რესპუბლიკის ამბები

ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად ბენია ჩხიკვიშვილი დაინიშნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 3 ივლისი, N147

ბათომი

ადმინისტრაციის მოწყობა ბათუმში

მთავრობის მიერ დანიშნულმა ბათომის და მისი ოლქის გენერალ-გუბერნატორის ვალდებულების დროებით აღმასრულებლად, ტფილისის ქალაქის მოურავმა ბ. ჩხიკვიშვილმა საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს, აღნიშნა ბათომის და მისი ოლქის, ადმინისტრაციულად და სახელმწიფოებრივ მოწყობის უახლესი მიზნები. ბათომის და მისი ოლქის საქართველოზე გადმოცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის წინ დგება მიზანი შეუდგეს ოლქში ადმინისტრატიულ და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას. რევოლუციის პირველ დღიდანვე ბათომი იყო ის მოედანი, სადაც თავისუფლად მოქმედებდენ უცხოელი შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია, რომ უკანასკნელ დროს, უკანასკნელი ღებულობდა ზომებს ადმინისტრატიულ აპარატის შესაქმნელად, მაგრამ ისინი მოკლებულნი იყვნენ საშუალებას დაეწყოთ ბათომის ოლქში სახელმწიფოებრივი მშენებლობა. უკანასკნელ დრომდე ბათომი და მისი ოლქი იყო ბუდე, სადაც თავს იყრიდენ საქართველოს რესპუბლიკის და მისი დემოკრატიული წყობილების მტრები.

ეს მტრები ყოველ ზომებს ღებულობდენ, რომ ჩამოეგლიჯათ საქართველოს სხეულიდან მისი ღვიძლი ძმები მუსულმანი – ქართველები. სწორედ ამ ანტისაზოგადოებრივ ელემენტების წყალობით ბათომში სპეკულიაცია საშინლად იზრდება, თუმცა ბათომი ბევრ შემთხვევაში საუკეთესო პირობებში იმყოფებოდა. სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობამ ბათუმსა და მის ოლქში სამხედრო წესები გამოაცხადა და ბათუმის საგენერალგუბერნატორო დააწესა. ბათომის ოლქის ჩვენი ჯარების მიერ დაკავებისთანავე მუსულმან ქართველებმა უნდა იგრძნონ, რომ ისინი მშობლიურ ოჯახში შევიდენ, სადაც არ არის ღვიძლი ძმა და გერი, სადაც ყველა თანასწორია, მიუხედავად სარწმუნოებისა. ეს მშობლიური გრძნობა საქართველოსთან და მის დემოკრატიულ წყობილებასთან ქართველ მუსულმანებში უნდა გაძლიერდეს მას შემდეგ, რაც ბათუმში გატარებული იქნება საჭირო რეფორმები, და როცა ბათომის ოლქში რევოლუციის ყველა მონაპოვარი დამკვიდრდება.

უპირველესად ყოვლისა ყურადღება მიექცევა ოლქში ძლიერ და ელასტიურ ადმინისტრატიულ აპარატის შექმნას. ქალაქში მილიციის მოწყობასთან ერთად, ძალაუფლება მთელ ოლქშიაც მოწყობა. შესაძლებელია რასაკვირველია, რომ ჩვენი ადმინისტრატიული და სახელმწიფოებრივი მუშაობა ზოგიერთ ელემენტების მხრივ დაბრკოლებას შეხვდეს და ასეთ დაბრკოლებას შეუქმნიან მხოლოდ მოსული ელემენტები, რომლებიც არაფრით არ არიან დაკავშირებული ბათომის ოლქთან. ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებიდან ოლქი უნდა გაიწმინდოს. რა თქმა უნდა ლაპარაკიც არ შეიძლება ბათომის ოლქიდან უცხოელთა მასობრივად გადასახლების შესახებ, მაგრამ საქართველოს მტრებს არ ექნებათ ადგილი ბათომსა და მის ოლქში.

კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა არ იქნება დაშვებული. ჩვენი უახლოესი მუშაობა იქნება: ადმინისტრატიულ და სახელმწიფოებრივი მუშაობისათვის საფუძვლის ჩაყრა. ქალაქის თვითმმართველობის მუშაობაში, რა თქმა უნდა, მოწვეული იქნება ადგილობრივი საზოგადოებრივი ძალები.

მსგავსი/Related

Back to top button