ახალი ამბებიდაწვრილებითევროპამათი თვალით

ხანგოშვილის მკვლელობაში მეორე რუსის კვალიც იკვეთება

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში გერმანიის მთავარი პროკურატურა რომ რუსეთის კვალს ხედავს, საიდუმლო აღარავისთვისაა. ეს იმითაც დასტურდება, რომ თითქმის ერთწლიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ, 18 ივნისს, გერმანიის მთავარმა პროკურატურამ, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალი რუსეთის მოქალაქეს ვადიმ კრასიკოვს ოფიციალურად წარუდგინა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებაში კი აღნიშნულია, რომ მკვლელი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

ბრალის ოფიციალური წარდგენიდან 2 კვირაზე ცოტა მეტი გავიდა და გერმანული პრესა მკვლელობის კიდევ ერთ სავარაუდო მონაწილეზე ალაპარაკდა, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა. „შპიგელის“ (Der Spiegel), „ინსაიდერისა“ (Insider) და „ბელინგქეთის“ (Bellingcat) გამოძიების მიხედვით, ვადიმ კრასიკოვის თანამზრახველი 1981 წელს დაბადებული, რუსეთის მოქალაქე რომან დავიდოვია, რომლის სახელიც ჩეჩნეთის ომის კიდევ ერთი მონაწილის მკვლელობას უკავშირდება, ოღონდ თურქეთში.

ვადიმ კრასიკოვი, ფოტო T-Online

გერმანულმა „დი ცაითმა“ (Die Zeit) ჯერ კიდევ 2019 წლის 19 დეკემბერს განაცხადა, რომ მკვლელობის ამბავში, სავარაუდოდ, სულ მცირე ორი ადამიანი მაინც უნდა ყოფილიყო გარეული. მაშინ ვარაუდის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები გამოძიებას არ ჰქონია. თუმცაღა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიცია მაშინაც ეჭვობდა, რომ ხანგოშვილის ლიკვიდაციას მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ბერლინში ჩასული კრასიკოვი მარტო ვერ მოახერხებდა. კრასიკოვი ვერ შეძლებდა ერთ დღეში მსხვერპლის გადაადგილება და საცხოვრებელი ადგილი ისე კარგად შეესწავლა, რომ მკვლელობა დაეგეგმა და შეესრულებინა.

რა აკავშირებთ ერთმანეთთან კრასიკოვს და დავიდოვს?

რომან დავიდოვისა და ვადიმ კრასიკოვის პიროვნებებსა და საპასპორტო მონაცემებს შორის ძალზე ბევრი მსგავსებაა.

რომან დავიდოვმა სლოვაკეთის ვიზა უმოკლეს დროში მიიღო, ფოტო: Bellingcat.com

 

  • ორივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა და ვიზა არარსებული სახელითა და გვარით, ერთსა და იმავე დღეს – 2019 წლის 29 ივლისს აიღო. ერთმა ვიზა სლოვაკეთის საკონსულოდან აიღო, მეორემ – საფრანგეთიდან;
  • სავიზო განაცხადში მითითებული საცხოვრებელი მისამართი – არც კრასიკოვის და არც დავიდოვის შემთხვევაში – სინამდვილეში არ არსებობს;
  • ახალი რუსული პასპორტი ორივე მათგანმა ვიზის განაცხადის შეტანამდე 10 დღით ადრე მიიღო, მანამდე ამ სახელით და გვარით რუსულ საპასპორტო არქივში არავინ იძებნება;
  • როგორც კრასიკოვს, ისე დავიდოვს ვიზაზე განაცხადის შევსებისას დამსაქმებლად მითითებული ჰყავდა ერთი და იგივე ფირმა, სახელწოდებით „RUST“. რეალურად კი აღნიშნული ფირმის წარმომადგენლები უარყოფენ მათ თანამშრომელთა შორის კრასიკოვისა და დავიდოვის არსებობას.

ჟურნალისტური გამოძების თანახმად, დავიდოვი საკუთარი მანქანით ბელორუსიდან პოლონეთში 8 აგვისტოს შევიდა და ევროკავშირის ტერიტორიაზე 2 დღით დარჩა.

ზუსტი ცნობები იმის შესახებ, იმყოფებოდა თუ არა იგი ბერლინში, არ არსებობს, რადგან ევროკავშირში შიდა გადაადგილება შეუზღუდავია და საზღვრის შიდა გადაკვეთა არსად აღირიცხება. თუმცა, „ბელინგქეთის“ წარმომადგენელთა მოსაზრებით, ეს დრო სავსებით საკმარისი იქნებოდა, დავიდოვს მკვლელობის იარაღი და აღჭურვილობა, ასევე ელექტრო-სკუტერი, რომლითაც კრასიკოვი მკვლელობის შემდეგ მიმალვას                                        ცდილობდა,  ბერლინში ჩაეტანა. მათ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ დავიდოვის კუთვნილი მანქანა რამდენჯერმე კრასიკოვის საცხოვრებელის მიმდებარედ რამდენჯერმე შენიშნეს.

