ახალი ამბები

თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება ორი თვით შეუჩერა

Tags

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანომ გადაცემა “პოსტსკრიპტუმის” წამყვანს გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივლისს გადაცემაში მომზადებული საავტორო ტექსტი შეისწავლა, რის შემდეგაც მას ორი თვით უფლებამოსილება სრულად შეუჩერა.

„რუსთავი 2“-ის მიერ 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ყველა იმ გადაცემას ეხება, რომელსაც გაბუნია ამზადებდა და მიჰყავდა („არჩევანი“ და „პოსტკრიპტუმი“).

თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაბუნიას ქცევა „უადგილო, უგემოვნო და პროფესიული შეცდომა“ იყო.

„გაბუნიას უხამსობა იყო სრულიად შეუსაბამო ქვეყანაში და საკუთრივ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე კონტექსტთან. მან შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახადა უსაფუძვლო სპეკულაციების ცირკულირება არხის მხრიდან დაძაბულობის ინსპირაციის თაობაზე“, – დაწერა გვარამიამ.

  • 7 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა.
  • აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოწვია. ისინი დაახლოებით ღამის 12-ის ნახევრისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ შეიკრიბნენ და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. მათი ნაწილი გიორგი გაბუნიასა და ნიკა გვარამიასგან თანამდებობების დატოვებასაც ითხოვდნენ.
  • გაბუნიას მონოლოგს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრეზიდენტის გამოხმაურებაც მოჰყვა. მათ ჟურნალისტის ეს განცხადება ერთხმად დაგმეს და მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაცია“ უწოდეს.
  • წამყვანის განცხადებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არხი გიორგი გაბუნიას გამოხატვის ფორმებს არ იზიარებდა.
  • პუტინის მისამართით გინების გამო აღშფოთებული მოქალაქეები ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან დღეს საღამოსაც შეიკრიბნენ. ისინი, გიორგი გაბუნიას ერთად, ნიკა გვარამიას გადადგომასაც ითხოვენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button