Placeholder canvas
ახალი ამბები

სუსი: გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 27 ნოემბრის განცხადებით, 2020 წლის ივნისში, სავარაუდოდ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“ დაკავებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბრალი დაუმძიმდა, გიორგი გაბუნიას კი – დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

სუს-ის განცხადებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი, რომელიც ვასამბეკ ბოკოვის სახელით იყო ცნობილი, სინამდვილეში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მაგომედ გუციევია, რომელმაც ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით „არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“. ამასთან, იგი გიორგი გაბუნიას სისტემატურად უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა.

სუს-ის განცხადებით გუციევის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე, 157-ე, 344-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარებს, რაც ადევნებას, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს.

სუს-ის ცნობით, უწყების კონტრტერორისტულ ცენტრში საქმეზე გამოძიება კვლავაც გრძელდება.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ საქმე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მცდელობას ეხება. 2020 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით, რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, სუს-ში მხოლოდ ის განმარტეს, რომ „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

ამბის წინაისტორია

2019 წლის 7 ივლისს, „მთავარი არხის“ ამჟამინდელმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის სახე იყო, გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა.

აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოწვია. გაბუნიას ნათქვამს, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრეზიდენტის გამოხმაურებაც მოჰყვა. მათ ჟურნალისტის ეს განცხადება ერთხმად დაგმეს და მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაცია“ უწოდეს.

მაშინ არხის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას ორი თვის ვადით უფლებამოსილებაც შეუჩერა.

გიორგი გაბუნიას ამ განცხადებას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა და მას ღიად დაემუქრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button