ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ 20 ივლისს 30 ერთმანდატიან ოლქში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თბილისის ერთმანდატიანი ოლქები:

  • ბექა ოდიშარია – მთაწმინდა-კრწანისი;
  • ნოდარ ტურძელაძე – ვაკე;
  • დავით სერგეენკო – საბურთალო;
  • კახი კახიშვილი – ისანი;
  • სოზარ სუბარი – სამგორი;
  • გიორგი (გია) ვოლსკი – დიდუბე-ჩუღურეთი;
  • ლევან კობიაშვილი – გლდანი;
  • მიხეილ ყაველაშვილი – ნაძალადევი.

დანარჩენი ოლქები:

  • ირაკლი ქადაგიშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • დავით სონღულაშვილი – გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
  • ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალას, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისის და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ზაურ დარგალი – მარნეულის და გარდაბნის (გარდა ზემოხსენებული ადმინისტრაციული ერთეულებისა) მუნიციპალიტეტები;
  • გოგი მეშველიანი – ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკას მუნიციპალიტეტები;
  • შალვა კერესელიძე – მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • გიორგი ხოჯევანიშვილი – კასპის და გორის მუნიციპალიტეტები (გარდა ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრას და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულებისა);
  • ზაზა დუგლაძე – ხაშურის და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრას და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები, გარდა თავად მუნიციპალიტეტისა;
  • ანტონ აბოლაშვილი – ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის და ასპინძას მუნიციპალიტეტები;
  • სამველ მანუკიანი – ახალციხის და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტები;
  • ზაზა ლომინაძე – ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • პაატა კვიჟინაძე – საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  • ბეჟან წაქაძე – ტყიბულის, თერჯოლას, ზესტაფონის და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • გივი ჭიჭინაძე სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტები;
  • ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ირაკლი ხახუბია – ფოთის, ხობის და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  • ალექსანდრე მოწერელია – წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტები;
  • ვასილ ჩიგოგიძე – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • რესან კონცელიძე – ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ზაალ მიქელაძე – ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენის და ფერიას ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ანზორ ბოლქვაძე – ხელვაჩაურის (გარდა ზემოთხსენებული ადმინისტრაციული ერთეულებისა). ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები;
  • გოჩა ენუქიძე – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის და მესტიას მუნიციპალიტეტები.

ოცნების ლიდერების განცხადებები

მმართველმა პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საზოგადოებას კოჯორში, ღია ცის ქვეშ მოწყობილი სივრციდან გააცნო. ღონისძიებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, ასევე აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, აგრეთვე სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დამსწრეებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა და ყურადღება ბოლო 8 წლის განმავლობაში, აგრეთვე კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა.

„ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყნის მართვის სადავეები სანდო ხელშია და რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი“, – თქვა ივანიშვილმა.

ამის შემდეგ, მან ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 2008 წელს, მათ „საკუთარი უგუნურებით“ ქვეყნისთვის კრიზისის აცილება ვერ შეძლეს, რაც „სავსებით შესაძლებელი იყო“.

„[მათ] არათუ დაიცვეს განსაცდელისგან, არამედ ბედის ანაბარა მიატოვეს ხალხი… მახსოვს, როგორ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან და ქვეყნიდანაც… ეს ხალხი ხავსს ეჭიდება, მათთვის მთავარია ძალაუფლების ხელში ჩაგდება და რევანში“, – დასძინა მან.

ოცნების ლიდერი ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო და თქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის „ყველა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ“. „ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები“, – დაამატა მან.

გამოსვლისას, ივანიშვილმა ყურადღება ქვეყნის საგარეო კურსზეც გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება. მანვე „ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირსა და სტრატეგიულ პარტნიორ – ამერიკის შეერთებულ შტატებს“ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრის დასასრულს ქართული ოცნების თავმჯდომარე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასაც შეეხო და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა სწორედ „ეკონომიკური კეთილდღეობა და განათლება“ იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნება კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – ხაზი გაუსვა ივანიშვილმა.

არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებაში დარწმუნებულია პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. მანვე არჩევნების „დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით“ ჩატარების პირობაც დადო და განმარტა, რომ მმართველი გუნდის მთავარი მიზანი „ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია – სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაა“.

მმართველი გუნდის სახელით „სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების“ ჩატარებისთვის მზაობა დღევანდელ შეკრებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც გამოხატა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების“ ჩატარების პირობა დადო პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემაც და დასძინა, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებას „მაღალ პოლიტიკურ და საარჩევნო კულტურას“ უჩვენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button