ახალი ამბები

სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციით დაღუპული ექთნის საქმეზე სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ ცნო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 7 ივლისს განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციის შედეგად გარდაცვლილი ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ამავე კლინიკის ექიმი, ექთანი და რეანიმაციული განყოფილების უმცროსი ექიმი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილის (ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) საფუძველზე. ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ერთს კი 2 წლით და 6 თვით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა. პროკურატურა იტყობინება, რომ „ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა“.

პროკურატურის განცხადებით, სამივე პირმა მოწმის სტატუსით გამოკითხვისას „მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს“.

ბრალდებულებმა გამოკითხვისას განაცხადეს, რომ მეგი ბაქრაძის ჯანმრთველობის მდგომარეობის გაუარესების შემდგომ, იმუნიზაციის ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ მას ადრენალინი გაუკეთა. „თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია“.

2022 წელს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით) ბრალი წარუდგინა. მას დამატებით 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button