ყველა გზა რუსულ უშიშროებასთან მიდის

ხანგოშვილის მკვლელობის პირველივე დღეებში გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა შეუკვეთეს და განახორციელეს.

პირველი ეჭვი გერმანულმა პრესამ მკვლელის ვინაობის დადგენის შემდეგ მალევე გამოთქვა და ისიც გამოარკვია, რომ მის შესახებ ინფორმაცია რუსულ საძიებო სისტემაში არ იძებნებოდა.

მკვლელობიდან ერთ კვირაში გერმანულმა „შპიგელმა“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც ასევე მიუთითებდა მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალზე.

მალე ისიც გაირკვა, რომ კრასიკოვის სახელი 2013 წელს მოსკოვში მომხდარ მკვლელობასთან და სხვა არაერთ კრიმინალურ ამბავს უკავშირდებოდა. ამის გამო, იგი წლების წინ რუსეთის მიერ წითელი ცირკულარითაც იძებნებოდა. გავიდა დრო და მის წინააღმდეგ ძიება გაურკვეველ ვითარებაში შეწყდა. 2016 წელს კრასიკოვის კვალი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაშიც იძებნება. ამ ხნის განმავლობაში რუსული ბაზებიდან გაქრა კრასიკოვის კანონდარღვევისა და 2013 წელს მკვლელობაში მონაწილეობის დამადასტურებელი ყველანაირი ფაქტი.

გერმანულმა „შპიგელმა“ ისიც დაადგინა, რომ კრასიკოვი  რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმ „ვიმპელთან“ დაახლოებული პირი გახლდათ, რომელსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა რაზმის 8 წევრთან. მკვლელობის პერიოდში, კრასიკოვმა სულ მცირე 20-ჯერ მაინც დაურეკა სპეცრაზმის ხელმძღვანელს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი გამოსვლისას დაიჩივლა, რუსეთის პრეზიდენტთან შემდეგი შეხვედრისას აუცილებლად ვისაუბრებ საქართველოს მოქალაქის გერმანიაში მკვლელობაზე და იმაზე, რომ შესაბამისი რუსული სამსახურები, გამოძიების დროს გერმანიასთან არ თანამშრომლობდნენო. მაშინვე აღნიშნა კანცლერმა, ეს ჩვენს ისედაც დაძაბულ ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო შეუშლის ხელსო. ამის დასტურად იმის გახსენებაც საკმარისია, რომ გერმანიამ არადამაკმაყოფილებელი ურთიერთთანამშრომლობის გამო, ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

რუსეთის პოზიცია

გასაკვირი იქნებოდა, რუსეთის სპეცსამსახურებს ან სახელმწიფოს აღნიშნულ მკვლელობაში რამე სახით მონაწილეობის მიღება რომ დაედასტურებინა. მკვლელობის დღიდან მოყოლებული, რუსეთი გადაჭრით უარყოფს რაიმე ფორმით კავშირს აღნიშნულ ამბავთან.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, გერმანიის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს პირველივე დღიდან სპეკულაციას უწოდებდა და გერმანულ მედიას თემის პოლიტიზირებასა და საზოგადოებაში ანტირუსული განწყობის გაღვივებაში ადანაშაულებდა.

დასავლური მედიის პროვოკაციას უწოდებს ინფორმაციას ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის მათთან კავშირზე რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“ ხელმძღვანელი, ვალერი პოპოვი.

ვლადიმერ პუტინმა კი, დეკემბერში, გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზელიმხან ხანგოშვილი ბანდიტად და მკვლელად მოიხსენია და უამრავი ადამიანის დახოცვაში დასდო ბრალი.

ოფიციალური მოსკოვის პოზიციით, იმ შემთხვევაში, თუ ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით გერმანია რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღებას დააპირებს, რუსეთის მხრიდან ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი სანქციები.

ჩეჩნეთის ომში მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილს 23 აგვისტოს, ბერლინში ზურგიდან იარაღით თავში ესროლეს და ადგილზევე მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთ-რუსეთის მეორე ომის მონაწილე იყო და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. რუსეთის მიერ წლების წინ გერმანიისთვის გადაცემულ ტერორისტთა სიაში, ხანგოშვილს ტერორისტის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. ხანგოშვილი წლების წინ, გერმანიაში საქართველოდან ოჯახთან ერთად ჩავიდა და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, იმ მოტივით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button