Placeholder canvas
ახალი ამბები

განახლება: „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

განახლება – 02:20:

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის წინ მიმდინარე აქციის ფონზე, სადაც შეკრებილები არხის ტელეწამყვანისგან გიორგი გაბუნიასთან საჯარო ბოდიშს და მისი არხიდან წასვლას ითხოვენ, თანამშრომლების უსაფრთხოების ნორმების დაცვიდან გამომდინარე, მაუწყებლობის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს უკიდურესი ნაბიჯი გადავდგით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ და გადასაღებ მოედანზე მყოფი ჟურნალისტები არიან საფრთხეში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალოება და უზრუნველყოს რუსთავი 2 ის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა. მზად ვართ რუსთავი 2 ის მაუწყებლობს აღსადგენად იმავე წუთს როგორც კი ხელისუფლება შეასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაიცავს, არხის და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას“, – განაცხადა გვარამიამ.

7 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

„რუსთავი 2“-ის წამყვანის ტექსტზე რეაგირება არ დააყოვნეს მმართველი გუნდის ლიდერებმა და სოციალური ქსელებით, ერთმანეთის მიყოლებით თითქმის იდენტური შინაარის განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც გიორგი გაბუნიას სიტყვები „პროვოკაციად“ შეაფასეს.

„ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოს ყველა მოქალაქე და ყველა მეგობარი ამგვარ ავანტიურას“ გაემიჯნება და ამ ფაქტს „პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად“ შეაფასებს.

„ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – ამბობს პრემიერი.

გიორგი გაბუნიას მიმართვას „საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ“ მიმართული „პირდაპირი პროვოკაცია“ უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემაც. „კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს“, – წერს Fecabook-ის ოფიციალურ გვერდზე პარლამენტის სპიკერი.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე „რუსთავი 2“-ის წამყვანის ტექსტი დესტრუქციული ძალების მხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ პროვოკაციად შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც.

გიორგი გაბუნიას მიმართვას ასევე Facebook-ის საშუალებით „პატრიოტიზმით შენიღბული“ პროვოკაცია უწოდა დედაქალაქის მერმა და პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც. „დაუშვებელია, რომ „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ“ – განაცხადა თბილისის მერმა.

„ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“, – წერს კახა კალაძე.

გაბუნიას მიმართვას სოციალური ქსელით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება“.

„ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“, – წერს პრეზიდენტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გიორგი გაბუნიას განცხადებას გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც და აცხადებს, რომ წამყვანის ტექსტს „არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას“.

საგარეო წუყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ სათანადოდ შეაფასოს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელი, „რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

„ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“, – ნათქვამია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოპოზიციის შეფასებები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიმართვას ოპოზიციური პარტიების გამოხმაურებაც მოჰყვა. გიორგი გაბუნიას პუტინისადმი წარმოთქმული სიტყვები პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემაც გააკრიტიკა, თუმცა მომხადართან დაკავშირებით, Facebook-ის საშუალებით გამოხატულ „არარაციონალურ“ შეაფასებებს „არანაკლებ შემაშფოთებელი“ უწოდა.

„არანაკლებ შემაშფოთებელია ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფეისბუქზე. მაგალითად: რ2 რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; რ2-ს ბიძინა აფინანსებს და ა.შ. ხვალ უკეთესი და იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად“, – წერს კაპანაძე.

ევროპული საქართველოს კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი აცხადებს, რომ „არ არსებობს საბაბი, რაც ხელისუფლების მიერ სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას გაამართლებს“.

„საზოგადოებრივი მსჯელობა და გაკიცხვა? კი ბატონო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება? აუცილებლად. მაგრამ (!) ხელისუფლება ვერ შეეხება ვერავის – ვერც „რუსთავი 2“-ს და ვერც “ასავალ-დასავალს“. ვერც ხელისუფლება და, სხვათა შორის, ვერც მისგან მართული ორკები“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

გაბუნიას განცხდებას Facebook-ს საშუალებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს! ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით! ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება

„რუსთავი 2“-ის წამყვანის მიმართვის საპასუხოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც“, რომელშიც ნათქმია, რომ გიორგი გაბუნიას განცხადებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ს, არამედ ქართულ ეთიკურ მედიას და ხელს უწყობს „ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას“. ქარტიის პოზიციით, გიორგი გაბუნიას მიმართვა “ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას“ აზიანებს.

„გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ“, – აცხადებენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

აქცია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან

წამყვანის მიმართვიდან მალევე სოციალური ქსელის საშუალებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაიგეგმა აქცია სახელწოდებით – „ჩვენ გვინდა სტაბილურობა“. ღონისძიებას Facebook-ზე იმავე სახელის მქონე სახელდახელოდ შექმნილი გვერდი უწევს. ამ წუთებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან აქტივისტები არიან შეკრებილნი და გიორგი გაბუნიას მიერ 7 ივლისს პირდაპირი ეთერის საშუალებით გაკეთებულ განცხადებებს აპროტესტებენ და მისგან საჯარო ბოდიშს ითხოვენ. მათი ნაწილი გიორგი გაბუნიას მიერ ტელეკომპანიის დატოვებასაც ითხოვს. გაჟღერდა მოთხოვნები ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის გათიშვასთან დაკავშირებითაც.

„რუსთავი 2“-ის პასუხი

გიორგი გაბუნიას მიმართვის ტექსტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტელეკომპანია გაბუნიას გამოხატვის ფორმებს „არ იზიარებს“.

„არხის ფარგლებში ამგვარი თვითგამოხატვა არხს მიაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებლად კიდევ ერთხელ არხის სტანდარტებისა და ედიტორიალისათვის. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე არხის თვითრეგულაციის ფარგლებში და აუცილებლად მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას ავტორთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button