ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმეზე არშემდგარი თანამშრომლობის გამო გერმანია რუს დიპლომატებს აძევებს

Tags

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა იმის პასუხად, რომ, „მაღალ დონეზე“ და „მრავალჯერ“ დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება სათანადოდ არ ჩაერთო თორნიკე ქავთარაშვილის (ზელიმხან ხანგოშვილის) მკვლელობის გამოძიებაში, რომელიც ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოხდა. 

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ფედერალურმა გენერალურმა პროკურორმა გადაიბარა საქმის გამოძიება იმ საფუძვლით, რომ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ მკვლელობა ან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების, ან რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“. ამის გათვალისწინებით, გერმანიის „ფედერალური მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან სერიოზულ და სწრაფ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

ბერლინში 23 აგვისტოს მოკლული საქართველოს მოქალაქე, პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე და ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტ ასლან მასხადოვის თანამებრძოლი იყო. იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და ომის დროს იყო ერთ-ერთი საველე რაზმის მეთაური. მისი სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც გაისმა, რომლის დროსაც, გერმანული პრესის თანახმად, ხანგოშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობდა.

ბერლინის პოლიციამ მალევე გაავრცელა ინფორმაცია მკვლელის ვინაობის შესახებ. მკვლელი რუსი, 49 წლის ვადიმ სოკოლოვი აღმოჩნდა, რომელიც მკვლელობამდე სულ რამდენიმე დღით ადრე პარიზის გავლით ჩავიდა გერმანიაში.

თუმცა სხვადასხვა დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯუფები, რომლებიც მკვლელობას რუსეთის სპეცსამსახურებს მიაწერენ, მიიჩნევენ, რომ ნამდვილი მკვლელი 1965 წელს დაბადებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელიც სოკოლოვის გვარზე გაცემული პასპორტით გადაადგილდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button