skip to content
ახალი ამბები

გვარამია: კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა

ტელეკომპანია მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით, ინგუშეთში 1982 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე – ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი საქართველოს ტერიტორიაზე „მთავარი არხის“ ტელეწამყვანისა და კრეატიული დირექტორის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გვარამიამ “არხის სახის” მკვლელობის მცდელობა გასულ წელს გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გინებას დაუკავშირა. მანვე განმარტა, რომ საქმეზე გამოძიება უკრაინელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ „ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქის“ მიერ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის „კოორდინირება ხდებოდა“.

„აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან, ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე“, – თქვა „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე განცხადებით, უკრაინელი სამართალდამცველების მიერ გამოძიება საქართველოს ხელისუფლებისთვის შეუტყობინებლად მიმდინარეობდა. გვარამიას თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ „საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როდესაც გამოძიება რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარებს  და დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვის“.

მისივე ინფორმაციით, ქართულ მხარეს საქმე კორონა პანდემიის შემდეგ გადმოეცა, მაგრამ „საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფრომაცია სერიოზულად არ მიიღო და [აღნიშნული] უკრაინაში ქართული დიდი ლობის [მიხეილ სააკაშვილის] პროვოკაციად ჩათვალა“.

თუმცა, გვარამიას განმარტებით, ხელიუფლებამ არხის წამყვანის გადაადგილებაზე კონტროლი მაინც გააძლიერა და საბოლოოდ, „სხვა წინაპირობით“, მაგრამ „ამ რეალური მიზეზით“, რუსეთის მოქალაქე დააკავა.

„მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც, შესაძლოა, რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის და მაქსიმალურად ლიბერალურად მიუდგნენ გასაჯაროების საკითხს იმიტომ, რომ ეს საჯარო ინტერესი უფროა, ვიდრე სპეცსამსახურების“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ ტელევიზიის ნებისმიერ თანამშრომელს სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი“, – დასძინა მანვე.

თავად გიორგი გაბუნიას თქმით, მას არაფერი შეუნიშნავს, თუმცა მისმა დაცვამ შეამჩნია, რომ მასზე თვალთავალი მიმდინარეობდა და ზომებიც გააძლიერა. მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც კადიროვი მას ღიად დაემუქრა, საფრთხე „ნათელი“ იყო და ამიტომ დაცვით გადაადგილდებოდა.

„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დღესვე სპეციალური განცხადებით უპასუხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და განმარტეს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (ვ.ბ.) უწყების კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით არის დაკავებული.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ვ.ბ.-ს დაკავებით, „ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული“.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს „თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა რუსეთის მოქალაქე 12 ივნისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა. მაშინ საგამოძიებო უწყებაში სპეცოპერაციის დეტალების შესახებ არ უსაუბრიათ.

2019 წლის 7 ივლისს, „მთავარი არხის“ ამჟამინდელმა ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის სახე იყო, გადაცემაში „პოსტსკრიპტუმი“ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა და პირდაპირ ეთერში აგინა.

აღნიშნულმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოწვია. გაბუნიას ნათქვამს, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის, პრეზიდენტის გამოხმაურებაც მოჰყვა. მათ ჟურნალისტის ეს განცხადება ერთხმად დაგმეს და მას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული „პროვოკაცია“ უწოდეს.

მაშინ არხის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას ორი თვის ვადით უფლებამოსილებაც შეუჩერა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button