ახალი ამბები

დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა ჩოჩელებმა ახალი პარტია შექმნეს

ქართული ოცნების მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენმა ძმებმა – ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შექმნეს.

კახა ოქრიაშვილის პრესსამსახურის მიერ 10 აგვისტოს გავრცელებული განცხადებით, ახალი პარტია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტად უკვე დაარეგისტრირა.

წალკისა და დმანისის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ბოლო 4 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია. პარალელურად, იგი წილს არაერთ კომპანიაში ფლობს, მათ შორის არის სააფთიაქო ქსელი „პსპ“-ც.

2016 წელს ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით მოხვდა. 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა. 2004-2008 წლებში კი – იგი ამავე მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა.

კახა ოქრიაშვილი ქართული ოცნების იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შორის იყო, რომლებმაც გასული წლის ნოემბერში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს და კანონპროექტი ჩააგდეს. ოქრიაშვილმა ხმა არც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე ფორმულით ჩატარებას მისცა. კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტში ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2008 იგი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. მან პოსტი 2012 წლის ოქტომბერში, საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. ჩოჩელი 2013 წლის იანვარში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს და მალევე 200 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იგი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს, თუმცა ქართული ოცნების კანდიდატთან, დიმიტრი ხუნდაძესთან მცირე სხვაობით დამარცხდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button