
პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ
საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, სალომე ნატროშვილმა, მარიამ ჩაჩუამ და ნინი ლეჟავამ 21 იანვარს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ქარდავამ თანამშრომლებს ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება გააცნო. თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს შურისძიებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე.
„მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ცენტრის 5 თანამშრომლის საჯარო აქტიურობას, რომელთაც ხელი მოაწერეს „საჯარო სექტორში დასაქმებულთა“ ერთობლივ განცხადებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხის 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დაყენებასთან დაკავშირებით და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის თანამშრომლები მითთითებულ ქმედებას აფასებენ, როგორც „საჯარო სექტორში დასაქმებული კეთილსინდისიერი თანამშრომლების მიმართ დაწყებული რეპრესიების მორიგ გამოვლინებას და საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქმედ თანამშრომლებში შიშის დანერგვის მცდელობას“. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ გამოიყენებენ „ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა მექანიზმს და ვიბრძოლებთ საკუთარი და ჩვენი კოლეგების უფლებების დასაცავად“.
„ჩვენ, ვრჩებით ერთგული საქართველოს კონსტიტუციის! ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ხალხს!“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიასთან საუბრისას, სალომე ნატროშვილმა განაცხადა, რომ კვლევითი ცენტრის რეორგანიზაციის ან დახურვის შესახებ საუბარი დღემდე არ ყოფილა. ხაზი გაუსვა რა გადაწყვეტილების არაპროპორციულ გავლენას, მან დასძინა: „თუკი სისტემისთვის ვიყავით ჩვენ, ხუთი ადამიანი, საფრთხე და პრობლემა, შეეძლოთ მხოლოდ ჩვენი დევნა განეხორციელებინათ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეეხო ყველას“. ნატროშვილის თქმით, ცენტრში 20 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც უმუშევრად დარჩებიან.
მარიამ ჩაჩუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი პირისთვის ჯერჯერობით წერილობითი გადაწყვეტილება არ გადაუციათ, ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ ყველა თანამშრომლის თანდასწრებით სიტყვიერად განაცხადა, რომ ისინი ყველა დაკარგავენ სამსახურს ხუთი განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლის გამო.
უფრო ადრე, დეკემბერში, ასობით ქართველმა საჯარო მოხელემ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან განცხადება გაავრცელა, სადაც „ცალსახად“ გაემიჯნა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და მკაცრად დაგმო „საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის არაპროპორციული ფორმებით დარბევა“.
უკმაყოფილება ასევე გამოხატეს თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლებმა და „ქართული ოცნების“ მიერ კურსის ცვლილების წინააღმდეგ განცხადებები გაავრცელეს. ბევრი საჯაროდ დაუპირისპირდა მმართველი პარტიის პოზიციას და დაგმო ძალადობა საპროტესტო აქციების დაშლის დროს.
2024 წლის დეკემბრის ბოლოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააჩქარა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მწვავე კრიტიკისა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ამარტივებს რეორგანიზაციის პროცესს და მის პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენებას უწყობს ხელს. ცვლილებების შედეგად შესუსტებულია საჯარო მოხელეების დაცვა, მათ შორის სასამართლო მექანიზმების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/01/2025 – სიახლეების ბლოგი: წინააღმდეგობა 2025
- 30/12/2024 – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის თანამშრომლები ემიჯნებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)