skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები: ჟურნალისტის შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსული გეგმაა

საქართველოს ევრო-ატლანტიკური კოალიცია, რომელიც თექვსმეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, 16 ივნისს, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის დაკვეთით, „მთავარი არხის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნული საქართველოს დესტაბილიზაციის „რუსულ გეგმად“ შეაფასა.

კოალიციამ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ „რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული“. კოალიციამ ასევე აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედება მიზნად  საქართველოში „იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ“.

კოალიცია 16 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის არიან: „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“, „ღია საზოგადოება საქართველოს ფონდი“, „მედიის განვითარების ფონდი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და სხვები.

„ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციამ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რასაც თან „ბორდერიზაცია“ და გამყოფი ხაზის სიახლოვიდან ეთნიკური ქართველების გატაცებები ახლავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, „უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების  ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ“. მათ ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენაც მოუწოდეს.

„მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

15 ივნისს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით, რუსეთის მოქალაქე – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი საქართველოს ტერიტორიაზე „მთავარი არხის“ ტელეწამყვანისა და კრეატიული დირექტორის, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button