ახალი ამბები

სასამართლომ საარჩევნო მოხელის მოსყიდვისა და ზეწოლის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ნოემბერს, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, 6 ნოემბერს, ბრალდებულებმა გობეჯიშვილს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით, თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება და არჩევნების „თითქოსდა“ გაყალბების შესახებ განცხადების გაკეთება შესთავაზეს. სასამართლოსვე ცნობით, უარის შემთხვევაში, ბრალდებულები მას „დაპატიმრებითა და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ“.

43 წლის გობეჯიშვილი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი კვირის თავზე, 7 ნოემბერს, დილით, არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის ფონზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცველებმა გობეჯიშვილისთვის ქრთამის შეთავაზების, ჯგუფურად ჩადენილი იძულებისა და ჯგუფურად ჩადენილი მუქარის ბრალდებით, ორი პირი (ა.ხ. და ა.კ.) თბილისში იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად 9 ნოემბერს წარუდგინა და დაკავებულებიდან ერთს (ა.კ.-ს) ბრალი „საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის“ მუხლით დაუმძიმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 30 დეკემბერს გაიმართება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button