Placeholder canvas
ახალი ამბები

გერმანია აცხადებს, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა რუსეთის მოქალაქეს, რომელიც 2019 წლის აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქის, პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

18 ივნისს, მთავარმა პროკურორმა პიტერ ფრენკმა ვადიმ კრასიკოვს „რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთით“ ხანგოშვილის მკვლელობაში დასდო ბრალი.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ჩეჩენი წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს თბილისში მოკვლის მცდელობას გადაურჩა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთს სანქციების დაკისრებით დაემუქრა.

დეკემბერში, მკვლელობის შემდეგ, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა იმის პასუხად, რომ მათ გამოძიებასთან თანამშრომლობა ვერ მოახერხეს. „არსებობს საკმარისი ნიშნები იმისა, რომ მკვლელობა ან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების, ან რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით განხორციელდა“, – განაცხადა სამინისტრომ. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლმა ყველა ბრალდება უარყო.

საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა „მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ“.

საქართველოს ხელისუფლების „პრორუსულად“ მოხსენიებაზე ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა და მას თბილისში მღელვარება მოჰყვა.

საკითხის კომენტირებისას, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პროკურატურამ შეცდომა დაუშვა, როდესაც არ აღნიშნა, რომ ხსენებული ციტატა ხანგოშვილს ეკუთვნოდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში საელჩომ აღნიშნა, რომ „საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button