skip to content
ახალი ამბები

პუტინი ხანგოშვილზე: გერმანიას „ამ მკვლელის“ გადმოცემის მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ

9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიულ ფორმატში“ საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხა შეკითხვას ბერლინში 2019 წლის აგვისტოს ბოლოს მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმის შესახებ. გერმანიის ხელისუფლებამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალი აღმოაჩინა, გასულ კვირას კი, საქმის გამოძიებაში მოსკოვთან არშემდგარი თანამშრომლობის გამო, ბერლინიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა.

პუტინმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ არაერთი დანაშაულისთვის იძებნებოდა. „ეს ადამიანი სეპარატისტების მხარეს აქტიურ მონაწილეობას იღებდა კავკასიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ის ბოევიკია, თანაც ძალიან სასტიკი და სისხლიანი. მხოლოდ ერთ აქციაში, რომელშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული, 98 ადამიანი მოკლა. ის მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“, – განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ხანგოშვილი „ეროვნებით ქართველი“ არ იყო.

რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი ხანგოშვილის მკვლელობის გარემოებებზეც გააკეთა. „არ ვიცი, მას რა შეემთხვა. საქმე ბანტიდურ გარემოცვას ეხება და იქ ნებისმიერ რამ შეიძლება მოხდეს“, – განმარტა პუტინმა და იქვე გერმანიის ხელისუფლება რუსი დიპლომატების გაძვების გამო გააკრიტიკა.

პუტინმა განაცხადა, რომ „მხოლოდ წინასწარ მოსაზრებებზე დაყრდნობით დიპლომატების გაძევება, რომელთაც ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვთ, არაკორექტულია“. მისივე თქმით, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს და გერმანელ დიპლომატებს გააძევებს. „ამაში, რასაკვირველია, არაფერი კარგი არ არის“, – თქვა მან, თუმცა დასძინა, რომ გერმანია-რუსეთის ურთიერთობებში ამის გამო „რაიმე კრიზისის წარმოქმნას“ არ ელის.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს გერმანელ კოლეგებს საკითხის გარკვევაში დავეხმაროთ“, – თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ „კარგი იქნებოდა მოსკოვს და ბერლინს ეთანამშრომლათ არა მხოლოდ „ასეთ ტრაგიკულ გარემოებებში“, არამედ მანამდეც. „რუსული მხარე გერმანელ კოლეგებთან არაერთხელ აყენებდა საკითხს ამ ბანდიტის, მკვლელის გადმოცემის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა პუტინმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button