საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესი დაგმო
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ხორციელდება.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ რუსეთმა დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს საკუთარი [სამხედრო] ძალები და ნება დართოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელ მიწოდებას“ – დაწერა ორტაგუსმა Twitter-ზე 29 მაისს [თბილისის დროით].
The U.S. condemns ongoing "borderization” by Russian-led security forces. We renew our demand that Russia end its occupation of 20 percent of Georgia, fulfill its 2008 commitments, withdraw its forces, and allow unimpeded delivery of international humanitarian assistance. https://t.co/Xdr8v1m2Bq
— Matthew Miller (@StateDeptSpox) May 28, 2020
29 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტომაშ პეტრიჩეკმა განაცხადა, რომ „აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების და ასევე რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რეგიონში სტაბილურობას აფერხებს“.
„სავალალოა, რომ „ბორდერიზაცია“ და სხვა უკანონო ქმედებები კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებშიც გრძელდება“ – დასძინა მან.
მანამდე, 28 მაისს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ „მოჭარბებულ პროვოკაციებზე“, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „ბორდერიზაციის“ გაგრძელებაზე ქართულმა დელეგაციამ ისაუბრა. სხდომაზე ყურადღება ასევე გაამახვილეს „გამშვები პუნქტების დაკეტვის შედეგად [ოკუპირებულ] რეგიონებში წარმოქმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე და ადამიანების გარდაცვალებაზე“.
ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის დელეგაციებმაც დაუჭირეს და ქვეყანაში რუსეთის არალეგალური საქმიანობა დაგმეს.
ეუთოში ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული „ბორდერიზაციის“ პროცესი „სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაციები და ეს უნდა შეწყდეს“.
დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესზე და დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი „ურყევი რჩება“ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერაში.
We call for a halt to construction/reinforcement of structures, fencing, signs, or barriers intended to strengthen or expand the “borderization” of administrative boundary lines. These activities constitute attempts by Moscow to seize #Georgian territory. https://t.co/tVaQHKFcDA pic.twitter.com/sLaVyk3Fqq
— Michael Carpenter, U.S. Ambassador to the OSCE (@USAmbOSCE) May 28, 2020
ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩმა ჯეიმს გილმორმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის „სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „ბორდერიზაციის“ პროცესი საოკუპაციო ხაზთან მდებარე საქართველოს 12 სოფელში მიმდინარეობს“ და „ბორდერიზაციის“ ბოლო ფაქტი ახლახან, 21 მაისს, სოფელ მერეთში, დაფიქსირდა.
ასევე წაიკითხეთ:
- საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბორდერიზაციას“ და რუსულ დეზინფორმაციას გმობს
- აშშ-ის საელჩო „ბორდერიზაციასა“ და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ „დეზინფორმაციაზე“
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)