Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ოქტომბერი, 1920: კლუბები დაიხურა, რესტორნები საღამოს 10-მდე იმუშავებენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წელის 31ოქტომბერი, N248

 კაფეების და რესტორნების დახურვა

მთავრობამ მოისმინა მოხსენება კლუბების და რესტორნების დახურვის შესახებ და დაადგინა:

 1) დაიხუროს კაფე შანტანები და კლუბები, რომელთაც გართობის ხასიათი აქვთ. აგრეთვე დაიხუროს ის რესტორნები, რომელსაც კაბინეტები აქვს და სხვა ამგვარი დაწესებულებები.

2) დაწესდეს რესტორნებისა, სასადილოებისა და სამიკიტნოების ვაჭრობა საღამოს 10 საათამდე ახალი დროით.

3) სასტიკათ განისაზღვროს სამიკიტნოებისა და ყავახანების რიცხვი.

4) აიკრძალოს ყოველგვარი ტკბილეულობის კეთება გარდა შაქრისა, შაქარყინულისა, მონპასიესი, „სუხარებისა“ და ბულკებისა.

5) მცხოვრებთა სიმშვიდის დასაცავად აიკრძალოს კერძო ბინებზე ქეიფი და ყოველგვარი მხიარულება, რომელიც მეზობლის მყუდროებას არღვევს.

პირველი მუხლის დამრღვევნი დაისჯებიან ოთხი თვით დაპატიმრებით ან 100 000 მანეთის ჯარიმის გადახდევინებით. მხოლოდ მეხუთე მუხლის დამრღვევნი  კი დაპატიმრებულ იქნებიან ორი თვით და ან დაჯარიმებული 10 000 მანეთით. აქედან შემოსული ფული გადაეცემა შრომის სამინისტროს სოციალური დახმარების აღმოსაჩენად. დადგენილების შესრულება ევალება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

რესპუბლიკა-100-ის შენიშვნა: 1920 წლის შემოდგომაზე საქართველოში გაიზარდა შავი ჭირისა და ქოლერის გავრცელების მასშტაბი, ამასთანავე საბჭოთა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა სათბობი რესურსების ნაკლებობა. ამ მიზეზთა გამო მთავრობას მოუწია შეზღუდვების დაწესება, ერთი მხრივ ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად, მეორეს მხრივ კი ღამის გასართობი დაწესებულებების დახურვით სათბობი რესურსების დაზოგვისათვის. ნახეთ ასევე ჩვენი ჩანახატი პირველი რესპუბლიკის დროინდელი თბილისის შესანიშნავ კაფე-რესტორნებზე:

მსგავსი/Related

Back to top button