Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტმა კიდევ ორი ახალი გუბერნატორი დანიშნა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 იანვარს ორი ახალი გუბერნატორი წარადგინა – მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებული ხათუნა ოჩიაური, ხოლო შიდა ქართლში – ანდრო ბარნოვი გახდა.

წინა მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ოჩიაურმა მცხეთა-მთიანეთში გუბერნატორის პოსტზე ცეზარ ჩოჩელი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან გასულ ოქტომბერს საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა.

ანდრო ბარნოვმა კი შიდა ქართლში ყოფილი გუბერნატორი სულხან სიბაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2012 წლის ივლისში დაინიშნა. ანდრო ბარნოვი ბოლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანად მუშაობდა, მანამდე კი ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე და იმავდროულად, გორში მდებარე სამხედრო აკადემიის რექტორი იყო – მან ეს თანამდებობა ივლისში თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას შეცვლისთანავე დატოვა.

„ეს არის განახლების ახალი სისხლის შემოსვლის ახალი ეტაპი,“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. 

ორი დღის წინ მან ასევე წარადგინა ახალი რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც ეს თანამდებობა თენგიზ გუნავამ დაიკავა.

„ჩვენ ამით ვაგრძელებთ ადგილობრივი სტრუქტურების გადახალისებას იმიტომ, რომ ახლა ვიმყოფებით ძალიან რთულ დროს“, – განაცხადა სააკაშვილმა 12 იანვარს თავის კაბინეტში ახალი გუბერნატორების წარდგენისას.

მოქმედი კანონმდებლობით, გუბერნატორებს თანამდებობებზე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს და ათავისუფლებს. უცნობია მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონით დადგენილი ეს ნორმა შესრულდა თუ არა სამი ახალი გუბერნატორის დანიშვნისას.

ნოემბერში ახალმა მთავრობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც გუბერნატორები პრეზიდენტის ნაცვლად პრემიერ-მინისტრს უნდა დაენიშნა იმ პირობით, რომ კანდიდატურა პრეზიდენტთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თუმცა ამ ინიციატივას სამართლებრივი გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

კონსტიტუციის მიხედვით, გუბერნატორი საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლობას უზრუნველყოფს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button