ახალი ამბები

ჩოჩელი 200,000 ლარის გირაოთი განთავისუფლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შაბათს ცეზარ ჩოჩელი, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით 24 იანვარს დააკავეს, აღმკვეთის ღონისძიების სახით 200,000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
 
პროკურატურა ცეზარ ჩოჩელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ჩოჩელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მარტს იგეგმება.
 
განთავისუფლების შემდეგ ჩოჩელმა ჟურანლისტებს განუცხადა რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს.

ჩოჩელი, რომელიც  2008 წლის დასაწყისიდან 2012 წლის ნოემბრამდე მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორი იყო, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა და მას ბრალი წაუყენა გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობასა (ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ან პირობით მსჯავრს ორიდან სამ წლამდე) და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე).
 
საგამოძიებო სამსახურმა 26 ინვარს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს აკრძალული ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობა, ის „ფაქტიურად ხელმძღვანელობდა შპს „ნიუ ენერჯის,“  მფარველობას უწევდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტრაქტების გაფორმებაში“, რის სანაცვლოდაც,  ღებულობდა  დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს და ფულის გათეთრების გზით აძლევდა კანონიერ სახეს.
 
გამოძიების ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელის მიერ უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა  5 421 845 ლარი შეადგინა, რაც მას არ აუსახავს  საჯარო მოხელის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში.

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ცეზარ ჩოჩელი „სრულიად სასაცილო და თითიდან გამოწოვილი“ ბრალდებებით დააკავეს.
 
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამოდენიმე საათით ადრე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა: „ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კიდევ ერთხელ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი [იზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე] ბატონი კოტე კუბლაშვილი“.

წულუკიანმა ჩოჩელის მიმართ აღძრულ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button