შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ 23 მარტს თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მისი და, სავარაუდოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფი სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის შესახებ მედიით გასული სიუჟეტების შინაარსის „სრულყოფილი და ობიექტური“ გამოძიებაა საჭირო.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 21 მარტს, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც ახლა პატიმრობაშია, წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი ინტერვიუ გაუშვა, რომელშიც გულაშვილმა კახა საბანაძე 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დროს სადავო მითითებების გაცემაში დაადანაშაულა.
ერთი დღით ადრე, საბანაძისა და გულაშვილის შესახებ მასალა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერშიც გავიდა. მასალაში ფარულად ჩაწერილი კადრები ჩანს, რომლებიც, სავარაუდოდ, შსს-ში, საბანაძის კაბინეტში 2019 წლის 21 ოქტომბერს ფარულად გადაღებული ვიდეოდანაა ამოღებული. „ტვ პირველის“ ვერსიით, საბანაძეს, რომელსაც მაშინ ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, უსაფრთხოების სხვა თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.
„ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით“, – განაცხადა საბანაძემ და დაამატა – „წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი“.
2017 წლის ნოემბერში, შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, კახა საბანაძე რამდენიმე თვე სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე იყო. 2015-2017 წლებში იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტზე მსახურობდა. უფრო ადრე მას საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, ასევე შინაგან და თავდაცვის სამინისტროებში სხვადასხვა მმართველი თანამდებობა ეკავა.
ასევე წაიკითხეთ:
- სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ოპონენტების წინააღმდეგ ჯაშუშობასა და 20 ივნისის აქციის დეტალებზე
- გიორგი გახარია: „პოლიტიკიდან არ წავალ“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)