომ მასთან სიცოცხლეში კონტაქტიც კი არ ჰქონია და არც მისი გარდაცვალების შემდეგ უსაუბრია ოჯახის წევრებთან ამ თემაზე.
ვის ოჯახში არ ყოფილა სამარცხვინო ნათესავი, სახელი რომ არ ითქმის და მოდით, ნურც ალის ვაიდელს განვსჯით. თუმცა კი, გერმანელების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბევრი რამ აქვს საერთო ნაციონალ-სოციალისტურ იდეოლოგიასთან და თუკი ვაიდელი ნაციონალ-სოციალისტური პარტიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შერბილებას ცდილობს, ამის მიზეზი სწორედ ბაბუამისის წარსულიაო.
სიყვარულო, ძალსა შენსა…
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გულმოდგინედ ქადაგებს, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის ურთიერთობაა და ალმაცერად უცქერს სექსუალურ უმცირესობებს.
AfD ჯერ კიდევ 2018 წელს მოითხოვდა, გერმანიას უარი ეთქვა ერთი სქესის ადამიანების ქორწინებაზე, მაგრამ მაშინ ხმები არ ეყო. არ არის გამორიცხული, რომ თებერვლის არჩევნების შემდეგ პარტიამ კიდევ ერთხელ სცადოს ამ საკითხის დაყენება. პარტია და მისი თავმჯდომარე დიდის გულმოდგინებით საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებსა და ოჯახში როლთა ტრადიციულ განაწილებაზე, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ, იმაზე, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია.
არადა, ალის ვაიდელი უკვე თითქმის 17 წელია საყვარელ ქალთან, სარა ბოსარდთანაა სამართლებრივ კავშირში (მაგრამ არა ქორწინებაში), მასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს და ერთად ორ აყვანილ ბიჭუნასაც ზრდიან.
ვაიდელი ჟურნალისტებს მის ოჯახურ საქმეებში დიდად არ ახედებს და არც პირად გრძნობებზე საუბრობს ხშირად, მაგრამ, სულ ცოტა ხნის წინ, სიტყვით გამოსვლის დროს, გულისტკივილი გამოთქვა, ჩემი პოლიტიკოსობის გამო მშვიდად ვეღარსად გავსულვარ ჩემს თანამეცხედრესთან ერთადო. ემოციებმოზღვავებულმა, პუბლიკაში მჯდომ მეუღლეს მადლობა გადაუხადა გვერდით დგომისთვის და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უყვარს.
ხშირად უკითხავთ ჟურნალისტებს მისთვის, თუ რატომ ცდილობს მისი პარტია ხალხში ჰომოფობიური განწყობის გაღვივებას, როცა თავად მშვენივრად სარგებლობს ამ მხრივ ლიბერალური კანონებით, მაგრამ პირდაპირი და ამომწურავი პასუხი ვაიდელს არავისთვის გაუცია. როცა 2017 წელს ჰკითხეს ამის შესახებ, მოკლედ უპასუხა, ჩვენს პარტიას ადამიანების სექსუალური ორიენტაცია არ აინტერესებს, მაგრამ ტრადიციულ ოჯახებს კი ადიდებსო. როცა თავისი პარტიული კოლეგების აშკარად ჰომოფობიური გამონათქვამები დაუდეს წინ ტუჩმოკუმულმა უპასუხა “ოჯახი იქაა სადაც ბავშვები იზრდებიანო.” მიდი და მოედავე.
ჩემი ოქრო ჩემთან
ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა პარტიის ხედვა და მისი თავიქალის ცხოვრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ცნობილია მიგრანტებისადმი მტრული დამოკიდებულებითა და რასისტული გამონათქვამებითაც. მათი პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს მიგრანტების გაძევებაზე საუბარი და მიგრანტთა თემით მანიპულირებაც.
პარტია ეჭვის თვალით უყურებს ყველას, ვისაც მიგრაციული წარსული აქვს და ხშირად განასხვავებს ერთმანეთისგან „ნამდვილ გერმანელებსა“ და „პასპორტით გერმანელებს“. სამომავლოდ იმასაც კი აპირებენ, რომ მხარი დაუჭირონ თავშესაფრის მიღების პოლიტიკის გამკაცრებას. კერძოდ, ამბობენ მსურველებს აღარ უნდა ჰქონდეთ უფლება გერმანიაში ჩამოვიდნენ და იქ მოითხოვონ თავშესაფარი, ისინი საზღვრის გადმოკვეთისთანავე განაწილდებიან იქვე მდებარე სპეციალურ ბანაკებშიო.
