ახალი ამბები

სამი გუბერნატორი იცვლება

მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლსა და გურიის რეგიონში ახალი გუბერნატორები დაინიშნებიან, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეგიონალურ საკითხებში დავით ტყეშელაშვილმა 4 თებერვალს.


მისი თქმით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვასილ მაღლაფერიძეს გუბერნატორის პოსტზე პარლამენტარი ცეზარ ჩოჩელი შეცვლის.


გურიის გუბერნატორს მიხეილ სვიმონიშვილს რამაზ ნიკოლეიშვილი შეცვლის. ტყეშელაშვილის განცხადებით, ნოკოლეიშვილი შემოსავლების სამსახურის თბილისის საგამოძიებო ნაწილის უფროსად მუშაობდა.


შიდა ქართლის გუბერნატორი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი გახდება, რომელიც ამ პოსტზე ვლადიმერ გეგელაშვილს შეცვლის.


დავით ტყეშელაშვილი ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ გუბერნატორების 50% შეიცვლებოდა, თუმცა 9 გუბერნატორიდან მხოლოდ სამის შეცვლის შესახებ გააკეთა ოფიციალური განცხადება. ახალ გუბერნატორებს თანამდებობებზე ამ დღეებში წარადგენენ.


იმავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი გიორგი გაბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ზურაბ ადეიშვილის მოადგილედ ინიშნება. თუმცა ამავე ცნობით, ეს პოსტი მისთვის დროებითია, რადგან გაბაშვილი გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი დავით ჩანტლაძე, მედიის ცნობით, ზურაბ ადეიშვილის კიდევ ერთი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button