ძველი ამბები

9 ივნისი 1920: ოსმა ბოლშევიკებმა ცხინვალი აიღეს, ხულო – პროთურქულმა ბანდებმა

Tags

გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 10 ივნისი, N127

სამხედრო ცნობა

ტფილისი, ივნისის 9.

ცხინვალის მიმართულებით 8 ივნისს მტერმა ისარგებლა რა თავისი მრავალრიცხოვნობით, შემოუარა ორივე ჩვენ ფლანგს, რის შედეგადაც ჩვენი მცირე ნაწილები იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ ცხინვალი.

ხულოში (ბათუმის ოლქში) შემდეგი ამბები მოხდა: ჩვენი მცირერიცხოვანი რაზმი შევავსეთ სათადარიგო ჯარის კაცებით, უმთავრესად გორის მაზრიდან. როდესაც მტერი (ძირითადად ჭვანას ხეობის პროთურქული ბანდები და ყოფილი თურქი ოფიცრები – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა) ხულოში გარს შემოეხვია ჩვენს რაზმს, შესწყდა დამოკიდებულება და სურსათ-სანოვაგის მიწვდენა შეუძლებელი შეიქმნა. ეს რაზმი უსურსათოდ იბრძოდა ხუთის დღის განმავლობაში. კადრის ჯარის კაცები სანაქებოდ იბრძოდენ მაშინ, როდესაც სათადარიგო ჯარის კაცების ერთმა ნაწილმა უარი განაცხადა ბრძოლაზე და ზოგმა მათგანმა თავს იმის ნებაც კი მისცა, რომ ბანდებთან კავშირი დაეჭირა.

 გოდერძის უღელტეხილით ხულოში მისაშველებლად გაგზავნილმა დამხმარე ძალამ, რომელიც უმთავრესად სათადარიგო ჯარებიდან შესდგებოდა ბრძოლის პირველ დღის გასვლისთანავე თავისი ნებით დაიწყეს პოზიციების დატოვება, რის გამოც ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეტოვებია გოდერძის უღელტეხილი. ვინც თავისი მოვალეობა დაივიწყა გადაეცა საგანგებო სასამართლოს. დახვრიტეს 8 კაცი. გასამართლება გრძელდება.

სხვა მიმართულებაზე სიწყნარეა.

1920 წლის მაისში აზერბაიჯანის საზღვარზე საბჭოთა წითელი არმიის შემოტევის მოგერიების შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა. მნიშვნელოვნად იყო შეთხელებული სასაზღვრო რაიონში განლაგებული სამხედრო ნაწილების შემადგენლობა, რითაც ისარგებლეს ცხინვალისა და ჯავის რაიონის ოსმა ბოლშევიკებმა, რომლებმაც ჩრდილოეთ კავკასიაში გამაგრებულ ბოლშევიკებთან კოორდინაციით აჯანყება დაიწყეს. აჯანყებაში საკუთრივ ოსებისა, ქართველი, რუსი და სომეხი ბოლშევიკებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. აჯანყების საწყის ეტაპზე მეამბოხეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს, რადგანაც რესპუბლიკის სამხედრო ხელმძღვანელობა არ ჩქარობდა აზერბაიჯანის ფრონტიდან ჯარისა და გვარდიის მოხსნას.

რაც შეეხება აჭარას, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ოლქი ბრიტანეთის საოკუპაციო სამხედრო ძალებს ეკავათ, 1920 წლის გაზაფხულზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენშტაბმა, ბრიტანელების პროტესტის მიუხედავად მიიღო გადაწყვეტილება ბათუმის ოლქის მაღალმთიან რაიონში გოდერძის უღელტეხილით გადაესროლა მცირე სამხედრო ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილზე სიმშვიდეს და აღკვეთდა პროთურქული ბანდების თარეშს –– რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.

მსგავსი/Related

Back to top button