გარდა ამისა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხშირად ავრცელებს შეთქმულების თეორიებს იმის შესახებ, რომ ხალხის მიგრაცია „ზემოდან“ დაგეგმილი პროცესია და გარკვეული ძალები ამას განგებ აკეთებენ, ერების ერთმანეთთან შერევის მიზნით.
ყოველივე ამის ფონზე, ისევ თეთრი ყვავივით გამოიყურება ალის ვაიდელი, რომელიც თავის პარტიასთან ერთად მიგრანტების მიმართ ზიზღს აღვივებს და ამ დროს მისი გულისსწორი სარა ბოსარდი, შვეიცარელი კია, მაგრამ შვილად ნორჩ ასაკში აიყვანეს და წარმოშობით შრი-ლანკიდანაა. ერთხელ, ჟურნალისტმა მოურიდებლად ჰკითხა ვაიდელს, კი მაგრამ, მიგრანტებს რომ არ სწყალობთ და გერმანელებადაც მხოლოდ თეთრკანიანებს თვლით, თქვენ მეუღლეს რომ მუქი კანის ფერი აქვს, ამაზე რას გვეტყვითო, ვაიდელმა მშვიდად უპასუხა, მე ჩვენ შორის კანის ფერის განსხვავებას მე ვერ ვხედავო.
ამას გარდა, მის ამომრჩევლებსაც კი აღიზიანებს ხოლმე ვაიდელის გადაწყვეტილება, გერმანულ პოლიტიკაში დარჩეს და ამავე დროს ოჯახთან ერთად ცხოვრობდეს შვეიცარიაში.
არადა, თვითონაც და მისი პარტიაც მუდმივად იმას უსვამენ ხაზს, რომ გერმანიამ ჩაკეტილი პოლიტიკა უნდა აწარმოოს და შეზღუდოს მიგრაცია. თავად ვაიდელი გულში მუშტს იცემს, გერმანელი პატრიოტი ვარო, მაგრამ რატომღაც შვეიცარიაში, თვალწარმტაცი კონსტანსის ტბის ნაპირებზე ურჩევნია ცხოვრება და ხშირად იქაურ პრესას უფრო ესაუბრება, ვიდრე გერმანულს.
როგორ მოხვდი მანდა?
პირად ცხოვრებას რომც დავეხსნათ, ვაიდელი პროფესიული წარსულითაც ისეთი ადამიანია, რომელიც ულტრამემარჯვენეებს სძაგთ ხოლმე. თავისი პარტიის მხარდამჭერების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ის დასავლეთ გერმანიაშია დაბადებული. განათლებით ეკონომისტია. კარიერა საერთაშორისო დონეზე გაიკეთა, ჩინურად საუბრობს, ერთი წელი ჩინეთში ცხოვრობდა და მუშაობდა ჩინეთის ბანკში. დაბრუნების შემდეგ გოლდმან საქსის კომპანიაში მსახურობდა ფრანკფურტში და ქრისტიან-დემოკრატების კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიით მიიღო დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში. ამის შემდეგაც კერძო სექტორში მუშაობდა, ხოლო პარტიას 2013 წელს, დაარსებისთანავე შეუერთდა.
საწყის ეტაპზე, ვაიდელის პარტიული არჩევანი სწორედ ეკონომიკურმა თემატიკამ განაპირობა. მაშინ AfD მკაცრად გამოდიოდა საბანკო კრიზისისას სამხრეთ ევროპის დახმარების წინააღმდეგ. სწორედ ამ საკითხებს – ევროზონისა და ფინანსებისას – უძღვებოდა ვაიდელი. პარტიის მკვეთრად ანტიიმიგრაციული და ქსენოფობიური სახე კი 2015 წლის კრიზისის დროს გამოჩნდა, სორედ მაშინ წარმოაჩინა ვაიდელმაც თავისი უფრო რადიკალური არსი – “იუსლამისტი კრიმინალების” წინააღმდეგ ბრძოლით. მის ზოგიერთ ზიზღნარევ გამონათქვამს ვაიდელი ასე ხსნის: პოლიტიკაში აგრესია “იყიდება” და მეც ვცდილობ ისე ვისაუბრო, რომ ჩემზე რაც შეიძლება ბევრმა ისაუბროსო. ჯერერობით, მისი ტაქტიკა ამართლებს. მაგრამ რის ფასად?!
ასეა, საკმაოდ უცნაური და წინააღმდეგობებით სავსე ადამიანია ალის ვაიდელი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს ის თავისი პარტიის ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი და ამდენად გერმანიის კანცლერობის მათეული კანდიდატია.
თუ როგორ დასრულდება გერმანიაში არჩევნები და რამდენად შესწვდება ალის ვაიდელი კანცლერობას, სულ რაღაც ორ კვირაში შევიტყობთ.